- გამიკითხე, შვილო, აგრემც ჩემი ტოლა მოიყრები! ავადმყოფი შვილი სახლში მიწევს, მოუკვდეს იმას დედა, აგერ ორი წელიწადია, ლოგინში წევს, რატომ დედამიწა არ გამისკდება და შიგ არ ჩამიტანს! გამიკითხე, შვილო, აგრემც შერჩები შენს პატრონსა და დიდი კაცი გაიზრდები. - ასე მიმართა პატარა სანდროს მათხოვარმა.
სანდრო ამ დროს ეზოში იდგა, შინდის კომბალს იკეთებდა. დიდი ფხეკა-რახუნი და ჩაკუნი ისმოდა, გეგონებოდათ, ათი დურგალი ერთად მუშაობსო. დიახ, კომბალს იკეთებდა ჩვენი სანდრო, რომ „ალილოზე“ წასულიყო.
მხიარულ ოცნებებსა და ფიქრებში იყო სანდრო გართული, ეს ორადმოკაკული, ძონძებში გახვეული ბებერი მათხოვარი რომ მიუახლოვდა.
- გამიკითხე, შვილო, აგრემც ჩემი ტოლა მოიყრები! - იმეორებდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ მათხოვარი.
- დიდედო, „ალილოზე“ უნდა წავიდე, ხედავ, როგორი კომბალი გავაკეთე!
- ღმერთმა მრავალ „ალილოს“ დაგასწროს, შვილო! გამიკითხე, აგრემც გაიზრდები!
- იცი, დიდედ, პური როდი გვიძევს, დედაჩემი ეხლა აცხობს, თუ მოიცდი ცოტა ხანსა, გამოცხვება, ვეტყვი დედასა და ცხელ-ცხელს ლავაშებს მოგცემს.
- რა ვქნა, შვილო, მოვიცდი, მეტი სიარულის თავი აღარა მაქვს, მუხლები ლამის დამაწყდეს... ეჰ-ეჰ-ეჰ! - ამოიოხრა ბებერმა მწარედ, იქვე კუნძზე ჩამოჯდა და დაუწყო ცქერა სანდროს, რომელიც ისევ ისე ფაცა-ფუცში იყო.
გააკეთა სანდრომ კომბალი და პატარა კალათაც გამოიტანა: „ალილოზე“ რომ წავიდოდა, ნაშოვნი კვერცხები ამ კალათაში უნდა ჩაეწყო. კალათა ძლიერ გამტვერიანებული გამოდგა. გაასუფთავა სანდრომ და ისევ სახლში შეიტანა.
ბებერი მათხოვარიც სიამოვნებით უცქერდა სანდროს მუშაობას. ვინ იცის, იქნებ ძველი დროც მოაგონდა, როდესაც მასაც ჰყავდა სანდროს ტოლა პატარა შვილები და ტკბებოდა მათი ცქერით! - და ბებერს რამდენიმე ცრემლი უნებურად გადმოუგორდა თვალებიდან.
სანდრომ ახლა ჯიბიდან ამოიღო ახალფერში შეღებილი წითელი კოჭები და დაუწყო თვლა. ეს ათი თვითონა ჰქონდა, ხუთიც გიგოს მოუგო. მაშ, სულ თხუთმეტი უნდა იყოს. ასე გამოდგა სწორედ.
კოჭები ისევ ჯიბეში ჩაიყარა და ბებერს გადახედა, რომელიც კუნძზე იჯდა ისევ, თავი ძირს ჩაეკიდა.
- შენა, დედი, შვილები არა გყავს?
- როგორ არა, შვილო, ერთი მყავს.
- მერე ის კი არ წავა „ალილოზე“?
- ავად არის, გენაცვალე, ორი წელიწადია აგერ, ლოგინში წევს. ერთიც შარშან მომიკვდა... ეჰ!.. დედამკვდარი ისა... რუსეთში გამიგზავნეს სალდათადა... იქ მომიკვდა... იქაური ჰაერი ვერ აეტანა.
- ავად რომ გყავს, ის პატარაა?
- არა, შვილო, დიდია. ქალაქში მუშაობდა, იქ გაცივებულიყო და ავად გამხდარიყო. ის იყო ჩემი ერთადერთი ნუგეში, ჩემი შემნახველ-დამმარხველი, ეხლა კი, ხედავ, სამათხოვროდ გამიხდა საქმე, ჯანიც აღარა მაქვს, ვიმუშაო, ძლივსღა დავიარები.
- დიდედ, ახლავე გავიქცევი დედასთან, აგერ თონეში აკრავს პურსა და ლავაშებს მოგიტან.
ბებერს თითქოს საკუთარი დარდი სრულიად გადაავიწყდა, შესცქეროდა ღიმილით გულკეთილსა და ცქვიტ სანდროს და სიამოვნებით გული ევსებოდა.
