წმიდა ნიკოლოზის გამოცხადება 
ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში

წმიდა ნიკოლოზის მიერ აღსრულებული სასწაულები

ბარბაროსისათვის ქონების დაბრუნება

კალაბრიაზე ბარბაროსთა ერთ-ერთი შემოსევის დროს, როცა ყველაფერი ნგრევასა და ცეცხლს მოეცვა, ერთმა მძარცველმა ბარბაროსმა უცნობი ქრისტიანის სახლში წმინდა ნიკოლოზის ხატი ნახა. მართალია, მან არ იცოდა, ვისი გამოსახულება იყო, მაგრამ ხატი მოეწონა და ნაძარცვთან ერთად წაიღო. დატყვევებულმა ქრისტიანებმა გზაში ბარბაროსს უთხრეს, რომ ხატზე ქრისტიანთათვის სათაყვანებელი წმინდანი, საკვირველთმოქმედი ნიკოლოზი იყო გამოსახული. სახლში დაბრუნებულმა ბარბაროსმა წმინდა ნიკოლოზის ხატი თავის ოთახში დაასვენა. ერთხელ ბარბაროსს შორს მოუწია გამგზავრება, წასვლის წინ წმინდა ნიკოლოზს ჩააბარა მთელი თავისი ქონება და უთხრა: „აი, მე მთელს ჩემს ქონებას შენ გიტოვებ; დავბრუნდები და თუ აღმოჩნდება, რომ რაიმე დაიკარგა, იცოდე, შენზე სასტიკად ვიძიებ შურს“. გაუდგა გზას ბარბაროსი. ერთ ღამეს, მის სახლში ქურდები შეიპარნენ და ყველაფერი წაიღეს, დატოვეს მხოლოდ წმინდა ნიკოლოზის ხატი. შინ დაბრუნებული ბარბაროსი ძლიერ გაბრაზდა და მთელი რისხვა წმინდა ნიკოლოზის ხატს დაატეხა. „განა არ გითხარი, - მიმართა მან წმინდა მღვდელმთავარს, - რომ ჩემს არყოფნაში არ გაეძარცვათ ქურდებს ჩემი სახლი? რაკი შენ არ ისმინე ჩემი, ქურდების ნაცვლად შენ გაგასამართლებ. თუ მოპარული არ გამოჩნდება, ცეცხლში დაგწვავო“. ბარბაროსმა მათრახი აიღო და ხატს ცემა დაუწყო.

როდესაც ქურდებმა ნაძარცვის გაყოფა დაიწყეს, გამოეცხადა მათ წმინდა ნიკოლოზი და მკაცრად მიმართა: „ეს რა ჩაიდინეთ? რად მოიპარეთ ქონება, რომელიც მე მქონდა ჩაბარებული? თქვენ შესცოდეთ, დამნაშავე კი მე გამოვედი. შეხედეთ, რა სასტიკად მცემა ბარბაროსმა, როგორ დამასისხლიანა და იარებით ამივსო სხეული. სასწრაფოდ დაუბრუნეთ ბარბაროსს ნაქურდალი. ხოლო თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, სამარცხვინოდ დაისჯებით“. ნათქვამით განცვიფრებული ქურდები დაეკითხნენ: „ვინ ხარ და რა უფლება გაქვს, ასე ილაპარაკო?“ მან უპასუხა: „მე ნიკოლოზი ვარ, მონა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესი“. მისი სახელის გაგონებაზე, შეშინებულმა ქურდებმა ყოველივე დაუბრუნეს ბარბაროსს, რის შემდეგაც ქურდობა მიატოვეს და მწარედ ნანობდნენ წარსულში ჩადენილ ცოდვებს. ბარბაროსმა კი, როდესაც მათი მონათხრობი მოისმინა, ირწმუნა ქრისტე და თავის ოჯახთან ერთად მოინათლა. შემდეგ წმინდა ნიკოლოზის პატივად ეკლესია ააგო და საკვირველთმოქმედ ნიკოლოზის სახელი მთელს იმ მხარეში განადიდა.

