დუტუ მეგრელი

მხიარული სამხარი

სოფელ კატინეთის პაწაწა ეკლესიაში გათავდა შობის გრძელი წირვა. ხალხი მხიარული დაეშვა თავიანთი სახლებისაკენ.

- პა! პა! პა! რაცა ღორი დაიხოცებოდა დღეს! - წამოიძახა სიცილით ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა და გადახედა მეორეს.

- აბა! - მიუგო ამხანაგმა.

- თქვენ რომელი ღორი დაჰკალით დღეს? - ჰკითხა პატარა ბიჭმა პატარა გოგოს, რომელიც გვერდით მოჰყვებოდა.

- დიდი ჭრელი ღორი რომ გვყავდა, - მიუგო გოგომ.

- ჩვენ ჩვენი ტახი დავკალით, - სთქვა მეორე ბიჭმა, რომელიც მოეწია მოსაუბრეთ, - ორი თვეა, რაც ვასუქებთ.

- თქვენ რა დაჰკალით, თემუ? - ჰკითხა პირველმა ბიჭმა პაწაწა ბავშვს, რომელიც ცოტა მოშორებით მოდიოდა თავჩაღუნული. მისი ჩამოკონკილი ტანსაცმელი და დაგლეჯილი ქალამნები ამტკიცებდნენ, რომ თემუ ღარიბი დედ-მამის შვილი უნდა ყოფილიყო.

- ჩვენ ჩვენი მამალი დავკალით, ძლივს სთქვა თემუმ. ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს.

- იმდენ სულს ერთი მამალი რას გიზამთ? - უთხრა მეორე ბიჭმა.

- ღორი არ გვყავდა, - დაიწყო თემუმ.

- რატომ არ იყიდეთ მერე? - გააწყვეტინა პატარა გოგომ.

- არ ვიცი, ალბათ ფული არ ექნება ბაბუას, - სთქვა თემუმ.

ამ დროს სხვა ბავშვებიც მოვიდნენ და ყველამ გულმტკივნეულად შეხედა თემუს, როცა შეიტყვეს, რომ მის სახლში დღეს მხოლოდ მამალი დაუკლავთ.

- ბიჭებო, - დაიძახა პირველმა ბიჭმა, როცა სოფელს მიუახლოვდნენ, - ნასადილევს სათამაშოდ გამოვიდეთ, თითო ნაჭერი ღორის ხორცი წამოვუღოთ თემუს!

- კარგი, კარგი, - დაიძახეს აქეთ-იქიდან. ჩვენ დღეს ხორცს არავინ დაგვიჭერს!

- დედ-მამას უთხარით, რომ სამხრისათვის გვინდა-თქო, - სთქვა ისევ პირველმა, - და პურებიც წამოიღეთ.

- ძალიან კარგი, - დაეთანხმნენ ყველანი და წავიდ-წამოვიდენ თავიანთ სახლებში.

როცა თემუ შინ მივიდა, დაინახა, რომ მის სახლში არაჩვეულებრივი მოძრაობა იყო; ყველაფერს რაღაც სადღესასწაულო ფერი მიეღო. მთელი ეზო თითქოს მხიარული ეგებებაო მის მოსვლას. აქამდის ყურჩამოყრილი მურიაც კი კმაყოფილად წკმუტუნებდა სახლის კარებთან და აქიცინებდა კუდს.

აი, მოჰკრა თვალი თემუს მისმა პატარა დამ და გაექანა მისკენ მოცინარი სახით.

- ბიძია, აქა, ბიძია!.. კაი ბიძია! - ეუბნებოდა თემუს და მოსდევდა უკან, თემუმ ვერაფერი ვერ გაიგო და ფეხს აუჩქარა, რომ მალე შესულიყო სახლში.

ამ დროს გარეთ გამოვიდა თემუს დედა და ერთი უცნობი კაცი.

- თემუ, ბიძიას აკოცე, - უთხრა ღიმილით დედამ თემუს. თემუს შერცხვა უცხო კაცის და გაჩერდა.

- მოდი, ბიძია, ჩემთან, მოდი! - უთხრა უცნობმა თემუს, აიყვანა ხელში და რამოდენიმეჯერ აკოცა. მერე დასვა ძირს, ამოიღო ჯიბიდან შაქარყინული და ჩაუდვა ხელში.

