ხდება ხოლმე, რომ 7-8 წლის ბავშვები, ჩემთან პირველ აღსარებაზე მოსულნი, ცოდვათა მთელ ნუსხას ჩამომითვლიან ხოლმე. მე ვუსმენ, მერე კი, ჩვეულებისამებრ, ვეკითხები:
- მითხარი, შენ ყოველივე ამაში თავს დამნაშავედ გრძნობ, თუ მხოლოდ იმას იმეორებ, რაშიც მშობლები გდებენ ბრალს?
- არა, დედამ მითხრა, რომ ასე უნდა ვაღიარო ცოდვები, რადგან, როცა ოჯახის მყუდროებას ვარღვევ, ჩემი საქციელი მის გულისწყრომას იწვევს.
- მოდი, ამას თავი დავანებოთ, მთავარი სულ სხვა რამაა. შენ აქ იმისთვის ხომ არ მოსულხარ, ის მიამბო, დედ-მამას როგორ აბრაზებ. ერთი ეს მითხარი, გსმენია რაიმე ქრისტეს შესახებ?
- დიახ.
- წაგიკითხავს სახარება?
- დედა და ბებია მიამბობენ ხოლმე: რაღაც მეც წამიკითხავს და ტაძარშიც მომისმენია.
- მითხარი, მოგწონს ქრისტე?
- დიახ.
- ისურვებდი მასთან მეგობრობას?
- რა თქმა უნდა.
- იცი კი, რას ნიშნავს მეგობრობა?
- დიახ, ეს ნიშნავს - იყო მეგობარი.
- მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მეგობარი ის ადამიანია, ვინც მეგობრის ერთგული რჩება ცხოვრების ნებისმიერ ვითარებაში, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეგობარს იმედი არ გაუცრუოს, არ მოატყუოს და ბოლომდე მასთან დარჩეს, მაშინაც კი, როდესაც სხვები მას ზურგს შეაქცევენ. მეგობარი ის ადამიანია, ვინც ბოლომდე თავისი მეგობრის ერთგული რჩება. ახლა წარმოიდგინე: ხარ სკოლაში, ქრისტე რომ ჩვეულებრივი ბიჭი იყოს და მთელი კლასი მის წინააღმდეგ ამხედრდეს, შენ რას იზამდი? გამოიჩენდი იმდენ ერთგულებასა და გამბედაობას, რომ მას გვერდში ამოდგომოდი და გეთქვა: თუ ამის ცემას აპირებთ, მეც მცემეთ, მეც მასთან ვარ? თუ შენ მზად ხარ, იყო ასეთი მეგობარი, მაშინ შეგიძლია თქვა: დიახ, მე ქრისტეს მეგობარი ვარ და მაშინ უკვე სულ სხვა კითხვებს დაუსვამ თავს აღსარების წინ. იკითხე სახარება! ამ წიგნიდან შეიტყობ, თუ როგორ უნდა იცხოვრო, რომ ქრისტე შენით გაახარო. იგი მაშინ გაიხარებს, თუ დაინახავს, მისი მეგობრობისათვის სულ სხვა ადამიანად რომ იქეცი.