
ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში დაცულია მრავალი ქრისტიანული სიწმინდე, რომელთა შეგროვებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის სამეგრელოს მთავრების - დადიანების გვარს. ყველაზე გამორჩეული სიწმინდეა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც 1923-1936 წლებში ხობის მონასტრიდან წამოიღეს. თავის დროზე ღვთისმშობლის კვართი დეკორით ყოფილა შემკული, მაგრამ დროთა განმავლობაში საღებავი გადასულა და ახლა ის ტილოს წააგავს. ღვთისმშობლის კვართს ერთი თანამედროვე სასწაული უკავშირდება: მას გადაუღეს ფირი, რომელზეც გამოჩნდა მაცხოვრის ხელთუქმნელი გამოსახულება, თუმცა შეუიარაღებელი თვალით არ ჩანდა.
ამავე მუზეუმში დაცულია წმინდა მარინეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელი, წმინდა გიორგისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის ძვლების ნაწილები. წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის ყუთში, რომელიც შემკულია ძვირფასი თვლებითა და ღვთისმშობლის გამოსახულებით. მას ამშვენებს წარწერა, საიდანაც ვგებულობთ, რომ ის შეუმკვია ლევან II დადიანს.
არსებობს ამ სიწმინდეების საქართველოში მოხვედრის სხვადასხვა მოსაზრება. ერთი ვარაუდით, ეს სიწმინდეები მე-8 საუკუნეში ჩამოაბრძანეს კონსტანტინეპოლიდან; ხოლო მეორე ვერსიით, მე-15 საუკუნეში, როცა კონსტანტინეპოლი თურქებმა აიღეს.