უმადური შვილის აღსარება

ნოემბრის ერთ ქარიშხლიან საღამოს ინგლისის მაღალი საზოგადოება ერთ-ერთი გრაფის ოჯახში შეიკრიბა. ყველანი მოუთმენლად ელოდნენ ერთ სტუმარს, იმ დროისათვის საქვეყნოდ ცნობილ ექიმ ჯონსონს, რომელიც რატომღაც ძალიან იგვიანებდა. როდესაც დაღამდა და ყველას იმედი გადაეწურა, ექიმი მოვიდა. ყველა გააოცა მისმა უცნაურმა გარეგნობამ, იგი ყოველთვის მოხდენილად იცვამდა და საპატიოდ გამოიყურებოდა. ამჯერად კი ექიმი ფეხზე ძლივს იდგა, ძველი და გაცრეცილი ლაბადა ეცვა და მთლიანად თოვლში იყო ამოგანგლული. იგი შემოსვლისთანავე გრაფის მეუღლეს მიუახლოვდა და მიმართა: „მოწყალეო ქალბატონო, როდესაც თქვენი მოწვევა სიხარულით მივიღე, არ მეგონა, რომ ის 21 ნოემბერს დაემთხვეოდა. თქვენ ხომ არაფერი იცით... მოგითხრობთ ჩემს ისტორიას და მაშინ იქნებ შემინდოთ დაგვიანება: მრავალი წლის წინ ამ ქალაქში ერთი წიგნებით მოვაჭრე ჩამოვიდა. დარსა თუ ავდარში, ყინვასა თუ ქარიშხალში ზურგზე წიგნებით სავსე ყუთს აიკიდებდა, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორისკენ მიდიოდა და ბარზრობაზე წიგნებს ჰყიდდა. კაცს ყოველთვის თან ახლდა პატარა ბიჭუნა, რომელიც მამას გვერდიდან არ სცილდებოდა და ყველაფერში ეხმარებოდა.

წლების მანძილზე მოხუცი თვითონ შიმშილობდა, შვილს კი სწავლის ფულს უხდიდა და ბოლოს, საზღვარგარეთ უნივერსტეტშიც კი გააგზავნა, რათა საუკეთესო განათლება მიეცა ბავშვისთვის. მოხუცს ლუკმა-პური ენატრებოდა, მოგროვილ ფულს კი ისევ შვილს უგზავნიდა.

ერთხელ სტუდენტი არდადეგებზე მამასთან დაბრუნდა და სამი თვით დარჩა. ბიჭი ბრწყინვალედ სწავლობდა, რის გამოც თავი ამაყად ეჭირა. მამა კი შვილისადმი სიყვარულის გამო წიგნებით ვაჭრობას თავს არ ანებებდა. ერთ დღეს, სწორედ დღევანდელივით ცუდი ამინდი იყო, ქარი ამოვარდა, წვიმა და თოვლის ერთმანეთში აირია, საშინლად ყინავდა. მოხუცმა წიგნები გაამზადა გასაყიდად, მაგრამ ყუთის ზურგზე მოკიდება ვეღარ შეძლო და შვილს მიმართა: „საყვარელო, დღეს ძალიან ცუდად ვარ, ქუჩაში გასვლას ვერ შევძლებ. გთხოვ, შემცვალე ბაზარში ერთი დღე“. სტუდენტმა ცხვირი აიბზუა და უპასუხა: „როგორ მე, სტუდენტმა წიგნებით სავსე ყუთი როგორ მოვიკიდო და ბაზრობაზე დავდგე? არასოდეს!“ მამა მორიდებითა და ალერსით სთხოვდა შვილს, მაგრამ ის მაინც უარზე იდგა. მაშინ მოხუცმა რის ვაი-ვაგლახით მოიკიდა ისევ ყუთი ზურგზე და საშინელ ქარბუქში გარეთ გავიდა. საღამოს აკანკალებული და გალურჯებული დაბრუნდა შინ, რამდენიმე დღის შემდეგ კი ციებისაგან გარდაიცვალა... ეს მოხუცი მამაჩემი იყო. ის უმადური, დამცინავი და უგულო შვილი კი - მე!“ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ექიმმა სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა - „მას შემდეგ 40 წელი გავიდა და ამ 40 წლის მანძილზე ვცდილობ ჩემი დანაშაულის გამოსყიდვას. ყოველწლიურად, დღევანდელ დღეს მის ტანსაცმელს ვიცმევ, იმავე ადგილას ვდგები ბაზრობაზე, სადაც ის იდგა და ვყიდი წიგნებს...“ ამის თქმაზე ექიმი კიდევ უფრო აქვითინდა, მაგრამ ვერავინ ანუგეშა იგი. უეცრად ერთ-ერთი სტუმართაგანი წამოდგა და ექიმს მიმართა: იმას, რის გამოსყიდვასაც თქვენ 40 წლის მანძილზე ცდილობთ, უფალი აუცილებლად შეგინდობთ, თუ გულწრფელად მოინანიებთ აღსარებაზე. იგი ხომ გულმოწყალეა.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№15. 2003წ. 4 დეკემბერი