ხარაზიყველა იცნობდა ხარაზ პაპუნას. ბატონთანაც რამდენჯერმე პირდაპირ ელაპარაკნა. პაპუნა არ იყო ღარიბი. იმისი სახლი იდგა ხარაზხანის ბოლოში. ქუჩის პირის ოთახი დუქნადა ჰქონდა მოწყობილი; მეორე ოთახში სცხოვრობდა. დუქნიდან კარგადა სჩანს გამვლელ-გამომვლელი. პაპუნა ბევრს მარტო ფეხებში შეხედვითაც იცნობდა, რადგან ყველას ფეხთსაცმელი სჭეროდა ხელში: ზოგისთვის წაღის წვერი წაეცვალა, ზოგისთვის ძირი გამოეცვალნა, ზოგისთვის ახალი შეეკერნა. ბევრი მუშტარი ჰყვანდა. მკვიდრი საქმე იცოდა, მასალას კარგს ახმარებდა. მეტის თხოვნა და ჩინჩი არ უყვარდა. თუ ვადაზედ ვერ მოასწრობდა, ხელს არ მოჰკიდებდა საქმეს. მუშტარიც ამისთვისაც ეტანებოდა.
ჯერ ისევ შუახნის კაცი იყო, როდესაც ცოლი მოუკვდა. სამი წლის ვაჟი დარჩა. პაპუნამ ჯერ დაპირა თავისი დათიკო სიდედრთან გაეგზავნა, იქ შეენახა, მაგრამ, ვეღარ გაიმეტა, თავისთანვე დატოვა. მალხაზი და აზრიანი ბავშვი დადგა; მალე მიხვდა ხელობას, ცდილობდა შეჰშველებოდა მამას. პაპუნას თვალის ჩინს ერჩივნა თავისი ვაჟი. მაგრამ რა! უბედური მამა იყო ის. ყმაწვილი ერთხელ გაცივდა, ცოტა ხანს იავადმყოფა და მოკვდა.
მის სიკვდილის შემდეგ პაპუნას ძლიერ დარია ხელი დარდმა: შეწუხდა, ჩაეთუთქა გული; სიცოცხლე მოსძაგდა.
ერთხელ პაპუნას ესტუმრა ნაცნობი ბერი. შესჩივლა მან ბერს თავისი დარდი.
- მე, მამაო, სიკვდილსა ვნატრობ; რა სიცოცხლეა იმედგადაწყვეტილი კაცის სიცოცხლე! - ეუბნებოდა პაპუნა.
ბერმა გულმოდგინედ მოისმინა მოხუცის სიტყვები და ანუგეშა:
- ჭეშმარიტად ძნელი განსაცდელი მოგივლინა ღმერთმა, მაგრამ მაინც ეგრე არ უნდა იბოროტებდე თავს, არ უნდა ეძლეოდე იუმედობას. საქმე ჩვენს სურვილებზედ და ნებაზედ ხომ არ არის დამოკიდებული: ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჰსურს უფალსა. იმისი ნება ყოფილა, შენი შვილი მომკვდარიყო, შენ კი ცოცხალი დარჩენილიყავ. დიდება მის სამართალს! შენ იმისთვის სწუხარ ეგრე, რომ მარტო შენის სიამოვნებისთვის გდომებია ცხოვრება.
- მართალსა ბრძანებ, - მიუგო ხარაზმა, - მინდოდა მეც მესიამოვნა რამე წუთის სოფელში, დამფასებოდა ამაგი, ცხოვრება დამეცარა, იმედი გამიცრუვდა და ან ვისთვის, ან რიღასთვის მინდა სიცოცხლე...
- კაცმა მარტო თავის სიამოვნებისთვის კი არა, ღვთისათვის უნდა იცხოვროს: იმას მოუცია ჩვენთვის სიცოცხლე, იმასვე უნდა შევსწიროთ. თუ ღვთისთვის ცხოვრებას დაიწყებ, ეგრე აღარ იწუხებ: ის შეგეწევა და მოგეშვება გულიდან სევდა.
- ღვთისათვის?! მერმე როგორ უნდა ვიცხოვრო ღვთისათვის?
