ჭონა და აღდგომის მახარებლები

ძველად, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი ერთად იკრიბებოდა და სოფელში თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და ლოცავდა - ამას ჭონაობას უწოდებდნენ. მეჭონეები საჭონაო საგალობლით ქრისტეს აღდგომას ულოცავდნენ ხალხს.

ჭონაობა ყველა კუთხეში განსხვავებულად იცოდნენ. მესხეთში მეჭონეები სალამურზე უკრავდნენ, სოფლის გოგო-ბიჭები კი ამ დროს ცეკვა-თამაშს, ჭიდაობას მართავდნენ. მეჭონეები ყოველი სახლის წინ ჩერდებოდნენ და მღეროდნენ:

„ჭონას დავალთ მადლობითა, ღმერთი თქვენის წყალობითა,
ლოცვას ღამიან მოისმენთ ქრისტე ღმერთის ბრძანებითა,
ლიტანიას შემოვუვლით სამთელ კელაპტარებითა,
გარდამოხსნას დასცქერიხართ თქვენი კეთილ თვალებითა“.

როცა სიმღერას დაამთავრებდნენ, სახლის ბანიდან თოკით კალათას ჩაუშვებდნენ და ისევ აგრძელებდნენ:

„ალათასა, ბალათასა, ჩამოვკიდავ კალათასა,
ერთი კვერცხი ჩვენ მოგვეცი, ღმერთი მოგვცემს ბარაქასა“.

ამ დროს დიასახლისი კალათაში წითელ კვერცხებს ჩაალაგებდა და მეჭონეებიც სხვა ოჯახის ბანზე გადადიოდნენ. ახლა იქიდან ჩაუშვებდნენ კალათას და ოჯახის უფროსს ასე მიმართავდნენ:

„ჩიტი ღობეზე შემოჯდა, იძახდა ქიშმიშობასა,
ღმერთმა დაგასწროთ აღდგომა ქრისტეშობასაო“.

ადრე რაჭის ერთ-ერთ ეკლესიაში თურმე მას გრძელი მილის ფორმის საკრავი ინახებოდა, რომელიც საკმაოდ მოზრდილი ყოფილა. მასზე ყველა ვერ უკრავდა. შიგ კარგად რომ ჩაებერა, დამკვრელი ძლიერი უნდა ყოფილიყო. საკრავი მეჭონეებს თავიანთი მსვლელობის დროს დაჰქონდათ და თითოეულ ეზოში სიმღერის ნაცვლად მასში სამჯერ ჩაჰბერდნენ. ნასიამოვნები მასპინძელი კი სააღდგომო კვერცხებითა და ტკბილი კვერებით ასაჩუქრებდა.

იმერეთში აღდგომის ღამეს ეკლესიის ზარების რეკვასთან ერთად ბუკის ძახილიც სცოდნიათ. მამლის პირველ ყივილზე ეს ხმა ხალხს წირვაზე დასასწრებად უხმობდა. ამბობენ, რაც არ უნდა შორს სძინებოდა კაცს, აუცილებლად გამოფხიზლდებოდა და მამლის მესამე ყივილზე უკვე ტაძარში მიდიოდა.

სამეგრელოში სააღდგომო წირვა შუაღამით იწყებოდა. ტაძარი ხალხით ივსებოდა და ყველგან უამრავი სანთელი ენთო. ბოლოს „ქრისტე აღდგას“ გალობით ყველანი შინ ბრუნდებოდნენ.

მეჭონეების ხელცარიელი გაშვება ცუდის ნიშანი იყო. ყველა ცდილობდა, მახარობლები დაესაჩუქრებინა, ზოგი ტკბილეულითა და კვერებით უმასპინძლდებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად მათ წითელი კვერცხი უგროვდებოდათ. შემდეგ ერთად იკრიბებოდნენ, შეგროვილი სანოვაგით ილხენდნენ და ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ულოცავდნენ.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№4. 2003წ. 25 აპრილი