შიო მღვიმელი (პელაგიაშვილი)

მოულოდნელი მეკვლე

ხვალ ახალი წელიწადია. ფოფოს სიხარულს საზღვარი არა აქვს. მთელი ოჯახი ბედნიერი დღისათვის სამზადისშია. დედა კაკატოს მადლიანი ხელი ყველაფერს სწვდება. დილაადრიან საახალწლო ბურვაკის ჭყივილმა მთელს სოფელს ბედნიერი დღის მოახლოვება ამცნო. დასაკლავად გამზადებულ ბურვაკის ჭყივილზედ საბედნიერდღეოდ დასუქებული ყვერულები უნებლიედ შეშფოთდნენ და საშინელი ღრიანცელი ასტეხეს, თითქო ამათაც იგრძნეს: ჩვენაც ბურვაკის ბედი თავს დაგვატყდებაო. ხოხბებივით ყელმოღერებული ყვერულები ეშმაკურად საქათმიდან გამოიცქირებოდნენ და გონს ვერ მოსულიყვნენ, რას ერჩოდნენ საბრალო ბურვაკს, რად უსპობდნენ ტკბილსა და უდარდელს სიცოცხლეს. აქამდის ყოველთვის მამაც მამალ ინდაურსაც შიშის ზარი შეჰპარვოდა, რაღაც უხეიროდ მხრები ჩამოეყარა და მწარე საგონებელს მისცემოდა. ამ ეზოში მუდმივ უშიშარს გუშაგს თავი მწუხარედ ძირს ჩაექინდრა და იგიც რაღაც არაჩვეულებრივს მოელოდა.

დედა კაკატო სამზარეულოში ჯარასავით დატრიალებდა. ინდაურის და ყვერულების დასაფუფქავად წყალს აცხელებდა და სამეკვლეო დედოპურების თადარიგს იჭერდა. პაწია ფოფო ვერცხლისწყალივით ხტოდა, ცქმუტავდა, ერთის კუთხიდან მეორე კუთხეს ახტებოდა, ყველაფერში ხელს ურევდა, ყველაფრის გაკეთებას სჩემობდა.

- შვილო, ხელს ნუ გვიშლი! - დროგამოშვებით შეეხმაურებოდა დედა კაკატო თავის საყვარელს რვა წლის თმახუჭუჭა გოგონას. ფოფოს დედის სიტყვები აინუშიაც არ მოსდიოდა, ხან სად ჩასჩრიდა ხელს და ხან სად.

- ფოფო! ფოფო! გენაცვალოს დედაშენი კაკატო. დაგვაცადე, ხელს ნუ გვიშლი! შენ ჯერ კიდევ პატარა ხარ, ჩემო კარგო! აბა, ყველა ამაების გაკეთებას შენ როგორ შესძლებ! წადი, გაიარ-გამოიარე, და თუ გინდა, ქობალიანთ ქვრივის ობლებთან გადაირბინე და სადილობამდის იქ დარჩი.

ფოფოს, თუმცა ძლიერ ეხალისებოდა სამზარეულოში კიდევ ფუსფუსი, მაგრამ საყვარელ დედის თხოვნას პატივი სცა. ფოფო მხურვალედ ჩაეკონა დედა კაკატოს, შემდეგ მოხდენილად შემოტრიალდა და ქობალიანთ ქვრივისაკენ ცერებზედ ტრიალით გაეშურა.

ქობალიანთ ქვრივი ნინოს სახურავჩაზნექილი ქოხი ობლად გამოიყურებოდა დედა კაკატოს კრამიტით დახურულს ოდის მახლობლად. აგერ ორი წელიწადი სრულდება, რაც საბრალო ნინომ ოჯახის უფროსი და პატრონი, ოჯახის მარჯვენა ხელი და მარჩენალი კაცია მიწას მიაბარა. კაციას სიკვდილის შემდეგ პაწაწინა ელო, გოგლა და ილუა ღვთის ანაბარა დარჩნენ. ქობალიანთ ქვრივი, რომელსაც სოფლელები ნინოს ეძახდნენ, ბევრსა ცდილობდა, როგორმე ობლებისათვის თავი შემოეარა, მაგრამ უდედულ-მამულო ობლების გამოკვებას აბა როგორღა შესძლებდა? საცოდავი ობლები ნახევრად მშიერ-მწყურვალი ღვთის ანაბარად იყვნენ.