- უფალმა გვასწავლა, როგორ უნდა ვიცხოვროთ ღვთისათვის. კითხვა ხომ იცი? იყიდე სახარება და იკითხე. იმაში სწერია ყველაფერი.
პაპუნას მოეწონა ბერის სიტყვები. იშოვა სახარება და დაიწყო კითხვა. ჯერ ფიქრობდა, მარტო კვირა-უქმე დღეს ვიკითხამო, მაგრამ წიგნმა ისე მიიტაცა, რომ ყოველდღე დაიწყო კითხვა, ხან ისე გაერთობოდა, ჭრაქში ქონი ამოიწვებოდა და იმას კი წიგნისათვის თავი ვერ დაენებებინა. რამდენიც უფრო მეტს კითხულობდა, იმდენი უფრო ნათლად ხედავდა, რას თხოულობდა უფალი და როგორ უნდა ეცხოვრა ღვთისათვის. დარდი თანდისთან უქარწყლდებოდა. წინად სულ გმინავდა, ოხრავდა და თავის დათიკას იგონებდა. ეხლა ისე აღარ შფოთავდა. მალ-მალ იტყოდა: დიდება შენდა, უფალო, აღსრულდეს ნება შენი!
პაპუნას ცხოვრება შეიცვალა. წინათ კვირა-უქმე დღეს ქეიფშიაც ატარებდა. თუ ან ვისიმე დუქანში კარგ ღვინოს შეაგულებდა, ან ურმით გასაყიდად ჩამოტანილი ღვინო მოეწონებოდა, დაუძახებდა მეგობრებს და დაალევინებდა. შეზარხოშებული პაპუნა აღარც ფრთხილობდა: ყვიროდა, ჩხუბობდა, დასცინოდა ხალხს, ეხლა ამეებს თავი დაანება; წყნარად დაიწყო ცხოვრება: ადრიანად შეუდგებოდა მუშაობას. როცა მუშაობით დაიღლებოდა, სახარებას მოჰკიდებდა ხელს.
პაპუნას ერთხელ ძილი გაუკრთა. მამლებმაც იყივლეს, ის ისევ სახარებას კითხულობდა, წაიკითხა: „როგორც გსურთ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ისე მოექეცით იმათ“. ამ სიტყვებს ჩაუფიქრდა, კიდევ ქვეით: „რად მეძახით: უფალო, უფალო! და არ ასრულებთ, რასაც გიბრძანებთ? ის, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს იმათ, ჰგავს იმ კაცსა, რომელმაც ღრმად ამოიღო თხრილი და სახლის საძირკველი ამოჩენილ კლდეზედ დაამყარა; მოვარდა წყალი, მიაწვა სახლს, მაგრამ ვერ შეძრა. ის კი, ვისაც ესმის ჩემი სიტყვები, მაგრამ არ ასრულებს, ემსგავსება იმ კაცს, რომელმაც უსაძირკვლოდ ააშენა სახლი: მოვარდა ღვარი და დაანგრია“.
- ნეტა ჩემი სულიერი სახლი საძირკველით არის აშენებული, თუ უსაძირკვლოდ, - ფიქრობდა მოხუცი, - კარგი, თუ საძირკველზედა სდგას! ვგონებ ეხლა ისე ვცხოვრობ, როგორც უფალი ბრძანებს. მაგრამ რა! ისევ გავერთობი, დავივიწყებ ბრძანებას და შევსცოდავ... მაინც ვეცდები.
უნდოდა დაწოლილიყო, მაგრამ ვერ დასთმო წიგნი. ჩაიკითხა: „მდიდარს ეწვია უფალი და ის შესაფერად არ დაუხვდა, მეძავმა დედაკაცმა კი ნელსაცხებელი სცხო ფერხთა მისთა, ცრემლით დაალტო და მიიღო შენდობა. მიიხედა იესომ დედაკაცისაკენ და უთხრა ფარისეველს: ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და შენ წყალი არ მომეცი ფერხთ დასაბანად, ამან ჯუ ცრემლით დამბანა ფეხი და თავის თმით შემიმშრალა; შენ კი არ მეამბორე, ეს კი განუწყეტლად ემთხვევა ფერხთა ჩემთა; შენ ზეთი არ მცხე თავზედ, ამან კი ძვირფასი ნელსაცხებელი მცხო ფერხზედ“.
