
შობა ყველასათვის დიდი სიხარულია. ამ დღეს ეკლესიაში ლოცვის დამთავრების შემდეგ მრევლი სოფლებისა და ქალაქების ქუჩებში გამოდიან. მათ შორის ბევრი ბავშვია. ყველანი გალობენ საშობაო საგალობლებს: „ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო...“ ადამიანები ერთმანეთს ულოცავენ დღესასწაულს. ამას ალილო ეწოდება. ალილოს მონაწილეების გამოჩენა ყველას ახარებს. იმ სახლებიდან, სადაც ალილო ჩაივლის, გამოაქვთ ხილი, ჩურჩხელები, ტკბილეული, ზოგჯერ სხვადასხვა საჩუქრები და ტანსაცმელი... ეს ყველაფერი მღვდლებსა და სხვა მორწმუნე ადამიანებს იმათთან მიაქვთ, ვისაც შობა-ახალ წელს ან ცოტა აქვს საჭმელ-სასმელი ან სულაც არაფერი გააჩნია. მათ შორის ბევრი თქვენი თანატოლია, რომელთაც მშობლები არა ჰყავთ. უამრავი ბავშვი ვიცი, ვინც სიამოვნებით იმეტებს თავისი სათამაშოებიდან ან სხვა ნივთებიდან რამდენიმეს ობოლი პატარებისათვის. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც არ სჭირდება ამდენი სათამაშო ან ტანსაცმელი, მაგრამ მაინც ყველაფერი თავისთვის უნდა.
თქვენ რომელს უფრო ჰგავხართ?
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№1(17). 2004წ. 1 იანვარი