- შენ კი გაეზარდე შენს დედასა, რომ მაგეთი კარგი ხარ! - წაიდუდუნა თავისთვის მათხოვარმა და თვალი სანდროს გააყოლა, რომელიც ხტუნაობით გაქანდა დედისკენ.
ცოტა ხნის შემდეგ მართლაც მოურბენინა ორი ცხელ-ცხელი ლავაში. მათხოვარმა გადაახვია ლავაშები და აბგაში ჩაიდო.
- დიდედ, სადა ცხოვრობ? „ალილოზედ“ რომ წავალ ჩემის ამხანაგებითა, თქვენკენაც გამოვივლიდით და, აბა ვინძლო კვერცხი გამოგვიტანო!
- მოდით, გენაცვა, ერთს კვერცხს სადაც იქნება ვიშოვი. აგერა, სოფლის განაპირას რომ დანგრეული ქოხია კოშკთანა, იქა ვცხოვრობ.
ამ სიტყვებით მათხოვარიც გაშორდა, მაგრამ რამდენჯერმე კიდევ მოიხედა უკან, თითქოს უნდოდა ერთხელ კიდევ დაენახა სანდროს კეთილი და მხიარული სახე.
მორჩა სანდრო სამზადისს, ახლა თამაშობას შეუდგა: თოვლის აგორება დაიწყო. გააკეთა ჯერ თოვლის კარგა მოზრდილი გუნდა, აიღო მერე და თოვლში დაუწყო გორება. გუნდა თანდათან გაიზარდა და, ბოლოს გახდა ვეებერთელა, თითქმის ორი სანდროს ტოლა, ასე რომ მის გვერდით სანდრო აღარც კი ჩანდა. მაინც არ ანებებდა თავს და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა მიაგორებდა და მიაგორებდა. ბოლოს მიაღწია დაღმართის პირს, ერთი ხელის კვრა და გუნდა სრიალით დაეშვებოდა ქვევით. სანდროსაც სწორედ ეს უნდოდა! გადააგორა ერთიც და ეს უშველებელი თოვლის გორა შხუილით დაეშვა დაღმართზე. სანდროს სიხარულსა და კისკისს საზღვარი აღარა ჰქონდა, თოვლის ხტუნაობას რომ უყურებდა. აგერ, ერთი კიდევ შეხტა უშველებელი თეთრი ბურთივითა, დაეცა ძირსა და, გუნდის კვალიც აღარსად იყო: მთლად დაიფშვნა და დაიშალა. მხოლოდ აქა-იქღა მიგორავდნენ პატარ-პატარა ნაფლეთები.
ამასობაში ბინდმაც მოაღწია. სანდრო ამხანაგებისაკენ გაეშურა, უნდოდა „ალილოზე“ წასასვლელად შეეკრიბა.
ცოტახნის შემდეგ ათიოდ-თორმეტი სანდროს ტოლა ბიჭი უკვე მზად იყო, ყველას კომბლები გაედოთ მხარზე, სანდროსა და ერთ სხვას კი კალათებიც ეჭირათ, ერთს აბგაც ჰქონდა - ხილის ან ნაზუქების ჩასაწყობად გამოადგებოდათ. დიდი მხიარულება და სიცილი ჰქონდათ. ერთი ყიჟინა იდგა სანდროანთ ეზოში.
- აბა, ბიჭებო, ჯერ ჩვენსა ვთქვათ „ალილო“! - დაიძახა სანდრომ.
და გაჩაღდა „ალილო“. სანდროს წკრიალა ხმა ზარივით ისმოდა ჰაერში, სხვები ბანს აძლევდნენ:
„ალათასა, ბალათასა, ხელი ჩავყავ კალათასა; ქალო, კვერცხი გამოგვიტა, შენი სახლი ბარაქასა!..“ |
სანდროს დედამ კვერცხები და ლავაშები გამოუტანა; ერთიც პატარა ვარია გამოუყვანა. ვარიას ეტყობოდა, არ ესიამოვნა ცოვ ჰაერზე გამოსეირნება, საშინელი ჭყივილი მორთო. ბევრი ურჩია სანდრომ, ნუ ჭყივი, თორემ ხვალ თავს მოგჭრიანო, მაგრამ ვარია მაინც თავისას არ იშლიდა, ძალზედ ჭყიოდა.
პატარა ბიჭები სიცილითა და ყიჟინით გაემართნენ ახლა სხვა სახლებში „ალილოს“ სათქმელად.
ყველგან სიამოვნებითა და მხიარულად იღებდნენ: ზოგმა ჩურჩხელები გამოუტანა, ზოგმა კვერცხები, ზოგმა ვაშლები და სხვა ხილი, ერთი ქათამიც კიდე სხვა იშოვეს.
