ცნობილია, რომ ქართული ეკლესიის ინტერესების დაცვის, ქართველთა შორის ქრისტეს სიყვარულის გაცხოველებისა და ეროვნული ცნობიერების აღორძინებისათვის დაუღალავად მებრძოლ წმიდა მამა გაბრიელს (იმერეთის ეპისკოპოსს გაბრიელ ქიქოძეს) მეფის მთავრობა აშკარად თუ ფარულად მუდამ სდევნიდა. რამდენიმეჯერ მისი ფიზიკურ განადგურებაც კი სცადეს.
ხელისუფლების სამსახურში მდგომი ქართველები ცდილობდნენ, როგორმე შეერბილებინათ ეს დევნა, მაგრამ ხშირად ეს მათ ძალებს აღემატებოდა.
ჩემმა გამზრდელმა ბიძამ, ალექსანდრე ვერულაშვილმა მიამბო ამბავი, რომელიც მამამისს, სიმონ (სინო) ვერულაშვილს თავს გადახდა ახალგაზრდობაში: თერჯოლის მაზრის სოფელ სიქთარვის მცხოვრები სინო ვერულაშვილი ცოლის შერთვამდე ქუთაისში მსახურობდა ქალაქის თავის მოურავად. სამსახური ახალი დაწყებული ჰქონდა, როცა ეს ამბავი მოხდა: ერთ დღეს ბატონის დავალებით ფოსტის უფროსთან მიჰქონდა ბარათი.
ბაღის კიდეს რომ მიუახლოვდა, რაღაც ხმაურმა მარჯვნივ გაახედა. ხედავს, რომ გაქანებულ ეტლს ბორბალი გამოსძვრა და გვერდზე გადაიხარა. იმავ წამს ცხენებიც მოსწყდნენ ეტლს და დაღმართში დაეშვნენ. შეშინებული მეეტლე გადახტა და გაიქცა. უმართავი ეტლი მოსახვევისაკენ მიექანებოდა და სახლის კუთხეს გადახრილი მხრით უნდა შესჯახებოდა...
ჭაბუკ სინოს ღონეც ერჩოდა და სირბილიც სწრაფი იცოდა. გაიქცა, ეტლს სახლის კუთხესთან დაეწია და ბორბლიანი მხრიდან გადაქაჩა. ეტლმა რბოლა შეანელა, იმ სახლის კუთხეს ღონივრად გაეხახუნა და გაჩერდა... როცა სინომ თვალები გაახილა, ეტლს ხალხი შემოჰხვეოდა, შიგ მჯდომი მგზავრი გადმოეყვანათ და გარადოვოიც მოვარდნილიყო... მგზავრი ტანხმელი თეთრწვერა მღვდელი აღმოჩნდა. გაფითრებული მოძღვარი გარშემოკრებილთ მშვიდი ღიმილით ლოცავდა და ჯვარს სახავდა.
დაძაბულობისაგან სინოს ჯერ კიდევ ვერ გაეშვა ეტლის კიდეს ჩაბღაუჭებული ხელები და მთელი ტანი უკანკალებდა. - ვინ ხარ, საიდან ხარ? - ჰკითხა გარადოვოიმ გაფითრებულ სინოს.
- აბაშიძის მოურავი ვარ, სიქთარველი, ვერულაშვილი, - უპასუხა სინომ. მერე ნელ-ნელა დაიხია უკან, აყაყანებულ ხალხს შეერია, იქაურობას გაეცალა და ფოსტისაკენ წავიდა.
საღამოს სიმონ აბაშიძემ კაბინეტში დაიბარა თავისი მოურავი და დღის ამბავი გამოჰკითხა.
- რა ქენი, მიუტანე ფოსტის უფროსს ბარათი?
- დიახ, ბატონო, მივუტანე!
- მეტი არაფერი მომხდარა დღეს?
- კი, რავა არა, გზათ რომ მივდიოდი, ერთი ეტლი გატყდა, იჩეხებოდა და შემეწია ღმერთი, ვუშველე.
- როგორ უშველე?
- დავეწიე და გადავქაჩე, სახლს რომ არ შეტაკებოდა.
- ვინ იჯდა იმ ეტლში?
- მოხუცებული მღვდელი იჯდა, სხვა არავინ.
- შენ თუ იცი, ვინ იყო ის მღვდელი, თუ იცი, ვინ გადაარჩინე დღეს?! - ჰკითხა აბაშიძემ სინოს.
- არა, ბატონო, ქუთაისში არავის ვიცნობ, თქვენს გარდა! -უპასუხა სინომ.
- ვინ და იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი! იცოდე, შენ დღეს საქართველო გადაარჩინე! მეუფეს გაუგია შენი ვინაობა და მადლობის
წერილი გამომიგზავნა.
შენ ლოცვა-კურთხევას გითვლის და საჩუქრად ამ კრიალოსანს გიგზავნის, - სიმონ აბაშიძემ მაგიდიდან ვერცხლისჯვრიანი ძვლის კრიალოსანი აიღო და დამორცხვებულ მოურავს მისცა.
- მშვიდობით ატარე, შეგეწიოს მაღალი ღმერთი და მეუფე გაბრიელის ლოცვა; ესეც ჩემგან, შენი ვაჟკაცობის საჩუქრად! -დაამატა შემდეგ ქალაქის თავმა და მეუფის გადამრჩენელ ყმაწვილს ოქროს თუმნიანი ჩაუდო ხელში... სინო ვერულაშვილს რვა შვილი ჰყავდა - ოთხი ვაჟი და ოთხი ქალი. მეუფის სახსოვარი კრიალოსანი დიდ სიწმინდედ ინახებოდა ოჯახში და ხატების კუთხეში იყო დასვენებული.
გამოყენებული წყარო:
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №22, 2005
მანანა ჭირაქაძე,
ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი