![]()
ვერ გაიტაცა მეფე თამარი ამქვეყნიურმა შვება-სიამემ, ვერც სამეფო გვირგვინისა და სხვა ულეველმა სიმდიდრემ, რამეთუ ყველაზე მეტად მან უფალი ღმერთი შეიყვარა და ზურგი აქცია ქვეყნიურ საცდურთ. ყოველღამ მღვიძარებდა, მუხლმოდრეკილი ილოცვიდა და მხურვალე ცრემლთა ღვრით ევედრებოდა უფალს წყალობას მთელი ერისთვის, დანარჩენ დროს კი ხელსაქმეს უთმობდა, ღამ-ღამობით დაშვრებოდა და ამგვარ შრომით მოპოვებულ სახსარს ღარიბ-ღატაკთ და ქვრივ-ობოლთ შეაწევდა.
ერთხელ საკვირველი რამ შეემთხვა.
ოდეს ღამით ხანგრძლივი ლოცვისა და შეუსვენებელი ხელსაქმობის შემდეგ დაღლილ თამარს უნებლიედ მიერულა, სიზმრისეულ ჩვენებაში საკვირველად წარმტაცი ადგილი იხილა - სამოთხე, რომლის სიმშვენიერის გადმოცემა არ ძალუძს ადამიანის ენას. იქ ოქრო-ვერცხლით შემკული ტახტები იდგა, წმინდანთა დასაჯილდოებლად. ერთ-ერთი მათგანი ყველაზე აღმატებული და თვალ-მარგალიტით შემკული. როცა ეს ზეაღმატებული ტახტი იხილა, თამარმა გაიფიქრა:
„მე ხომ მეფე ვარ და ალბათ ეს ტახტიც ჩემთვის არის გამზადებული!“
და გაემართა კიდეც მისკენ, რათა ზე-დამჯდარიყო ხელმწიფებრივად. მაგრამ ნათლით მოსილმა კაცმა შეაჩერა და უთხრა:
„ეს ტახტი შენთვის არ არის განმზადებული, რადგან არ ძალგიძს მისი დასაკუთრება!“
გაოცდა თამარი:
„ვინ არის ჩემზე აღმატებული, რომ ეს ტახტი დაიკავოს?“
„ეს ტახტი შენს მსახურ დედაკაცს ეკუთვნის, რადგან თორმეტ მღვდელს მისი ხელით მოქსოვილი შესამოსელი აცვია, როცა საკურთხეველში ტრაპეზის წინაშე დგანან უსისხლო და პატიოსანი მსხვერპლის შესაწირად! ამიტომაც იგი შენზე აღმატებულია აქ. შენ კი, რაკი მეფე ხარ, ეგ დიდებაც გეყოფა, ხოლო ტახტად ეს იყოს საკმარისი შენთვის“ - და დაბლა მდგომ, ნაკლები ღირსების ტახტზე მიუთითა...
გაიღვიძა თუ არა თამარმა, იმ მსახური დედაკაცის მოყვანა ბრძანა. და მართლაც, ღვთისნიერმა ქალმა აღიარა თავისი ხელმწიფის წინაშე - ფარულად მოვქსოვე სამღვდელო კვართნი და ფილონნი და მივუძღვანე მღვდელმსახურებსო.
ამის შემდეგ წმიდა თამარმა ალექსანდრიიდან ვაჭრების მიერ ჩამოტანილი მატყლი შეიძინა. ძაფებად დართა და ასევე თორმეტი სამღვდელო შესამოსელი მოქსოვა, რომელნიც საკუთარი ხელით თავმდაბლად მიუძღვანა ღირსეულ მღვდელმსახურებს!..
ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა
„ქრისტიანული მოთხრობები საქართველოს ისტორიული წარსულიდან“
თბილისი, 2002