როგორ ლოცულობდნენ და მარხულობდნენ საქართველოს მეფენი

ოვსთა წინააღმდეგ ბრძოლის წინ

მეხუთე საუკუნეში ქართლს ოსები მოეძალნენ და ძლიერ ავიწროვებდნენ. დარბაზობაზე მათ წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყდა. მაშინ ვახტანგ გორგასალი 16 წლისა იყო. ლაშქრობის წინ მან ჯარი დაათვალიერა, მოამზადა და შემდეგ მცხეთისაკენ გასწია, სადაც ერთი კვირა ლოცვასა და მარხვაში გაატარა და დიდძალი მოწყალება დაურიგა გლახაკებს.

ოსებს ერთი გოლიათი ჰყავდათ, სახელად თარხანი. მისი მომრევი კაცი არ იყო. სწორედ მას უნდა შებმოდა ქართველთა მეფე. ორთაბრძოლის წინა ღამეს ვახტანგი კარავში განმარტოვდა, ლოცვად დადგა და გათენებამდე ცრემლით ევედრებოდა ღმერთს შეწევნას.

მეორე დღეს, ღვთის შეწევნით, ვახტანგ მეფემ ბრძოლაში საკვირველი გამარჯვება ჰპოვა. საბოლოოდ, ქართველებმა ოვსნი მთლიანად გადარეკეს დარიალს იქით და უღელტეხილიც ჩაკეტეს.

მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ სამადლობელი შესწირა ღმერთს, საგანგებოდ დააყენეს ღამისთევის ლოცვა და საფასე დაურიგეს გლახაკებს.

დავით მეფის სინანული ეჭვის გამო

ეჭვი და უჯერო ფიქრი ზოგჯერ წმიდა ადამიანებსაც სწვევია, მაგრამ მალევე დაუძლევიათ ბოროტისაგან მობერილი ეს ცდუნება. რაოდენ დიდი იყო დავით აღმაშენებელი, მაგრამ ერთხელ სვეტიცხოვლის მიმართ დაეჭვდა და გულში თქვა: რა ვიცი, რა დევს ამ სვეტის ქვეშ და რას ვცემ თაყვანსო?

ერთხელ მეფემ მცხეთაში გამოიარა და სალოცავად ტაძარში შევიდა, იმ სვეტთანაც ილოცა, მაგრამ დაეჭვებით. სწორედ იმ ღამით მეფემ სიზმარი ნახა: სვეტს ნათლითმოსილი მოხუცი დადგომოდა. მოხუცმა საშინელი ხმით მიმართა დავითს:

- დავით, დავით! განა არ იცი, ვინ ვარ მე? იცოდე შენც და ყველამ, რომ ვინც მე მირწმუნებს, არასოდეს იქნება სირცხვილეული. მაშ, ნუ იქნები ურწმუნო ნურაფერში, რამეთუ ასეთები დიდ სასჯელს მოიწევენ საკუთარ თავზე.

შეშინებულ მეფეს გაეღვიძა, უმალ წამოიჭრა საწოლიდან და მაშინვე გასწია ტაძრისაკენ. მცხეთაში ცისკრისათვის ჩავიდა, წმიდა ცხოველ სვეტს მიეახლა, დაემხო მის წინაშე, ცრემლით ალტობდა იატაკს და მხურვალედ ევედრებოდა უფალს შენდობას თავისი ეჭვისათვის.

შამქორის ბრძოლის წინ

მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქარი საქართველოსკენ დაიძრა. თამარ მეფემ ლაშქარი დალოცა, ღმერთს შეავედრა, წინ ჯვარი წარუძღვანა და თან ანტონ ჭყონდიდელი გააყოლა. თვითონ კი ფეხსაცმელი გაიხადა და ფეხშიშველმა გასწია მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრისაკენ. იქ, ყოვლადწმიდა ქალწულის ხატთან ცრემლით იწყო ლოცვა და არ დამცხრალა ლოცვისაგან, ვიდრე არ მოიწია სარგის თმოგველი და გამარჯვების ამბავი არ ამცნო.

ბასიანის ბრძოლის წინ

რუქნადინის წერილის შემდეგ თამარმა ჯარი შეკრიბა. თვითონ ყველასათვის დასანახ ადგილზე ავიდა, მუხლებზე დაემხო და დიდხანს ცრემლიანი თვალებით ლოცულობდა ღვთისადმი. შემდეგ მოაბრძანებინა ჯვარი და ბრძანა მისი თაყვანისცემა. ჯვარი ერთი ხელით თავად ეჭირა, ერთით კი - ბასილი ეზოსმოძღვარსა და ჯვრისმტვირთველს. როცა ჯვრის თაყვანისცემა გასრულდა, თამარმა ლაშქარი დალოცა, ყოვლადწმიდა სამების სახელზე, ჯვარი სამჯერ გამოსახა და საბრძოლველად გაუშვა. თვითონ კი სამცხეში - ოძრხეს მიაშურა, სადაც გულმხურვალე ლოცვასა და მარხვას შეუდგა, მისი ბრძანებით გამრავლდა ტაძრებსა და მონასტრებში ღამისთევანი და ლიტანიობანი.