ყრმის გადარჩენა დახრჩობისაგან

ერთი ღვთისმოსავი კაცი გულმოდგინედ ევედრებოდა წმინდა ნიკოლოზს, შვილი ებოძებინა. პირდებოდა, რომ ყრმას ტაძარში მიიყვანაა და იქ ოქროს ჭურჭელს შესწირავდა. დიდმა მღვდელმთავარმა მისი ლოცვა შეისმინა და მალე მისმა ცოლმა ვაჟი გააჩინა. ამ კაცმაც, აღთქმისაებრ, ოქრომჭედელს დიდძალი ოქრო გადასცა, რათა ოქროს ჭურჭელი დაემზადებინა. მაგრამ, როცა ოქრომჭედელი საქმეს მორჩა, შემკვეთს დამზადებული ჭურჭელი ისე მოეწონა, რომ თავისთვის დაიტოვა, წმინდა ნიკოლოზისათვის კი ოქროს ოსტატს მეორე დაამზადებინა. შემდეგ ჩაჯდა ხომალდში თავის ყრმასთან ერთად, წაიღო ოქროს ჭურჭელი და წმინდა ნიკოლოზის ტაძრისაკენ გაეშურა. ნაოსნობის დროს მამამ შვილს უბრძანა, პირველი ჭურჭლით ზღვიდან წყალი ამოეღო. შვილიც მამის ნების აღსასრულებლად გადაიხარა ხომალდიდან, მოულოდნელად ზღვაში ჩავარდა და მის წიაღში გაუჩინარდა.

მწარედ აქვითინებულმა მამამ მაინც გააგრძელა გზა, რათა აღთქმა აღესრულებინა. შევიდა ტაძარში და წმინდა ნიკოლოზის ხატის წინ დადგა მეორე ჭურჭელი, მაგრამ რაღაც უხილავმა ძალამ ის ტაძრის შუაგულში გადააგდო. მეორედ დადგა ჭურჭელი, მაგრამ იგივე განმეორდა. ყველა იქ მყოფი გაოცდა, ვერ მიმხვდარიყვნენ, რას ნიშნავდა ყოველივე ეს. მოულოდნელად შუა ტაძარში ყრმა გამოჩნდა, ჭურჭლით ხელში. მან თქვა, რომ როდესაც ზღვაში გადავარდა, წმინდა ნიკოლოზმა ამოიყვანა იგი და დახრჩობისაგან იხნსა. გახარებულმა და მადლიერმა მამამ უფალს მადლობა შესწირა, ხოლო წმინდა ნიკოლოზს ორივე ჭურჭელი დაუტოვა. შემდეგ შვილთან ერთად მშვიდობით დაბრუნდა შინ.

არაბის საპყრობილიდან განთავისუფლება

ზღვის ერთ ნაპირზე ბერძნული ქალაქი მდებარეობდა, ხოლო ყურის მეორე მხარეს არაბთა ქალაქი. ერთხელ ერთი მდიდარი არაბი ზღვის ნაპირას სეირნობდა. მოულოდნელად იგი ბერძნებმა დაატყვევეს და ციხეში ჩასვეს. არაბმა ციხეში მთელი წელიწადი გაატარა და საკმაოდ კარგად შეისწავლა ბერძნული ენა. მას ხშირად ესმოდა, რომ ბერძენი თანაპატიმრები შეწევნას წმინდა ნიკოლოზს სთხოვდნენ და მისი ვინაობით დაინტერესდა. ერთ-ერთმა პატიმარმა მოუთხრო წმინდა ნიკოლოზის შესახებ. არაბზე დიდად იმოქმედა მონათხრობმა და ასე მიმართა ღმერთს: „უფალო! თუ შენ ნამდვილად გარდამოხდი ზეციდან და ხორცნი შეისხნი ჩვენი ცხონებისათვის, მაშინ წარმომიგზავნე შემწედ შენი სათნომყოფელი ნიკოლოზი. დე, მიხსნას ტყვეობისაგან. მაშინ მე მთელი ოჯახით გავქრისტიანდებიო“. ლოცვის შემდგომ არაბმა დაიძინა. მას ძილში გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი, ბორკილები შეხსნა და უთხრა: „ქრისტე გათავისუფლებს ჩემს მიერ, წადი, მაგრამ აღთქმა არ დაივიწყო, რათა უარესი არ შეგემთხვეს“.

