დიდმარხვა მიწურულიყო. აპრილის თბილ დღეებს მშვენივრად აემწვანებინა ქალაქ გ-ის მიდამო. ბაღებში სხვადასხვა ფერად აყვავებული ხეხილი სიამოვნებით იტაცებდა კაცის თვალს. პატარა ჩიტუნებს მხიარულად გაჰქონდათ ჟივილ-ხივილი. მერცხლები ჰაერში დასტრიალებდნენ. მდინარე ლიახვიც ადიდებულიყო მთებში თოვლის გადნობის გამო და მის აქაფებულ ზვირთებს მთელი არემარე დაეჭირა.
სანდრო კარგა ხანია გულისფანცქალით მოელოდა აღდგომას, უნდოდა წლეულს მაინც გაეტარებინა თავის სოფელში ეს ბედნიერი დღეები. სამი წელიწადი იქნებოდა, რაც სანდრო მიაბარეს ერთ საუკეთესო პარიკმახერს შეგირდად. ყმაწვილი სოფელში ძნელად მოხვდებოდა ბედნიერ დღეებში, რადგან პარიკმახერს უმეტესი სამუშაო უფრო დღესასწაულებში აქვს ხოლმე. სანდროს თავდაპირველად სულაც არ უნდა სოფელში წასვლა, ძალიან მალე შეეჩვია თავის ხელობას და უიმისოდ მისი უფროსი ვეღარა სძლებდა.
„ჩემი მარჯვენააო“ - ამბობდა ის.
მთელი დღეს საპარიკმახეროში გაისმოდა სანდრო მოვიდნენ... სანდრო გიცდიან... სანდრო უშენოდ პირს არ იპარსავენ... სანდრო კი მხოლოდ 16 წლისა იყო. ისე სუფთად და კოხტად გამოიყურებოდა, რომ ყველას ეამებოდა მისი ნახვა.
სანდრო თავის უფროსის ოჯახს ძალიან შეეჩვია და მისი შვილები ერთ დღესაც ვერა სძლებდნენ უიმისოდ. სოფელში თავისიანებს მუდამ უგზავნიდა ფულს, საჩუქრებს. ისინიც ჩამოდიოდნენ მის სანახავად, უფრო კაცები, რადგან სოფელი შორს იყო. დედამ სულ ორჯერ ნახა ამ ხნის განმავლობაში.
წელს სანდროს ჟინმა მოუარა, უსათუოდ უნდოდა სოფელში წასვლა და საჩუქრებიც ბლომად იყიდა. მაგრამ „უფროსს“ შვილები წითელით ავად გაუხდა და მთელი საქმეები მას დააწვა კისერზე. უფროსი შვილი პარიკმახერისა - ვანო, რომელმაც მალე მოიხადა წითელა, გამოკეთდა, არა შორდებოდა სანდროს, რაკი ხედავდა, რომ სოფელში წაუსვლელობით მოწყენილი იყო.
- რას დაღონებულხარ, ჩემო სანდრო, სოფელში ვეღარ მიხვალ და მიტომ განა? - უთხრა ვანომ. განა აქ არ ვიცით აღდგომა? მოდი, თავი დაანებე შენს ფიქრებს და მიამბე, როგორი აღდგომა იცის თქვენს სოფელში.
- კარგი, ჩემო ვანო, გიამბობ, მაინც დაღონებით ვერას გავაწყობ, - თქვა და დაიწყო სანდრომ.
- ოჰ, ვანო! რომ იცოდე, რა ამბავი იქნება ხვალ დილით ჩვენს პატარა ეკლესიაში... დილაადრიან მღვდელ-დიაკონი დაარეკინებს წკრიალა ზარს, რომლის ხმაზედაც ნელ-ნელა შეგროვდება ღვთის თაყვანისსაცემად სხვადასხვაფერ ტანისამოსით აჭრელებული ხალხი და შეუდგება გულმოდგინედ ლოცვას. აგერ ცისკარიც თავდება, მღვდელი ზეთსა სცხებს და შემდეგ ბზას ურიგებს ხალხს. მერე რა მშვენიერი ბზა გვიდგას ჩვენს პატარა ეკლესიასთან! სულ პურით აქვს ტოტები სავსე! მგონი ჩვენებური ბიჭები აღარ აცლიან ერთმანეთს ბზის აღებას.
