მე-9
საუკუნეში მოღვაწე ქრისტიანი წმინდანი, ღირსი მამა ილარიონ ქართველი სამშობლოდან
დიდებასა და პატივს გამორიდებული, ორ ქრისტესმიერ ძმასთან ერთად ულუმბოს1
მთას შეეხიზნა. იქ მათ ერთი მცირე მიტოვებული ეკლესია იპოვეს და შიგ დაბინავდნენ.
დიდი ლავრიდან2 კანდელის ასანთებად მოსულმა ბერმა სტუმრებს მათი თხოვნისაებრ სეფისკვერი და ზედაშე3 მოართვა უსისხლო მსხვერპლშეწირვისათვის4. წმიდა ილარიონმა ჟამისწირვა აღასრულა, ეზიარა და ძმებიც აზიარა მაცხოვრის სისხლსა და ხორცს.
როდესაც დიდი ლავრის მამასახლისმა გაიგო, რომ ეკლესიაში მისთვის გაურკვეველი აღმსარებლობის პირმა სწირა უცხო ენაზე, რისხვით აღივსო და გარეშეთა ეკლესიიდან გაძევება ბრძანა.
მამასახლისს ღამით ღვთისმშობელი გამოეცხადა და წყრომით ამცნო, რომ იგი იმ ადამიანებს უპირებდა გაძევებას, რომლებიც უფლის სიყვარულისათვის ჩამოსულიყვნენ. ამასთანავე, ღვთის მცნებასაც არღვევდა უცხოთა შეწყნარების შესახებ: „ჰოი, უბადრუკო, რად გნებავს განდევნა ამ უცხო კაცთა? განა არ იცი, რომ ულუმბოს მთაზე მრავალნი არიან, ამ უცხო კაცთა მშობლიურ ენაზე მეტყველნი და ნათესავი ესე ჩემდა არიან მონიჭებულნი?! და ვინც მათ არ შეიწყნარებს, ის ჩემი მტერია!“
შეშინებულ მამასახლისს გაეღვიძა, ფეხებში ჩაუვარდა წმიდა ილარიონს, შენდობა სთხოვა, შეევედრა დარჩენილიყო და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასჯელი აეცილებინა მისთვის.
წმიდა ილარიონი დათანხმდა და ლავრაში დარჩა, სადაც მრავალი სასწაული აღასრულა და განადიდა ღვთისა და მისი უწმიდესი დედის სახელი.
გამოყენებული წყარო:
ჟურნალი „ქრისტიანული მოთხრობები საქართველოს ისტორიის წარსულიდან“
თბილისი, 2002
1. ულუმბოს მთა - მდებარეობს მცირე აზიაში. აქ წმ. ილარიონ
ქართველმა ქართული სავანე დააარსა.
2. ლავრა - ბერთა დიდი მონასტერი, რომელიც რამდენიმე მონასტერს აერთიანებს
3. ზედაშე - ყურძნის სუფთა წვენისაგან დამზადებული ღვინო, გამოიყენება
ლიტურღიის დროს
4. უსისხლო მსხვერპლშეწირვა - იგივეა, რაც საღვთო ლიტურღია, წირვა