როცა თემუ სახლში შევიდა, კიდევ უკეთესი სანახავი ნახა: შუაზედ გაეჩაღებინათ უშველებელი ცეცხლი, რომელსაც გარშემო მთელი ოჯახი შემოსხდომოდა, საკიდელზე ეკიდა დიდი ქვაბი, ღორის ხორცით სავსე და ჩუხჩუხი გაჰქონდა; კედელზე ჩამოკიდებული იყო გრძლად ნახევარი ღორი; ტახტზე სხვადასხვაფერი ფართალი ეწყო, მაგიდაზე პურები!.. ერთი სიტყვით, ეს ღარიბი სახლი დღეს უეცრად ავსებულიყო ყველაფრით.

- მოდი, შვილო, გათბი, - უთხრა თემუს ბებიამ. ყველანი მიიწ-მოიწიენ და თემუ დააჯინეს ცეცხლისპირს.

- აი, შვილო, რა მოგიტანა ბიძიამ, - უთხრა ამ დროს დედამ თემუს და მოუტანა წითელი ქუდი და წუღები. თემუს სიზმარში ეგონა თავი, როცა ყველა ეს ნახა. ის ნამეტანს სიხარულს თითქოს გაელენჩებინა და ხმას ვეღარ იღებდა.

თემუ კი არა, მთელი ოჯახი ხან ტიროდა და ხან იცინოდა მოულოდნელი სიხარულით. თემუს ბაბუას და ბებიას ორი ვაჟი ჰყოლოდა. უფროსი თემუს მამა იყო და კიდეც მომკვდარიყო, უმცროსი კი, ჯერ ისევ ბავშვი, წასულიყო სადღაც და მისი ამბავი დღემდის არავის სცოდნია. დღეს დაბრუნდა სახლში თემუს ბიძა და, რაც ეშოვა და ეპოვა ამ ხნის განმავლობაში, ყველაფერი მშობლებს მოუტანა...

თემუს ნასადილევს ამხანაგებთან წასვლა დააგვიანდა, რადგანაც სადილი ცოტა გვიან მოუვიდათ. ბავშვები შეკრებილიყვნენ; თემუსათვის მოტანილი ხორცი და პური ერთ ადგილზე დაეწყოთ და თვითონ თამაში დაეწყოთ.

როცა თემუ დაინახეს, ყველამ მიატოვა თამაში და მისკენ გაექანენ. თემუს ახალი წუღები ეცვა, თავზე წითელი ქუდი ეხურა და ხელში თეთრ ტილოში გამოკრული რაღაც ეჭირა.

- სად იყავი, თემუ, ამდენხანს? - ჰკითხა ერთმა ბავშვმა.

- ბიძია მოვიდა და სადილი გვიან ვჭამეთ, - მიუგო თემუმ.

- ბიძია? - გაიკვირვეს ბავშვებმა.

- ჰო, ბიძია მოვიდა ქალაქიდან და ყველაფერი ბევრი მოიტანა... იმხელა ღორი გვაქვს, იმხელა რომ, - დაიწყო თემუმ.

- მაგ ტილოში რა გაქვს? - ჰკითხა ვიღაცამ თემუს.

- ეს თქვენ გამოგიგზავნათ ბიძიამ, - სთქვა თემუმ და გაშალა შეხვეული. ბავშვები შეჯგუფდნენ თემუს გარშემო და სიხარულით ფეხზე აღარ იდგნენ, როცა დაინახეს იმდენი სხვადასხვანაირი შაქრის პურები, შაქარყინული, ხმელი ხილი, ტკბილეული და სხვა.

- ბიჭოს, ჩვენისთანა სამხარი, მგონი, დღეს დუნიაზე არავის ექნება, - თქვა ერთმა ბიჭმა.

- აბა, ბიჭებო! ჯერ ვითამაშოთ და, როცა დავიღლებით, აქვე ჩავუჯდეთ სამხარს, - თქვა მეორემ.

- კარგი, კარგი, მოაძახა ყველამ და გაიმართა თამაში.

ერთი საათის შემდეგ ბავშვები ისხდნენ და მხიარულნი შეექცეოდნენ მოულოდნელ სამხარს. ყველაზე უფრო მხიარული კი, რასაკვირველია, თემუ იყო.