თქვა თუ არა ეს, წმინდა ნიკოლოზი უჩინო შეიქმნა. გამოღვიძებული არაბი, თავისდა გასაკვირად, საკუთარ სახლში აღმოჩნდა. ცოლ-შვილთან ერთად არაბმა მადლობა შესწირა ღმერთს და სხვებსაც მოუთხრო მომხდარის შესახებ.

მომდევნო ღამეს წმინდა მღვდელმთავარი კვლავ ეჩვენა არაბს და უთხრა: „წადი ბერძნულ ქალაქში და უამბე მათ, როგორ გაგათავისუფლე. ბერძნები ფიქრობენ, რომ შენ დარაჯები მოისყიდე და ამიტომ მათი დასჯა სურთ. ნუ შეშინდები, მე შენთან ვიქნები და ვერავინ მოგეკარება!“ არაბმა ცოლს მოუთხრო ნანახის შესახებ, ცოლს არ სურდა მისი გაშვება. მაგრამ ტყვეყოფილმა მტკიცედ უპასუხა: „წმინდა ნიკოლოზს შეუძლია, კვლავაც მიხსნას, თუკი განსაცდელში ჩავვარდები“. ამის შემდეგ იგი ნავში ჩაჯდა და ბერძნული ქალაქისკენ გასცურა. იქ კი ყველას მოუთხრო მომხდარ სასწაულზე და უდანაშაულო მცველები სასჯელისაგან იხსნა. შემდეგ ისევ ჩაჯდა ნავში და უკან გამობრუნდა. ახლაღა მოვიდნენ ბერძნები გონს და დაედევნენ, მაგრამ ამაოდ. არაბი შინ მშვიდობით დაბრუნდა.

არაბი მალე ოჯახთან და მსახურებთან ერთად იერუსალიმში გაემგზავრა და იქ პატრიარქმა მონათლა.

როგორ დააბრუნა წმინდა ნიკოლოზმა გაყიდული ხალიჩა

ერთხელ კონსტანტინეპოლში ერთი ხელოსანი ცხოვრობდა, სახელად ნიკოლოზი, რომელიც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზს და ყოველწლიურად დღესასწაულობდა მის ხსენებას. ასე მიაღწია მან ღრმა სიბერეს და რადგან უძლურების გამო მუშაობა არ შეეძლო, სიღატაკეში ჩავარდა. ახლოვდებოდა ნიკოლოზობა. მოხუცი საგონებელს მიეცა, როგორ ედღესასწაულა ეს დღე. ბოლოს ცოლს უთხრა:

- აი, ახლოვდება ჩვენი საყვარელი მეოხის დღე, ჩვენ კი არაფრით შეგვიძლია ამ დღესასწაულის აღნიშვნა.

- იცი რა, ჩემო ბატონო, - უპასუხა ღვთისმოსავმა ცოლმა, - დიდი სიცოცხლე აღარ დაგვრჩენია, შვილები არა გვყავს, მემკვიდრეობა არავისთვის გვჭირდება: მოდი, გავყიდოთ, რაც გვაბადია ღვთისა და წმიდა ნიკოლოზისათვის. ხალიჩაღა დაგვრჩა: წადი, გაყიდე და შეიძინე, რაც საჭიროა ხვალინდელი დღესასწაულისთვის.

