წმინდა ნინოს ჯვარი ვაზისა

ერთხელ წმინდა ნინომ აღმზრდელისაგან მოისმინა, უფლის კვართი ჩრდილოეთის ერთ წარმართულ ქვეყანაშია დასვენებულიო. ძალიან დასწყდა გული, რომ ხალხი, რომელსაც ასეთი სიწმინდე ეპყრა, ჯერ კიდევ წარმართობის წყვდიადში რჩებოდა. იგი ევედრებოდა ღმერთს, გაენათლებინა ქართველები.

ერთხელ, როდესაც წმიდა ნინო ღვთისმშობლის ხატთან ლოცულობდა, ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: „აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი სიმხნით და უშიშად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე“. შეძრწუნებულმა წმიდანმა მიუგო: „დედოფალო, როგორ შევძლებ ამას სუსტი და უსწავლელი დედაკაცი? მაშინ ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის რტო, რომლისგანაც ჯვარი შექმნა, მისცა და უთხრა: „ამით დაძლევ ეშმაკის ყველა მანქანებასა და წარმართავ ქადაგებას, ხოლო მე შეგეწევი და არ დაგტოვებ“.

ჩვენების შემდგომ წმიდა ნინომ იხილა, რომ ხელში ვაზის ჯვარი ეპყრა. მან პატრიარქს მოუთხრო ყოველივე და ამ სასწაულის ნიშანი - ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ჯვარი აჩვენა. პატრიარქმა დალოცა მოციქულთასწორი და საქართველოში წამოსვლაზე აკურთხა. მართლაც, მრავალი განსაცდელის გადატანის შემდეგ წმინდა ქალწული საქართველოში ჩამოვიდა და ვაზის ჯვრის ძალით უამრავი სასწაული მოახდინა. მან უკურნებელი სენისაგან განკურნა დედოფალი ნანაც, რომელსაც ამ სასწაულმა თვალი აღუხილა და აღიარა ყოვლადწმიდა სამება ჭეშმარიტ ღმერთად.

ერთი პერიოდი წმინდა ნინოს ჯვარი ჯერ სომხეთში, მერე კი რუსეთში იმყოფებოდა. ქართველ მოღვაწეთა დიდი ძალისხმევით მოხერხდა მისი სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტყვეობაში ჯვარს ორივე ფრთდა დაშვებოდა. დღესდღეობით წმინდა ნინოს ჯვარი თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ასვენია.