დიდი ოთხშაბათს „ჭიაკოკონობა“ ვიცით, ჩვნებური პატარა ბიჭები ყველგან თავის ცეცხლს დაანთებენ ხოლმე და ზედ ხტუნაობენ ამ სიტყვებით „არული კუდიანებსა!“ დიდ ოთხშაბათიდან დაწყებული წითელ პარასკევამდის საღამომდე „ჭონაზე“ დადიან კომლად-კომლად სოფლებში ბიჭჱბი, რომლებსაც ზოგს ქალის ტანისამოსი აცვია, ზოგი პირუტყვის ტყავშია გახვეული. ერთ მათგანს ხელში კალათა უჭირავს, რომელიც აგროვებს კვერცხებს. მივლენ თუ არა რომელიმე სახლთან, დაიძახებენ „ჭონას“ ამ სიტყვებით:
ალათასა, ბალათასა,
ხელი ჩავყავ კალათასა,
ერთი კვერცხი შიგ ჩადევი
ღმერთი მოგცემს ბარაქასა.
შაბათ საღამოსათვის სოფლელებს ყველაფერი მზათა აქვთ: სახლ-კარი დაგვილ-დაწკრიალებული, ავეჯეულობა და ჩასაცმელი დარეცხილ-დასუფთავებული, ლავაში და ქადები დამცხვარი, ბატკნები, გოჭები და ზვარა მამლები დაკლული, კვერცხები შეღებილი.
- რანაირად ბღავილი გააქვთ ხოლმე ბატკნებს, როცა დასაკლავათ მიჰყავთ! ახლა საცოდავი მამლები რანაირად აფართხუნებენ ფრთებს და ყვი-ყვის იძახიან. საკვირველია, ღმერთმანი! ჩვენ გვიხარია აღდგომის მოსვლა და მათ კი წუთისოფელს ვასალმებთ!
აღდგომის წინა ღამეს ახალგაზრდა ბიჭები ანთებენ დიდ ცეცხლს ეკლესიის წინ, რომლის შუქზედაც ნელ-ნელა ხალხიც გროვდება. ახალგაზრდა ქალებს, პატარძლებს, დაირა მიაქვთ თან და ლხინს აჩაღებენ. ახალგაზრდა ბიჭებმა ხომ აღარ იციან სიხარულით რა ჰქნან: ზოგი ლეკურს უვლის, ზოგი მღერის და ზოგიც მასხრობს, სანამ ლიტანია დაიწყებოდეს.
- რომ იცოდე, ვანო, რა მშვენივრად თამაშობდა ერთი ჩვენებური გლეხი, მეტსახელად „ჯუბა“. თავზე ღვინით სავსე საღვინეს შეიდგამდა ხოლმე და ფეხის თითებზე იკლაკნებოდა, ხოცავდა ხალხს სიცილით, მაგრამ ამის მიუხედავად, საღვინე მაინც არ ინძრეოდა მის თავზე.
ამ დროს ახალგაზრდა ბიჭები „ცანგალა-გოგონას“ დაჰკრავენ ხოლმე და ჩაურთავენ.
ეს ბიჭი კარგად თამაშობს,
ფეხის წვერებზე დგებაო,
ამან რომ ფეხი იტკინოს,
აბა, ვის დაბრალდებაო!
შიგადაშიგ ხანში შესული ქალი და კაციც ჩაერეოდნენ, რომლებიც უფრო ღამის გასათევად წამოსულიყვნენ. ამათ წამოეღოთ თან სამარხო და სახსნილო საჭმელებიც და საღვინით ღვინო. გაშლიან ალაგ-ალაგ ლურჯ სუფრებს, შემოუსხდებიან გარს და ეწევიან ქეიფს.
