![]()
ღირსი მაკარი დიდი
ეგვიპტეში მოღვაწეობდა ღირსი მამა მაკარი დიდი. ერთხელ მას სტუმრად მოსულმა ბერმა ყურძნის მტევანი მოართვა. მიუხედავად დიდი სიცხისა და სურვილისა, თავად ეგემნა ტკბილი ნაყოფი, წმიდა მაკარის მეზობელ სენაკში მცხოვრები სნეული ბერი გაახსენდა და ყურძენიც მას გაუგზავნა. უძლურ ბერს უზომოდ გაუხარდა წმიდა მამისაგან ასეთი სიყვარულით აღსავსე მოკითხვა, მადლობა შესწირა ამისთვის უფალს, მაგრამ ყურძენი თავისთვის ვერ გაიმეტა და მანაც მეზობელ ძმას გაუგზავნა - სიცხეა, პირს გაისველებსო! თავის მხრივ, იმ ბერმაც, აღსავსემ მოყვასის სიყვარულით, ყურძნის მტევანი მახლობლად მოსაგრე ბერს მიუძღვნა. ასე მოიარა ყურძნის ამ ერთმა მტევანმა ბერ-მონაზვნების მთელი ის სამკვიდრებელი და ბოლოს ისევ ღირს მაკარს დაუბრუნდა. წმიდა მამა საღმრთო სიხარულმა მოიცვა თავის ძმათა გამო, რომელთა ამ თითქოსდა უმნიშვნელო საქციელში მათი ჭეშმარიტი ძმათმოყვარება და თავშეკავების უნარი დაინახა.
გამოყენებული ლიტერატურა:
ჟურნალი „ღირსსახსოვარი გადმოცემანი
წმიდა და ნეტარი მამების ცხოვრებიდან“
თბილისი, 2001