მაგრამ ძაღლები უჭირებდნენ საქმესა. სადაც კი შევიდოდნენ, მოჰყვებოდნენ ყეფასა და დავიდარაბას ასტეხდნენ, ეტყობოდათ, „ალილობა“ არაფრად ეჭაშნიკებოდათ.
„ნეტა, რას დაწანწალებენ!“ - ფიქრობდა ბოხვერა ძაღლი, - ეხლა ძილის დროა, ეგენი კი კარდაკარ დაძრწიან და არ გვასვენებენ. ე ვებერთელა კომბლებიც რომ გაუდვიათ მხარზედა!.. რა თქმა უნდა, ჩვენთვის - ძაღლებისთვისა აქვთ გამზადებული, თორემ, აბა, რად უნდათ?! - ფიქრობდა ამას „ბოხვერა“ და ბრაზი მოსდიოდა, ბოღმას მხოლოდ ყეფითღა იქარვებდა.
რადგანაც სანდრო სხვებზე გულადი იყო, ამიტომ ისა რჩებოდა ხოლმე უკან, ძაღლების მოსაგერიებლად.
- რა უზრდელები არიან ე ძაღლები, - ამბობდა სანდრო, - ჩვენ მოსალოცად მოვდივართ, ესენი კი ერთი აურზაურითა და ყეფით გვეგებებიან, თითქოს ქურდები და ყაჩაღები ვიყვნეთ!
ამასობაში ბავშვებს სიარულიც მოსწყინდათ. ზოგს კიდეც შესცივდა, ძილი მოერია. ბევრმა უკვე თავ თავის სახლში წასვლა დააპირა.
აგერა სოფლის შარაგზაზე გამოვიდნენ. მთვარე კარგა მაღლა ამოსულიყო, სოფელს ზედ თავზე დაჰკაშკაშებდა. თოვლით დაფენილი არემარე თეთრად გადაპენტილიყო. იქვე ახლოს კოშკის ნანგრევი მოჩანდა და მის ახლოს პატარა, გვერდზე მიწოლილი ქოხი.
სანდროს მათხოვარი მოაგონდა. „ეს უეჭველად იმისი ქოხი იქნება“, - გაიფიქრა გულში.
- ბიჭებო, მოდით, აგერა იქაც მივიდეთ, ა იმ ქოხშია, - უთხრა სანდრომ ამხანაგებსა.
ზოგმა უარი თქვა, ზოგმა სიცილი დაიწყო:
- მანდ თუ მივედით, მე ვიცი, ინდაურს გამოგვიყვანენ!
ბოლოს მაინც დათანხმდნენ სანდროს და წავიდნენ იმ ქოხისაკენ.
- აბა, დიდედ, პირობაზედ როგორა ხარ? - დაუძახა სანდრომ, - კვერცხს რომ დამპირდი?
- ეხლავე, შვილო, ემ საათში მოგართმევთ, - მოისმა ბებრის სიტყვები ქოხიდან.
ცოტა ხნის შემდეგ კარებიც გაიღო. კარებში იდგა ბებერი დედაკაცი ხონჩით ხელში, რომელზედაც ეწყო: ორი ვაშლი, ორი ჩურჩხელა. ერთი კვერცხი და კიდევ სხვა რაღაც წვრილი ხილი. ხონჩაზედ წმინდა სანთელი ენთო.
ბებრის უკან, ქოხის სიღრმეში, ლოგინი და შიგ ავადმყოფი მოჩანდა, ავადმყოფს თავი წამოეწია და გამხდარი, გაფითრებული სახე ბავშვებისაკენ მიექცია, ეტყობოდა, ისიც რაღაცა სიამოვნებასა გრძნობდა მხიარულ და უდარდელ ბავშვების ცქერით.
- ბიჭებო, - სთქვა სანდრომ, - ჩვენ დღეს კვერცხები ბლომად ვიშოვნეთ; აგერა ორი კალათა ავავსეთ, რად გვინდა ამდენი? მოდით, ეს ერთი კალათა ამათ დავუტოვოთ, ავადმყოფი ჰყავთ.
- კარგი, კარგი, დავუტოვოთ! - დაიძახეს სხვებმაც.
სანდრომ კვერცხებით სავსე კალათა აიღო და ბებერს გადასცა. გადასცეს აგრეთვე რამდენიმე ნაზუქი, ლავაში და ცოტა ხილიც.
ბებრის ლოცვასა და მადლობას საზღვარი აღარა ჰქონდა. ბავშვები უკან გამობრუნდნენ, „ღამე მშვიდობისაო“ მიაძახეს და გასწიეს თავთავიანთ სახლებისაკენ. „ნაშოვნი ხვალ გავყოთო“, - შეჰპირნენ ერთმანეთს.