„რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია“

ერთხელ კონსტანტინეპოლში მოვხვდი, - ყვებოდა ერთი მეუდაბნოე ბერი, - ეკლესიაში ვიჯექი, როცა ერთი ცნობილი, შეძლებული, ქრისტესმოყვარე კაცი შემოვიდა. დამინახა თუ არა, მაშინვე მომიახლოვდა და ჩვენს შორის საუბარი გაიბა. საუბარში ვახსენე, რომ ის, ვინც კარგად განაგებს მიწიერ ქონებას, აუცილებლად ზეციურ საუნჯესაც მიიღებს.

- რა კარგად თქვი, მამაო, - მიპასუხა მან, - ნეტარია ის, ვისაც ღმერთის იმედი აქვს. ერთ ამბავს მოგიყვებით: მე ერთი ცნობილი, მდიდარი ოჯახის შვილი ვარ. მამაჩემი ძალიან მოწყალე და ხელგაშლილი კაცი იყო, უამრავ მოწყალებას გასცემდა და ღარიბებისათვის არაფერი ენანებოდა. ერთხელაც დამიძახა, მიჩვენა მთელი ჩვენი ქონება და მკითხა:

- მითხარი, შვილო, რა უფრო გინდა: ეს ფული გიანდერძო თუ თავად იესო ქრისტეს მივანდო შენზე მზრუნველობა?

მე დავფიქრდი და ბოლოს მივუგე:

- ამ სიმდიდრეს მე ქრისტე ღმერთს ვამჯობინებ. ეს ცხოვრება წარმავალია: დღეს აქ ხარ, ხვალ სად იქნები, ღმერთმა იცის.

როდესაც მამაჩემმა ეს სიტყვები გაიგონა, დაუნანებლად დაურიგა მთელი ქონება ღარიბ-ღატაკებს, ისე რომ მისი გარდაცვალების შემდეგ აღარაფერი დამრჩა. გავღატაკდი, მაგრამ ღვთის იმედი არ დამიკარგავს, პირიქით, ყველაფერი მივანდე უფალ იესო ქრისტეს, რომელსაც მამაჩემმა ჩემი თავი ჩააბარა.

იმ ქალაქში ცხოვრობდა ერთი მდიდარი და ღვთისმოშიში ცოლ-ქმარი, რომელთაც ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდათ. ერთხელაც ცოლმა უთხრა ქმარს:

- ჩვენ ერთადერთი ქალიშვილი გვყავს, უფალმა კი რამდენი სიკეთე მოგვმადლა. თუკი ჩვენს ქალწულს ცოლად გავაყოლებთ მდიდარს, მაგრამ უზნეოსა და უსაქციელოს, მაშინ მთელი ცხოვრება უბედური იქნება. მოდი, მოვძებნოთ მისთვის მოკრძალებული და ღვთისმოშიში ადამიანი, რათა უყვარდეს მას ჩვენი ქალიშვილი.

- კარგად მოგიფიქრებია, - მიუგო ქმარმა, - მიდი ეკლესიაში, გულმოდგინედ ილოცე და შემდეგ იქვე ჩამოჯექი. ვინც პირველი შემოვა ტაძარში, სწორედ ის იქნება თავად უფლის მიერ ჩვენთვის გამოგზავნილი რჩეული.

ქალი ასეც მოიქცა. და თქვენ წარმოიდგინეთ, მე სწორედ ის კაცი ვარ, ვინც პირველი შევიდა ტაძარში. ქალმა მაშინვე მსახური გამომიგზავნა, გამომკითხეს, თუ საიდან ვიყავი, მყავდა თუ არა ცოლ-შვილი და ა.შ. როდესაც ჩემი ოჯახის ისტორია და მამაჩემთან საუბრის შესახებ ვუამბე, ქალმა ღმერთს მადლობა შესწირა და შესძახა:

- აი, სწორედ ის კეთილი მზრუნველი, უფალი იესო ქრისტე, რომელიც შენ მამაშენის ქონებას ამჯობინე, გიგზავნის ლამაზ ცოლსა და უთვალავ სიმდიდრეს.

მას შემდეგ ყოველთვის შევთხოვ უფალს, რომ შემაძლებინოს ისე ცხოვრება, როგორც მამაჩემი ცხოვრობდა, რათა უფლისაგან მონიჭებული ქონება და პატივი სხვებსაც გავუზიარო.

გამოყენებული ლიტერატურა:
ჟურნალი „ცისარტყელა“, №5, 2005