ღირსი შიო მღვიმელი

წმიდა შიო მღვიმელის მიერ ყველიერის ხუთშაბათს აღსრულებული სასწაული

წმინდა შიო მღვიმელი დიდი ხნის განმავლობაში იღწვოდა სარკინეს მთებში მის მიერ დაარსებულ შიომღვიმის მონასტერში. სიცოცხლის ბოლოს კი მამა შიომ განსაკუთრებული მოღვაწეობის სახე აირჩია - ღრმა მღვიმეში ჩავიდა და იქ დაეყუდა, სადაც თხუთმეტი წელიწადი დაჰყო. ანდერძისამებრ, იგი იქვე დაასვენეს. ღირსი მამის საფლავზე მრავალი საუკუნის განმავლობაში დიდი სასწაული ხდებოდა: ყველიერის ხუთშაბათს (დიდმარხვის, ანუ სააღდგომო მარხვის დაწყების წინა კვირის ხუთშაბათს) მისი წმინდა ნაწილები მღვიმიდან ამოიწევდა და ჰაერში ჩერდებოდა. ამ სასწაულს არაერთი ადამიანი შესწრებია.

ერთხელ საქართველოს შაჰ აბასი შემოესია. მან ქვეყანა იავარჰყო და უკან გაბრუნებულმა მრავალი ტყვე წაასხა. მათ შორის იყო ერთი მშვენიერებით გამორჩეული ასული. შაჰი ბევრს ეცადა მისი გულის მოგებას, მაგრამ ვერას გახდა. მაშინ მას ურჩიეს: ეს ქალი ლოცვისას ვინმე შიოს ახსენებს და გულმოდგინებით ევედრება ხსნას. როგორც ვიცით, ეს მათი წმინდანია და მისი ნაწილები ქართლში, შიომღვიმის მონასტერში ასვენია. ჩამოატანინე ისინი და იქნებ ქალის გული მოინადიროო. შაჰს რჩევა ჭკუაში დაუჯდა და მართლაც აფრინა მხედრები საქართველოსკენ, რომელთაც აღასრულეს ნაბრძანები.

წმიდა მამამ აქაც აჩვენა თავისი სასწაულთქმედების ძალა: იმ დღიდან, რაც მისი სხეული სპარსეთს წაასვენეს, ამ ქვეყანას ერთი-მეორეზე საშინელი უბედურება ატყდებოდა თავს. შეშფოთებულმა მოლებმა შაჰს მოახსენეს: ეს სულ იმ შიოსგან გვემართება, როგორც ჩანს, ძლიერ განრისხებულია და უკან უნდა დავაბრუნოთო. მართლაც, შეშინებულმა შაჰმა ღირსი მამის წმიდა ნაწილები იმ ტურფა ასულთან ერთად სასწრაფოდ დააბრუნა საქართველოში და სპარსეთის ქვეყანამაც შვებით ამოისუნთქა.

ღირსი შიოს წმიდა ნაწილები ძველ ადგილას დააბრუნეს, მაგრამ სასწაული, რომელიც ყველიერის ხუთშაბათს აღესრულებოდა, აღარ განახლებულა.

ამ სასწაულის მოსაგონებლად საქართველოს ეკლესიაში ყველიერის ხუთშაბათს წმინდა შიო მღვიმელის ხსენება დაწესდა.