![]()
ერთხელ წმინდა მამა დავით გარეჯელი იერუსალიმის მოსალოცად გაეშურა, მაგრამ როცა ქალაქს მიუახლოვდა, თავი წმიდა ქალაქში შესვლის ღირსად არ ჩათვალა, მხოლოდ შორიდან ხილვით დაკმაყოფილდა, კარიბჭესთან დადგა და მხურვალე ლოცვას შეუდგა. წამოსვლისას სამი ქვა აიღო და საქართველოსკენ გამოეშურა. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: იერუსალიმის მოსალოცად ღვთის მონა დავითი მოვიდა და სარწმუნოებით მთელი იერუსალიმის მადლი მიაქვს. დააწიე მდევარნი და სამი ქვიდან ორი დაიტოვე, ერთი კი გაატანე, თუ არ გინდა, რომ ქალაქი სრულიად განიძარცვოს მადლისგანო. იერუსალიმის პატრიარქს მაშინვე გამოეღვიძა და ანგელოზის ბრძანებული აღასრულა. მამა დავითმა ორი ქვა პატრიარქს დაუტოვა, ერთი კი გარეჯის უდაბნოში ჩამოიტანა. ეს ქვა დღეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია და კურნების სასწაულებრივი მადლითაა აღვსილი.