|
7 იანვარს, ძველი სტილით 25 დეკემბერს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შობა დგება. მანამდე კი საშობაო ნაძვის ხეს და ჩიჩილაკს მოვრთავთ ბრჭყვიალა სათამაშოებით, ფერადი ნათურებითა და ათასფერა კანფეტებით. რატომ მაინცდამაინც ნაძვის ხეს? ამ ხეზე უმარავი ლეგენდა არსებობს, აი, ზოგიერთი მათგანი: |

ქრისტეს შობამ ძლიერ შეაძრწუნა ისრაელის იმდროინდელი მეფე ჰეროდე, რომელიც უკანონოდ გამეფებულიყო ამ ქვეყანაში. იგი შეშინდა, რომ დაკარგავდა ძალაუფლებას და განიზრახა ზაკვით მოეკლა იესო.
მაშინ უფლის ანგელოზი გამოეცხადა მართალ იოსებს და უბრძანა გაქცეულიყვნენ ეგვიპტეში, რათა გადაერჩინა ღვთაებრივი ყრმა. წმინდა ოჯახი სასწრაფოდ გაუდგა გზას. ამასობაში კი მეფის მხედრები მთელ იუდეაში დაძრწოდნენ და ახალშობილებს ხოცავდნენ. უკვე 14 ათასი ყრმა მოეწყვიტათ. ისინი წმინდა ოჯახსაც წამოეწიენ. ამ დროს ღვთისმშობელი ღვთიური ყრმით ერთი ლიბანის ნაძვის ქვეშ იდგა და შიშით ელოდა, რა მოხდებოდა. უცებ ნაძვი მოიხარა და ქალწული მარიამი ჩვილი იესოთი თავისი ტოტებით დაფარა. მხედრებმა ისინი ვერ შენიშნეს და უკან გაბრუნდნენ.
გადმოცემით, სამადლობლად, მართალმა იოსებმა ლიბანის ნაძვს ტოტები მოურთო. ამბობენ, რომ საშობაოდ ნაძვის ხე ამ შემთხვევის მოსაგონებლად რთავენ.
სანთლებითა და ტკბილეულით მორთულ ნაძვს თავზე შობის ვარსკვლავს ადგამენ. ეს ვარსკვლავი იმ უცნაურ ვარსკვლავს განასახიერებს, რომელიც მოგვებს მიუძღოდა ყრმა იესოსთან. სანთლები ქრისტესმიერ ნათელზე მიანიშნებს. თავად ნაძვი კი, როგორც მარადმწვანე მცენარე, მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა. ქრისტემაც ხომ თავისი განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით დაამარცხა სიკვდილი და ადამიანებს მარადიული სიცოცხლე მიანიჭა.
სხვა გადმოცემით, როდესაც ჰეროდეს მახვილს განრიდებული წმინდა ოჯახი ეგვიპეტში გარბოდა, მათ მეფის მხედრები წამოეწიენ. ფოთოლგაცვენილმა ხეებმა ვერ დამალეს მაცხოვარი, მაშინ ნაძვმა შეიფარა ისინი და თავისი წიწვებით დაფარა. იმ ღამეს ეს ნაძვი ულამაზესი თეთრი ყვავილებით დაიპენტა.
იესო რომ დაიბადა, ყველა ხე მოვიდა მასთან და დაბადების დღე მიულოცა. მათ
საჩუქრებიც მიუტანეს: ვაშლის ხემ - ვაშლი, კაკლის ხემ - კაკალი, ატმის ხემ -
ატამი... ნაძვის ხე კი იდგა შორიახლოს და ადგილიდან არ იძროდა.

- რატომ არ მიდიხარ იესოსთან მისალოცად? - ჰკითხეს მას სხვა ხეებმა.
- მე ხომ ჩხვლეტია წიწვები მაქვს, მეშინია, ყრმას რაიმე არ ვატკინო, - უპასუხა ნაძვის ხემ.
- რა კეთილი ხე ყოფილა! - აღფრთოვანდა ყველა.
ამის გამო იესომ დაასაჩუქრა და მორთო იგი ტკბილეულითა და ფერად-ფერადი სათამაშოებით.