შუა ღამე რომ გადაიწევს, მღვდელ-დიაკვანიც მოადგებიან ეკლესიას. ზარების რეკვას მოჰყვებიან. ხალხი გროვდება თანდათან. მთელი სოფელი, კაცი და ქალი, დიდი-პატარა, გარდა ავადმყოფებისა და ძლიერ მოხუცებულებისა, დართულ-დაკაზმულნი ეკლესიისაკენ მიეშურებიან. ეკლესია სანთლებით არის გაჩაღებული, მღვდელ-დიაკვანი და ხალხი ლიტანიას შემოუვლიან სამჯერ „ქრისტე აღსდგას“ გალობით, ანთებული სანთლებით ხელში. ყოველ შემოვლაზე მღვდელი ჩერდება ეკლესიის კარზე და შესძახებს ხალხს: „ქრისტე აღსდგა“, „ქრისტე აღსდგა!“ ხალხიც ერთხმად უპასუხებს: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად!“ ამ დროს პატარა ბიჭები თან წამოღებულ წითელ კვერცხებს ჩახა-ჩუხს აუტეხავენ ხოლმე, შემდეგ ლიტანიის მღვდელი სეფისკვერს არიგებს, ზოგს კიდეც აზიარებს, ვისაც უნდა და ყველა ნასიამოვნები დაიშლება თავიანთ სახლებში დასაძინებლად, რომ აღდგომა დღეს კარგ გუნებაზე შეხვდეს.
აი გათენდა კიდევაც, მზემაც დიდებულად ამოაშუქა ლურჯ კამარაზე. ხალხიც ნელ-ნელა წამოიშალა და შეუდგა სადილის სამზადისს.
- ოჰ! რა კარგი აღდგომა იციან ჩვენში, ვერ აგიწერ, ვანო! სადილობის დროს თითქმის ყველა ოჯახიდან მიეშურებიან მამაკაცები ეკლესიისაკენ სანოვაგით და ღვინით სავსე საღვინეებით ხელში.
ქალები კი - შინ სადილობენ. ეკლესიის გარშემო სუფრებია გაშლილი, რაზედაც აწყვია თან მოტანილი ქადები, ლავაშები, წითელი კვერცხები, მსუქანი ზვარა მამლები, ბატკნის ცხელ-ცხელი მწვადები, ცივად მოხარშული გოჭები და საღვინეებით ზედაშეს შუშხუნა ღვინო. ეკლესიის ერთ კუთხეში, თითქმის ყველა გლეხკაცს უდგას ზედაშე, ვისაც კი ვენახი აბადია. მოვა მღვდელი, აკურთხებს საფლავებს და რაც ტაბლაზე აწყვია, ყველას ხურჯინში აწყობენ.
პატარა ბიჭების ჟივილ-ხივილით ხომ ყურთასმენა აღარ არის.
- ჩემმა კვერცხმა გასტეხა, ჩემმა! მომეცი ჩქარა ეგ კვერცხი, - უყვირის ერთი მეორეს.
- შვილოსან, შენი კვერცხი ჩაკირული ყოფილა, თორემ როგორ გასტეხდა ჩემსას. მგონი ას კვერცხში ამოვარჩიე, - უპასუხებს მეორე.
ახალგაზრდა ქალები და ბიჭები მთელს დღეს ლხინსა და სიმღერაში ატარებენ.
აღდგომის მესამე დღეს ჩვენში „სამებობა“ იცის. ოჰ, რომ იცოდე, ვანო! რამდენი ხალხი მოიყრის ხოლმე თავს. დაჩერდახებული ურმები ერთი მეორეს მისზდევს ჭრიალ-ჭრიალით.
ზოგს ღამის გათევა აქვს შეკვეთილი, ზოგიც სალხინოთ მოდით, - მშვენიერ ადგილას არის აშენებული ჩვენი სამების ეკლესია. შიგ შუა ტყეშია, გარშემო ამწვანებული მდელო აქვს, გვერდზედ ცივი წყარო გადმოქუხს. სამებობის მთელ ღამეს სულ ლხინში და ქეიფში ატარებენ დროს. დილა ადრიან გაშლიან სუფრებს და იწყებენ ქეიფს. ჭიდაობასაც გამართავენ ხოლმე. შენი გულისა! რა მოჭიდავე ბიჭები იყვნენ ჩვენს სოფელში. როგორც ვეფხვები, ისე ეძგერებოდნენ ხოლმე ერთმანეთს.
შუადღის შემდეგ კი ხალხი ანებებს თავს გალავანს და აქეთ-იქით მიდიან. ახლა სახლებში მართავენ ხოლმე ლხინსა და ქეიფს. მეოთხე დღეს კი სტუმრები თავიანთ სოფლებისაკენ გაემგზავრებიან. შემდეგ ჩვენები მიჰყოფენ მუშაობას ხელს. ასე ატარებენ ჩვენი გლეხები აღდგომის დღეებს - დაამთავრა სანდრომ.
- სწორედ კარგი აღდგომა გცოდნიათ, სანდრო! - მხიარულად წამოიძახა ვანომ.