მოწყალების გამცემს ქრისტე აკურთხებს

ერთმა ათი წლის ყმაწვილმა წირვაზე ქადაგებაში მოისმინა, რომ მოწყალებას, რომელსაც ჩვენ გლახაკს ვაძლევთ, თავად იესო ქრისტეს ვაძლევთ. ბავშვს ეჭვი შეეპარა მოძღვრის სიტყვების ჭეშმარიტებაში და შინისკენ მიმავალი თავისთვის ფიქრობდა: „მე ვიცი, რომ ქრისტე ზეცაშია და ზის მარჯვენით მამისა; როგორღა მიიღებს იგი სამოწყალოს, მაგალითად, პურის ნატეხს, რომელსაც მე გლახაკს ვაძლევ?“ ამ ფიქრებში იყო, რომ ჩამოძონძილი გლახა დაინახა. იგი იესო ქრისტეს სახელით მოწყალებას ითხოვდა. მის თავზე კი თავად იესო ქრისტე გამოისახა. ბიჭს შეეშინდა. ამ დროს მახლობელი სახლიდან ვიღაცამ გლახაკს პურის ნატეხი გამოუტანა და ის იყო მან ხელ გაიშვირა გლახაკისათვის მისაცემად, რომ მაცხოვარმა მარჯვენა გაუწოდა, პურის ნატეხი ჩამოართვა, მოწყალების გამცემი ჯვრის გადასახვით აკურთხა და პურის ნაჭერი გლახაკს გადასცა. ამის შემდეგ უგუნურმა ყმაწვილმა ირწმუნა ღვთის სიტყვა და გლახაკთა მოწყალე შეიქმნა.

ამგვარად, ჩემო პატარებო, ამიერდან გეცოდინებათ, რას აკეთებთ, როდესაც გლახაკს მოწყალებას აძლევთ.

წიგნიდან
„კეთილმსახურების სასწავლებელი“