მოხუცმაც უსმინა ცოლს, აიღო ხალიჩა და გაემართა მის გასაყიდად. გზაში შემოხვდა კეთილმსახური ბერი და ჰკითხა:

- საით გაგიწევია, საყვარელო მეგობარო?

- ბაზარში მივდივარ ხალიჩის გასაყიდად, - უპასუხა ძველმა ხელოსანმა.

- კარგი, მეგობარო, - უთხრა ბერმა, - მაგრამ აბა ეს მითხარი, რას აფასებ შენს ხალიჩას? მე ვიყიდი.

- თავის დროზე 8 ოქროს მონეტა მაქვს გადახდილი, ახლა კი რასაც მომცემ დავყაბულდები.

- ექვსად მომყიდი?

- სიხარულით დაგითმობ, - მიუგო მოხუცმა.

ბერმა მაშინვე მისცა 6 მონეტა, გამოართვა ხალიჩა და იქაურობას გაშორდა.

 ბაზრობაზე მყოფი ხალხი გარსშემოერტყა ხელოსანს და ჰკითხა:

- საკუთარ თავს რისთვის ელაპარაკები? რაიმე ხომ არ გელანდება?

ისინი უსმენდნენ და ხედავდნენ მხოლოდ ხელოსანს, ხოლო წმინდა მღვდელმთავარს ვერც ხედავდნენ და არც მისი ხმა ესმოდათ.

ამ დროს წმინდა ნიკოლოზმა ხელოსნის სახლთან ჩაიარა და დიასახლისს ხალიჩა უკან დაუბრუნა, თან უთხრა: „შენი მეუღლე – ჩემი ძველი მეგობარია; დღეს ბაზრობაზე შემომხვდა და მთხოვა შენთვის ეს ხალიჩა გადმომეცა“. ამ სიტყვების შემდეგ მღვდელმთავარი თვალს მიეფარა. ქალს ძლიერ ეწყინა, ჩემს ქმარს ხალიჩის გაყიდვა დანანებიაო.

ამასობაში კი ხელოსანმა ყველაფერი შეიძინა, რაც დღესასწაულისთვის იყო საჭირო და შინ ხელხვავრიელი დაბრუნდა. მაგრამ ცოლმა საყვედურებით აავსო: „აღარ მინდა შენთან ცხოვრება, შენ წმინდა ნიკოლოზს ეცრუე. უმჯობესი იყო, არ შეპირებოდი, ვიდრე სიტყვა გაგეტეხა. აი, შენი ხალიჩა, მე კი ვეღარ მიხილავ, რადგან მოიტყუე“.

ხელოსანი განცვიფრდა და ცოლს დაეკითხა, საიდან გაჩნდა სახლში ეს ხალიჩაო. ცოლმაც ყველაფერი უამბო. მოხუცი მიხვდა, ვინ იყო ის უცნობი ბერი და გახარებულმა წამოიძახა: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, სასწაულთმოქმედო წმინდა ნიკოლოზის მიერ!“ შემდეგ ცოლს უამბო, როგორ გაყიდა ხალიჩა და რა შეიძინა აღებული ფულით: სურსათ-სანოვაგე და ღვინო, სეფისკვერები და სანთლები სადღესასწაულოდ. მაშინ ცოლ-ქმარმა ერთად ადიდა ღმერთი და მისი დიდებული საკვირველთმოქმედი. დაუყოვნებლივ წავიდნენ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში და ყველას უამბეს მომხდარი სასწაულის შესახებ. როდესაც ეს ამბავი პატრიარქს მოახსენეს, მან ბრძანა, რომ მოხუცი ცოლ-ქმარი სიცოცხლის ბოლომდე ესაზრდოებინათ წმინდა სოფიის ტაძრის შემოსავლიდან .

გამოყენებული ლიტერატურა:
„ცხოვრება და სასწაულები წმ. ნიკოლოზ საკვირველმოქმედისა“
თბილისი, 2004