ხვალ ბედნიერი დღეა და ქობალიანთ ქვრივის ოჯახში ჩამი-ჩუმიც არ არის. საბრალო ობლები თავჩაქინდრული შემოსხდომიან ოდნავ მბჟუტავ კერას და დაღვრემილი მწუხარედ შეჰყურებენ ერთიმეორეს. ქობალიანთ ქვრივი ნინოს გულის სიღრმიდან წამდაუწუმ მოისმის სევდა და მწველი ოხვრა. მწუხარე დედას გული ნაღვლით ევსება, ხვალ ბედნიერი დღეა, ყველანი სიხარულით ეგებებიან ბრწყინვალე ახალ წელიწადს, ამ ბედნიერ დღეს, გარდა კაციას საცოდავი ობლებისა. სამეკვლეო ხონჩა რა არის და ამის გაწყობაც კი ვერ მოუხერხებია საცოდავს ქვრივს. ხვალინდელ დღეს ყოველ სახლის კარს დილაადრიან საახალწლო მეკვლე მიეხმაურება და ბედნიერ დღეს მიულოცავს სახლში მყოფთ. ელოს, გოგლას და ილუას გამხარებელი მეკვლე დიდი ხანია შავს მიწას ამოეფარა, და აბა ვინ მიუმკვლევს. ვინ გაახარებს ამ ბედნიერ დღეს საცოდავ ობლებს? დედას ეს მწარე ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა და კიდევაც ამიტომ იყო, რომ იგი ასე უნუგეშოდ ოხრავდა.

ელო, გოგლა და ილუა დაუყონებლივ ფეხზედ წამოდგნენ და ფოფოს კომლით გამურული დაბალი სკამი შესთავაზეს.

- მობრძანდით, ფოფო, მობრძანდით! - თავაზიანად მიესალმა ქვრივი ნინო კოპწიად ჩაცმულ ფოფოს.

- ელო, შინა ხარ? - მხიარული სახით შემოიხმაურა ფოფომ ქობალიანთ ქვრივი ნინოს სახლში.

- ელო, ეგ რა ამბავია? - გაკვირვებით შეეკითხა ფოფო, - ხვალ ახალი წელიწადია და თქვენ ჯერ კიდევ არაფერს შუაში არა ხართ? ჩვენსას, ვინ იცის, რამდენი ხანია სამეკვლეო დაჰკლეს ბურვაკი, ინდაური, დედლები, ყვერულები! დდა ეხლა სამეკვლეო დედოპურებს აცხობინებს. აი, საცაა კიდევაც დაღამდება, და თქვენ კი ჯერ საკლავებიც არ დაგიკლავთ.

- ჩვენ, ჩემო კარგო, ვინ მოგვცა სახვალიოდ ბურვაკი, ინდაური, ან ყვერულ-დედლები! ჩვნისთანა ქვრივ-ობლის გაჭირვებას განა რაიმე გადარჩება!

- მაშ ხვალინდელ ბედნიერ დღეს უსაკლაოდ უნდა მიეგებოთ? - გაკვირვებული სახით შეეკითხა ფოფო.

- დიახ, ჩემო პატარა ქალბატონო, - მწუხარედ უპასუხა ქვრივმა ნინომ.

- მაშ, არც სამეკვლეო ხონჩას გააწყობთ? არც მეკვლე გეყოლებათ? - გულგრილად შეეკითხა კიდევ ფოფო.

- დიახ, რა ვქნათ, როცა არა გვაბადია რა? ვერც სამეკვლეო ხონჩას გავაწყობთ და ვერც მეკვლეს მოვიწვევთ! - მწუხარედ უპასუხა ნინომ და თვალთაგან კაბის კალთით ობლების შეუმჩნევლად ცხარე ცრემლები მოიწმინდა.

- ეს როგორ შეიძლება... არა... არა, ეს შეუძლებელია! - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისროდა სიტყვებს ფოფო და ხან ელოს გადახედავდა და ხან ქობალიანთ ქვრივ ნინოს.

ფოფო ძლიერ დააფიქრა ქვრივი ნინოს მდგომარეობამ. ჯერ გონს ვერ მოსულიყო, მას ვერ წარმოედგინა, რომ ახალ წელიწადის უმეკვლეოდ შეხვედრა შესაძლებელი ყოფილიყოს. ფოფოს კიდევ უნდოდა ზოგი რამ ელაპარაკა, მაგრამ ენა რაღაც არ ემორჩილებოდა და ამიტომ სახლში წასვლა ამჯობინა.