პაპუნა გულში იმეორებდა: „წყალი არ მომეცი, არ მეამბორე, ზეთი არა მცხე“. ჩაფიქრდა. ეტყობა, - ფიქრობდა ის, - ის ფარისეველი მე მგვანებია. მეც ხომ მარტო ჩემს თავზედ ვფიქრობ: ოღონდ კი სასმელ-საჭმელი ვიშოვო, არ შემცივდეს, არ მეწყინოს რა და სხვის დარდი ვისა აქვს! ფარისეველსაც მარტო თავის თავი ახსოვდა, სტუმარზედ კი არა ზრუნავდა. მერე ვინ იყო ის სტუმარი? - თვითონ უფალი, ნუთუ მეც ისე გულგრილად დავხვდებოდი იესოს, ჩემთან რომ მობრძ჻ნებულიყო? - არა! მე ფიანდაზად გავეშლებოდი იმას.
ამგვარ ფიქრებში იყო გართობილი პაპუნა და ჩასთვლიმა.
- პაპუნავ! - გაიშრიალა იმის ყურთან.
მოხუცი შეკრთა, დაიძახა: - ვინა ხარ? - მობრუნდა, შეხედა კარებს, მაგრამ ვერავინა ნახა, ძილმა ისევ თავი წაართო.
- ჰა, პაპუნავ! ხვალ გეწვევი, - შემოესმა ცხადად.
შეკრთა, მოიფშვნიტა თვალები, გადმოვიდა ტახტიდან. ვერ მიმხვდარიყო, მოლანდება იყო თუ ნამდვილად შემოესმა ხმა. გააქრო ჭრაქი, დაიძინა.
ადრე გაეღვიძა პაპუნას. წამოდგა, დაიბანა პირი, ახსენა ღმერთი, მიდგა ბუხარში ქოთნით ლობიო, დანაყრდა და ჩაუჯდა სამუშაოს.
მუშაობს, ხმა კი ისევ ყურებში უჟღრიალებს. ხანა ჰგონია, მოელანდა ხმა, ხან დარწმუნებულია, ცხადლივ გაიგონა, მუშაობს, თან გამვლელ-გამომვლელს ათვალიერებს: უნებლიერთ ვიღაცას ელის. გაიარა ხირსელაანთ ზაქარამ. აგერ ყასაბი გიქო, აგერ ვახვახიშვილის მზარეული. პაპუნა ამათ ყველას კარგად იცნობს: იმისი მუშტრები არიან ესენი. ქუჩის თავში გამოჩნდა დათიაც. მოხუცს კოკა მოეკიდა და მოდიოდა. დათიას სამადლოდ ინახავდა პეტრე დეკანოზი, ის მაინც ცდილობდა ხელი გაეძრა და მუქთი მჭამელი არ ყოფილიყო.
- დარდმა გამომაყრუა: დათია მოდის წყაროდან, მე კი მგონია ქრისტე მოდის ჩემთან, - წაიბუტბუტა პაპუნამ და ჟინიანად დაუწყო ტყავს მშტათი სწორება. გულმა მაინც ვერ გაუძლო, ისევ გაიხედა; დათიას კოკა დაედგა და ისვენებდა.
- ჯანგატეხილია, სად შეუძლიან კოკების ზიდვა? მოდი არაყს დავალევინებ და გავთბობ, - იფიქრა პაპუნამ და შეიწვია ბერიკაცი.
- ქრისტემ გაკურთხოს, ხელები დამაძრა, - მიუგო დათიამ; მიაყუდა კოკა და შევიდა. უნდოდა კარებში თოვლიანი ჩუსტები დაებერტყნა, მაგრამ წაბარბაცდა.
