![]()
დავით აღმაშენებელი დიდად ღვთისმოსავი ადამიანი იყო. ღმერთიც არასოდეს სტოვებდა მას და ძლევამოსილებას ანიჭებდა მის მარჯვენას. დავითმა განიზრახა დაპყრობილი ქვეყანა თურქთაგან გაეწმინდა. მართლაც, სადაც მივიდოდა, ყველგან გამარჯვებული რჩებოდა. იმ დროს დედაქალაქი ჯერ ისევ მტრის ხელში იყო. მეფე თბილისსაც მოადგა. შეშფოთებული თურქები და თბილისელი ვაჭრები სპარსეთის სულთანს ეახლნენ და დახმარება სთხოვეს. სულთანი დიდად გაახარა მათმა სტუმრობამ, თავის სამფლობელოში ყველა მხედარი შეკრიბა და თბილისიდან მოსულთ უკან უთვალავი ჯარი გაატანა, რომელშიც სპარსელთა გარდა არაბები, თურქები და მრავალი სხვა ქვეყნის მებრძოლნიც ერივნენ.
აგვისტოს თვე იდგა, როცა სულთანის გაერთიანებულმა ლაშქარმა საქართველოს საზღვრები გადმოიარა და დიდგორს მიადგა. დავით მეფე არ შემდგრკალა, თუმცა ქართველნი რიცხობრივად ბევრად ჩამოუვარდებოდნენ მტერს, მეომრობასა და ვაჟკაცობაში ბადალი არ ჰყავდათ. ბრძოლის წინ დავითმა ჯარს მიმართა: ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ქვეყნისა და რჯულის გადასარჩენად კვლავაც ვაჟკაცურად ვიბრძოლებთ, არათუ თურქებს, თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ, რომლის მსახურნიც ისინი არიან. მაშ, ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესათვის და ფიცი დავდოთ, რომ აქ, ბრძოლის ველზე დავიხოცებით და უკან კი არ დავიხევთ. გზა უკან ამოქოლილია, გაქცევაც რომ ინდომოს ვინმემ, ვერ შესძლებს. მაშ, განემზადეთ, ძმანო და შვილნო, ქრისტესთვის და საქართველოსთვის!
ადრე, ყოველი ბრძოლის წინ მთელი ჯარი აღსარებაზე დგებოდა, შემდეგ ეზიარებოდნენ და ასე, უფლის მადლით გაძლიერბულნი, ეკვეთებოდნენ ხოლმე მტერს. იმ დღესაც ასე იყო და ღვთის მარჯვენაც შეეწეოდა ქართველთა ლაშქარს. სახელოვან მეფეს ცხადად წინ მიუძღოდა წმინდა გიორგი, რომელიც მუსრავდა ზედამოსულ მტერს. ამ სასწაულს ყველა ხედავდა, თვით უსჯულონიც კი გაოცებულნი ყვებოდნენ, თუ როგორ მოსრა ციდან ჩამოსულმა, თეთრ ცხენზე მჯომმა წმინდა რაინდმა არაბეთის სახელოვანი მებრძოლნი და როგორ მარჯვედ განდევნა ურიცხვი მტერი.
საოცარი იყო გამარჯვება. ქართველებს უამრავი სიმდიდრე დარჩათ: საჭურველი, იარაღი, არაბული ცხენები, კარვები, სრა-ფარდაგები, ტყვეებს შორის კი - თვით არაბთა მეფენი და გოლიათი მხედრები.