დაღამდა. მთელ სოფელში ხმაურობა ნელ-ნელა მიწყდა. დიდმა და პატარამ, ქალმა და კაცმა, ყველამ თავ-თავის სახლში მოიკალათა. თუმცა ღამის წყვდიადმა მოიცვა მთელი სოფელი, მაგრამ აქა-იქ ჯერ კიდევ მოისმოდა მოუსვენარი ბავშვების ხმაურობა. ერთი წამიც და მთელ სოფელში სამარისებული სიჩუმე გამეფდა. არსაიდან ხმა, არსით ძახილი, ყველაფერი სდუმდა. მხოლოდ დროგამოშვებით ამ იდუმალ სიჩუმეს დაარღვევდა ხოლმე სოფლის განაპირა ეზოში ძაღლების კანტი-კუნტად ყეფა, მთელ სოფელს ბედნიერი დღის მოლოდინში ტკბილად ჩასძინებოდა. არ ეძინა ქობალიანთ ქვრივ ნინოს, რომელიც მწუხარედ ოხრავდა, თვალების ქუთუთოებზე ცრემლების გუბე ადგებოდა, რომ ობლები ხვალინდელ ბედნიერ დღეს ასე გაუხარებელი და გულჩათუთქული რჩებოდა. მამლებმა სოფლად ერთი მეორეს რამდენჯერმე გადაჰყივლეს, როცა ქობალიანთ ნინოს ძლივსღა ჩაეძინა.

უკვე განთიადმაც მოატანა. პირველმა თოფის გრიალმა სოფლელებს ამცნო ბედნიერი დღის გათენება. პირველი თოფის გრიალს მოჰყვა მეორე, მესამე და ამნაირად თითოეულ სახლის ეზოდან მოისმოდა თოფების ჭახა-ჭუხი. მთელი სოფელი ახმაურდა. თითოეული სახლის კარებისაკენ გაჩქარებით მიეშურებოდა საახალწლო მეკვლე ბედნიერი დღის მისალოცავად.

ქობალიანთ ქვრივი ნინო ჯერ კიდევ ნახევრად ძილში იყო, როცა გარედან გარკვევით ხმა შემოესმა: „კარი გააღე!“

- ღმერთო, ეს რა ამბავია! - ელვასავით გაურბინა ნინოს თავში ფიქრმა, როცა მან ცოტათი ძილს თავი დააღწია, - ღმერთო! ეს რა ამბავია! ჩვენ ხომ მეკვლეს არ მოველით! ნუთუ ყურთასმენა მატყუებს!..

- კარი გააღე! - კიდევ უფრო გარკვევით შემოესმა ნინოს.

ნინო სრულიად მოუფიქრებლად შეეხმაურა: „რა მოგაქვს?“

- ოქრო და ვერცხლი!

- კარი გააღე!

- რა მოგაქვს?

- თვალი და მარგალიტი!

- კარი გააღე! - უკანასკნელად შემოესმა ნინოს გარედან უცნობი მეკვლის ხმა.

- რა მოგაქვს?

- კაცთა მშვიდობა! - ტკბილი სიცილით განმეორდა გარედან უცნობის ხმა.

ამ სიტყვებთან ერთად ნინო კარების გასაღებად მიიჭრა, რომ ცხადად შეემოწმებინა, ყურთასმენა ხომ არ მატყუებსო.

ქობალიანთ ნინომ დაუყოვნებლივ კარები გააღო. ღმერთო! დახეთ საბრალო ქვრივის სიხარულს და აღტაცებას. ქობალიანთ ქვრივი ნინოს სახლის კარების წინ იდგა გაბრწყინებულის სახით პატარა ფოფო და მის გვერდით დედა კაკატოს „სანდრუა ბიჭი“ წმინდა სანთლებით მთლად გაჩირაღდნებული ხონჩით.

ფოფო და სანდრუა ბიჭი კარების გაღებისთანავე შევიდნენ სახლში. ფოფომ სავსე ხონჩიდან ამოიღო ერთი მუჭა ღომის კაკალი და ირგვლივ სამჯერ დაუარა სახლს და ღომის კაკლის ბნევით, მხიარულის კისკისით გაიძახოდა: ამდენი ოქრო და ვერცხლი, ამდენი თვალი და მარგალიტი, ამდენი ხარი და კამეჩი, ამდენი ბატი და ქათამი, ამდენი კაცთა მშვიდობა!

ქობალიანთ ქვრივი ნინო ხან სამეკვლეო ხონაჩას გარშემო შემორტყმულს გახარებულ ობლებს გადახედავდა, ხან სრულად მოულოდნელ პატარა მეკვლეს და ამ ბედნიერ დილას სიხარულისაგან თვალთაგან ცრემლები ნაკადულებრივ გადმოსჩქეფდა და გადმოსჩქეფდა.