- მე გაგიწმენდ ჩუსტებს, ჩვენი ხელობაა ეს, - უთხრა პაპუნამ და გაუწმინდა ფეხსაცმელი, მიიწვია ბუხართან, დაუსხა არაყი და მიართო პური. პაპუნა მაინც მალ-მალ ქუჩისკენ იხედებოდა.
- ელი ვისმე, პაპუნი? - ჰკითხა სტუმარმა.
- ველი? არ ვიცი რა გითხრა, ლოდინით არავის ველი, მაგრამ წუხანდელი ხმა ვერ დამივიწყნია. სახარებას ვკითხულობდი; წავიკითხე ქრისტეს ამბავი. შენც ხომ გაგიგონია ეს?
- გაგონებით კი გამიგონოა, მაგრამ რა! უცოდინრები ვართ, კითხვა არ ვიცი და წერა.
იმაზედ ვკითხულობდი, როგორ სცხოვრობდა ქრისტე ქვეყანაზედ. ერთხელ ფარისეველს ეწვივა, ის კი შესაფერისად არ დაუხვდა. წავიკითხე ეს და ვთქვი: დახე! უფალი არ მიუღია წესიერად! მე რომ მწვევოდა, ტავსაც ვანაცვალებდი. ამ ფიქრებში ვიყავი და ჩამთვლემოდა. შემომესმა: ხვალ მოვალ შენთანაო! ეს ჩამრჩა გულში და ეხლა იესოს ველი.
- დიდება იმის სახელს! - სთქვა გაკვირვებულმა დათიამ.
- მიირთვი, - შეაპატიჟა მასპინძელმა და განაგრძო: - ქრისტე რომ ქვეყანაზედ დაბრძანდებოდა, არავისთან არ უკადრისობდა; მდაბიო ხალხი უფრო ებრალებოდა, იმასთან უფრო ჰქონდა ერთობა; მოციქულებიც ჩვენისთანებისაგან აირჩია.
დათიას პაპუნას სიტყვები მალამოსავით ჰხვდებოდა გულზედ; შესცქეროდა პირში და ცრემლები ჩამოსდიოდა. გულჩვილი იყო დათია.
- მადლობელი ვარ, ჩემო პაპუნი, პური ხომ ვჭამე და გავთბი და შენმა ლაპარაკმა სულიც დამიტკბო, - მიუგო დათიამ და გამოეთხოვა.
წავიდა დათია. პაპუნა ჩაუჯდა საქმეს. მუშაობს, თან ისევ ქრისტეს ელის.
გაიარა ზურაბ მოურავმა. უკან გლეხი მისდევდა. პირველს მაღალყელიანი ჩექმები ეცვა, მერეს ქალამნები. გაიარა სირაჯმა მელქომ ჭვინტიანი წაღებით. აგერ მენახშირეც თავის ჯორებით; თოქმაჩი დარჩო ევაჭრება იმას. დუქანს დაუპირდაპირდა ძონძებში გახვეული ვიღაცა დედაკაცი. ერთი ბავშვი ხელში ჰყვანდა, მეორე უკან მოსდევდა. დედაკაცი შედგა დუქანთან ყუდროში და დაუწყო ბავშვს ძონძებში ხვევნა. ყმაწვილი ტუროდა, ძუძუს აღარ იდებდა.
- რასა დგეხარ მაგ სიცივეში? შემოეფარე, გაათბე და დააჩუმე ეგ ბავშვი, - დაუძახა მოხუცმა დედაკაცს.
დედაკაცი შეკრთა, მაგრამ, როცა ნახა, იმას იწვევდა მოხუცი, მოიტხოვა ბოდიში და შევიდა.
- ბუხართან დაჯექი, გათბი და ძუძუ მიეცი.
- ეჰ, მამავ, დარდით რძეც კი გამიშრა, - მიუგო დედაკცმა და მაინც ჩაუდო ყმაწვილს ძუძუ.
დედაკაცს სახეზედ სიმწარე აღბეჭდოდა. მორღვეულ თვალებში ხან შიში, ხან სევდა, ხან სიმკაცრე ეხატებოდა.
პაპუნამ ამოიღო პური, დაასხა შეჭამანდი და მიართო დედაკაცს.
