ბავშვის ხსნა

ერთხელ ერთი მეისრე საფოსტო მატარებლის დასახვედრად ლიანდაგზე გამოვიდა, რათა ისარი გადაეწია და მატარებელი ცარიელ ლიანდაგზე გაეშვა. ჰორიზონტზე უკვე გამოჩნდა მატარებელი და საყვირის ხმაც გაისმა. მეისრემ უკან მოიხედა და დაინახა, რომ ორთქმავლის საპირისპიროდ ლიანდაგზე მისი სამი წლის ბიჭუნა მორბოდა, თან ხელში რაღაც ეჭირა. მეისრე დაიბნა, არ იცოდა, რა ექნა; შვილის საშველად რომ გაქცეულიყო, ისრის გაწევას ვეღარ მოახერხებდა, მატარებელი უკვე დაკავებულ ლიანდაგზე შევარდებოდა და კატასტროფა მოხდებოდა. ისარი რომ გადაეწია, შვილს ვეღარ მიუსწრებდა. ამ მდგომარეობაში მყოფმა ღმერთს მთელი ხმით შეჰღაღადა: „იყოს ნება შენი“ - და ისარი გადაწია. ერთი წამის შემდეგ მატარებელი უკვე იმ ლიანდაგზე მიქროდა, სადაც მისი ბიჭუნა გარბოდა.

როდესაც მატარებელი თვალს მიეფარა და მტვერიც გაიფანტა, მეისრე იმ ადგილისაკენ გაიქცა, სადაც შვილის მკვდარი სხეული ეგულებოდა. მაგრამ, მისდა გასაოცრად, დაინახა, რომ ბავშვი ცოცხალი იყო და გულხელდაკრეფილი მიწაზე იწვა.

- შვილო, ცოცხალი ხარ? - იყვირა საბრალო კაცმა.

- ცოცხალი ვარ, მამიკო, ცოცხალი, - უპასუხა ბიჭუნამ, თან გულში ყვავის ბახალას იხუტებდა. მის თვალებში შიშის ნასახიც არ ჩანდა.

- როგორ მიხვდი, რომ მიწაზე უნდა დაწოლილიყავი? - ჰკითხა მამამ.

- ვიღაც კეთილი ფრთებშესხმული ჭაბუკი დაეშვა ჩემს თავზე და მიწაზე დამაწვინა, - თქვა ბავშვმა.

მეისრე მიხვდა, რომ როცა მან ღმერთს საშველად მოუხმო, ღვთის ანგელოზმა მისი შვილი სასწაულებრივად იხსნა.

მოამზადა ხათუნა რაქვიაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№19(35) 2004 წ. 19 ნოემბერი