საშობაო ნაძვის ხე

იცით, რატომ ვრთავთ საშობაოდ ნაძვის ხეს?

იმიტომ, რომ ნაძვის ხე სიცოცხლის ხეა. ის სულ მწვანითაა შემოსილი, არ ბერდება, არ ჭკნება.

ასევეა ქრისტეც. ის სულ არსებობს, არასოდეს ბერდება, არ იცვლება, ყოველთვის კეთილია და კაცთმოყვარე.

საშობაო ნაძვის ხეს სანთლებით, ტკბილეულით რთავენ და თავზე შობის ვარსკვლავს ადგამენ. ეს ვარსკვლავი იმ უცნაურ ვარსკვლავს განასახიერებს, რომელიც მოგვებს მიუძღოდა ყრმა იესოსთან. სანთლები ქრისტესმიერ ნათელზე მიანიშნებს, ანუ ვინც ქრისტესთან ერთად იცხოვრებს, თვითონაც კეთილი და ნათელი საქმეებით იქნება გამშვენებული. თავად ნაძვი კი, როგორც მარადმწვანე მცენარე, მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა. ქრისტემაც ხომ თავისი განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით დაამარცხა სიკვდილი და ადამიანებს მარადიული სიცოცხლე მიანიჭა.

ასე რომ, ვინც შეეცდება თავისი საქმეებით ქრისტეს მიბაძოს, მისსავე მსგავს მარადიულ, დაუბერებელ სიცოცხლეს მოიპოვებს.

გამოყენებული ლიტერატურა:
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“