პირველ საუკუნეში ინდოეთში გუნდაფორი მეფობდა. ერთხელ მან დიდებული სასახლის აგება განიზრახა და ავან ვაჭარი პალესტინაში გაგზავნა გამოცდილი ხუროთმოძღვრის ჩამოსაყვანად.
ავანი პალეტინაში მოციქულ თომას შეხვდა, რომელსაც სულთმოფენობის ჟამს წილად ერგო ქრისტიანობის ქადაგება ინდოეთის ქვეყანაში. ვაჭარმა თომას მეფის სურვილი გაუმხილა და დახმარება სთხოვა. თომას გაუხარდა, რომ ინდოეთში ქადაგების შესაძლებლობა ეძლეოდა და ავანს განუცხადა, მე ვარ ასეთი ხუროთმოძღვარიო. ავანმა იგი ინდოეთის მეფეს მიჰგვარა. გუნდაფორმა დიდძალი ოქრო-ვერცხლი მისცა თომას და სამუშაოდ გაისტუმრა. თომა მოციქული ორი წელი დაუღალავად ქადაგებდა ქრისტიანობას, მეფის მოცემულ სიმდიდრეს კი გლახაკებს უნაწილებდა. ერთხელ გუნდაფორმა მსახურები გაგზავნა, შეიტყვეთ, როდის დასრულდება ჩემი სასახლის მშენებლობაო. თომამ შემოუთვალა, სახურავის დადგმაღა აკლიაო. მაშინ მეფემ კიდევ გაგზავნა ოქრო-ვერცხლი. ხოლო როდესაც სასახლის ჩაბარების დრომ მოაწია, მეფეს მოახსენეს, იმ ხუროთმოძღვარს მშენევლობა ჯერ არც კი დაუწყიაო. გუნდაფორი ძლიერ განრისხდა, შეიპყრო თომაცა და ავანიც და საპყრობილეში ჩასვა. დატყვევებულებს მეფის მოტყუებისა და შეურაცხყოფისათვის სიკვდილი გადაუწყვიტეს. ავანმა თომა მოციქულს უსაყვედურა, ამ დღეში რად ჩამაგდე უდანაშაულო ადამიანიო. თომამ კი უპასუხა, ნუ სწუხარ, ცოტა ხანში გაგვათავისუფლებენ და დიდ პატივსაც მოგვაგებენ იმ პალატებისათვის, რომელიც მე მეფეს სასუფეველში ავუშენეო.
მართლაც, იმ დღეებში მოულოდნელად გარდაიცვალა გუნდაფორის საყვარელი ძმა. გარდაცვლილის სული ანგელოზმა სასუფეველში აიყვანა და იქ უამრავი დიდებული სასახლე აჩვენა, მაგრამ მეფის ძმას ყველაზე მეტად ერთ-ერთი მათგანი მოეწონა, რომელიც განსაკუთრებით ბრწყინავდა. ანგელოსმა ჰკითხა: რომელ სასახლეში ცხოვრებას ისურვებდი, შენი ნება რომ იყოსო? მეფის ძმამ უმალ იმ სასახლეზე მიუთითა. მაშინ ანგელოზმა მიუგო: ის სასახლე შენს ძმას ეკუთვნის, რადგან უცხოტომელმა ხუროთმოძღვარმა თომამ სწორედ მისი ფულით ააშენა, ამიტომ შენ იქ ვერ დამკვიდრდებიო. მაშინ მეფის ძმა შეევედრა: ძალიან გთხოვ, დამაბრუნე ცოტა ხნით იმ ქვეყნად, რომ მე ვიყიდო ეს სასახლე ჩემი ძმისაგან, რადგან მან მისი არსებობა და დიდებულება არ უწყის, მერე კი ისევ წამომიყვანეო. ანგელოზმა მართლაც დააბრუნა გარდაცვლილის სული.
ძმის გაცოცხლების შესახებ რომ შეიტყო, გუნდაფორმა დიდად გაიხარა და მაშინვე ძმის სასახლისაკენ გასწია. ძმამ რომ დაინახა, უთხრა: ვიცი, რომ ძალიან გიყვარვარ, უნუგეშოდ დამტიროდი და რომ შეგძლებოდა, ჩემი სიკვდილისაგან გამოსახსნელად, შენი სამეფოს ნახევარაც კი გაიღებდი. დიახ, ასეა, - მიუგო გუნდაფორმა.
მაშინ, - უპასუხა ძმამ მეფეს, - ერთი დიდი სათხოვარი მაქვს: მომყიდე შენი დიდებული სასახლე, რომელიც თომას აუგია შენთვის ზეციურ სასუფეველში და მის სანაცვლოდ მთელი ჩემი ქონება წაიღე. გუნდაფორი გაოცდა. მაშინ ძმამ ყოველივე მოუთხრო.
გახარებულმა მეფემ დაუყონებლივ გაათავისუფლა საპყრობილიდან თომა და ავანი და დაინტერესდა, რას ქადაგებდა თომა. მოციქულმაც უქადაგა მეფესა და მის სახლეულს ქრისტიანობა და ისინიც სიხარულით მოინათლნენ. ამიერიდან ისინი დიდძალ წყალობას გასცემდნენ, რითიც საუკუნო სამკვიდრებელი შეიძინეს ცათა სასუფეველში.
მასალა მომზადებულია ჟურნალიდან
„ისტორიული მოთხრობები ქრისტიანი წმინდანების ცხოვრებიდან“,
თბილისი, 2000წ.