- მიირთვი, შვილო!
დედაკაცი ბოდიშობდა, მადლობას ეუბნებოდა. მეორე ყმაწვილი კი მაშინვე გულმოდგინედ შეუდგა თავის საქმეს.
დედაკაცმა სული რომ მოითქვა, მოჰყვა ამბავს:
- უღელაანთ სესიკას ქვრივი გახლავარ. შარშან კაცი ლეკებმა მომიკლეს. დამრჩა ეს ობლები. დავრჩი საცოდავად, ბატონის მოურავმა, ჩემი ცოდვით სავსემ, ჯერ ოჯახი დამინიავა: შენ ქმარს ეს ემართა, ის ემართაო; ახლა გუშინ მოვიდა და მითხრა: ბატონი შენს ბახჩას და საბძელ-კალოს ტეტიას აძლევსო. შენ მაინც რაღად გინდა ესენიო. რათა, შენი ჭირიმე? ქვეყანაა და სამართალი! ამათმა მამამ მტერს შეაკლა თავი, სჯულისთვის სისხლი დაღვარა და განა იმის ობლებს თავიანთი ბინა უნდა წაართონ?! წავედი, შევეხვეწე ქალბატონს, ბატონიც ვინახულე, მაგრამ აღარც იმ უკაცურებმა გამიკითხეს: მოურავის სიტყვა ბეჭედია იმათთვის და ის უღმერთო კი სისხლს მიშრობს.
პაპუნამ ამოიღო შალი, მისცა.
- აჰა, შვილო, ყმაწვილს მაინც მოათბობს.
დედაკაცს ცრემლები მოერია.
- ღვთისმშობელმა დედამ დაგლოცოს, მამავ; ეტყობა განგებამ მომივყანა შენს კარებზედ, - ეუბნებოდა ის პაპუნას.
- იქნებ ეგრეც იყოს, - მიუგო პაპუნამ.
დედაკაცმა გამოიხვია ბავშვი შალში, მოჰკიდა მეორეს ხელი და წავიდა.
დაღამდა. ხარაზმა დაკეტა დუქანი, აანთო ჭრაქი და ისევ მუშაობა დაიწყო: საჩქარო საქმე იყო. გაათავა, წაღები გადაატრიალ-გადმოატრიალა, შეხედა გამოცდილის თვალით და მოეწონა. მიალაგა იარაღი, გაიტანა ჭრაქი ოთახში და დაუწყო სახარებას კითხვა. იწყო მთქნარება; თვალები ებლიტებოდა. უეცრად ფეხის ხმა შემოესმა: ზურგთ უკან თითქო ვიღაცა იძროდა. მიიხედა, ბნელ კუთხეში მართლა ვიღაცები იდგნენ ჩრდილებივით. შეკრთა.
- პაპუნავ! ვეღარ მიცანი? - მოესმა ხმა.
- ვინა ხარ!
- მე ვარ, მე! - მოისმა ხმა და გამოერჩია ჩრდილებიდგან დათია. გაუღიმა პაპუნას, მერმე ნელ-ნელა მიეფარა და გაქრა ნისლივით.
- ვერც მე მიცანი, - შემოესმა კიდევ და ბნელი კუთხიდან წამოდგა წინ დედაკაცი ყმაწვილებით. დედაკაცმა გაუღიმა მოხუცს, ბავშვებმა შესცინეს იმას და გაქრნენ.
პაპუნამ სიხარული იგრძნო, ნათელი მოეფინა იმის გულს, წამოდგა, მოიფშვნიტა თვალები; ოთახში აღარავინ არა სჩანდა. გადაშალა სახარება საცა მოჰხვდა და წაიკითხა: „რამეთუ მშიოდა და მაჭამეთ მე, მწყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე, შიშველი ვიყავ და შემმოსეთ მე, სნეული ვიყავ და მომხედეთ მე“.
ახლა კი მიჰხვდა პაპუნა, რომ არ მოატყუა ის ზეგარდმო ხმამ, რომ თვითონ მაცხოვარი ესტუმრა იმას შეჭირვებულების სახით.
1888