წმიდა მეფის ლოცვით ღმერთმა ბასიანის ბრძოლაშიც ძალი მოსცა ქართველთა ლაშქარს და მტერზე საკვირველი გამარჯვება მიჰმადლა.

ღვთისმშობლის ხატის მიერ გადარჩენილი უფლისწული

ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი და - რუსუდანი უნდა ასულიყო, შემდეგ კი მისი ძე - დავითი, მაგრამ რუსუდანს საკუთარი შვილის გამეფება სურდა და ამიტომ ძმისშვილის დაღუპვა განიზრახა. მან საშინელი ცილი დასწამა უფლისწულს სულთანის წინაშე, რის გამოც განრისხებულმა სულთანმა დავითის ზღვარში დახრჩობა ბრძანა.

შუა ზღვაში რომ შევიდნენ, უფლისწულმა მენავეებს თხოვა ლოცვის უფლება მიეცათ და როცა დაითანხმა, ამოიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც განუშორებლად დაატარებდა და ასე მიმართა:

„ყოვლადწმიდაო დედუფალო, დედაო მხსნელისა ჩვენისა იესო ქრისტესო, ცოდვილთა შესავედრებელო და ნუგეშინისმცემელო, შენ შეივედრე სული ჩემი, რამეთუ შენ ხარ ნუგეშინისმცემელი მწარისა ამის სიობლისა ჩემისა და უსამართლოდ სიკვდილისა, რამეთუ სამარესა და მიწასა შინაც დაფვლად არავინ ღირს მყო, რამეთუ საჭმელად თევზთა მივეცემი და საფლავი ჩემი არა საცნაურ იქმნების; არამედ მოწყალებათა შენთა მინდობილი ვითხოვ, რათა მიხსნა ჰაერის-მცველთა ეშმაკთა ხელთაგან და საშინელთა მათ სატანჯველთაგან“.

გაასრულა თუ არა ლოცვა, მენავეებმა იგი ზღვაში გადააგდეს. მაგრამ ერთ მენავეს შეებრალა ყმაწვილი უფლისწული და პატარა ფიცარი მისცა.

დიდხანს იტივტივა წყალზე დავითმა და ბოლოს ერთ ნაპირზე გაირიყა, სადაც იგი კეთილმა ვაჭარმა ნახა და შეიფარა.

ათას ხუთასი მეტანიით მოპოვებული მადლი

წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულზე ჟამთააღმწერელი გვამცნობს: ახალგაზრდა მეფე მარხულობდა, აღასრულებდა ღამისთევის ლოცვებსა და მეტანიებს. მის მიერ შესრულებულ მეტანიათა რიცხვი ათას ხუთასს აღწევდა. მაგრამ შემდეგ მცირედ გადაიხარა გულმოდგინებისაგან, წარმართებს დაუახლოვდა, მათგან მანკიერებები ისწავლა და სამი ცოლი მოიყვანა. ბევრს შეაგონებდნენ მეფეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მაშინ მოვიდა მონაზონი ბასილი და მეფეს მოახსენა: თუ უკანონო ქორწინებას არ დაუტევებ, შენი ცოდვების გამოსასყიდად, ბოროტად და უპატიოდ მოკვდები მტრისაგანო. ბასილი მონაზონის წინასწარმეტყველება აღსრულდა. ყაენმა დემეტრეს ღალატში დასდო ბრალი და თავი მოკვეთა. მხოლოდ მოწამეობრივი აღსასრულით შეძლო მეფემ თავისი შეცდომების გამოსყიდვა და დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი. ხოლო ამ თავგანწირული ნაბიჯის გადადგმაში მას დაეხმარა მარხვისას ათას ხუთასი მეტანიით მოპოვებული მადლი.

მეფე ლუარსაბის აღმსარებლობა

დიდმარხვის დროს ნადიმზე შაჰმა ლუარსაბ მეფეს თევზი შესთავაზა. ქართველმა მეფემ პირდაპირ უთხრა შაჰს: დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო. ასე მტკიცედ იდგა ლუარსაბ მეფე თავის რჯულზე.

ერეკლე მეფის პასუხი ექიმთა რჩევაზე

მარხვის ჟამს მოხუცებული ერეკლე მეფე შეუძლოდ შეიქმნა. ექიმს მისთვის ძალის მოსაკრებად ქათმის ხორცის ნახარში შეუთავაზებია. ჯიუტად შეუკრავს შუბლი ერეკლეს: მეფემ რომ მარხვაში ხორცის ნახარში შესვას, რა პასუხი გასცეს მან ერსაო, - მიუგია მკურნალისათვის.