მოწყალებისათვის

ერთი წმიდა და ღმერთშემოსილი ბერი თავის ნამუშევარს გლახაკებს ურიგებდა. ერთ დღეს მასთან სამი ტყვედყოფილი მოვიდა. ნეტარმა ბერმა ისინი კეთილად ისტუმრა და თავის მოწაფეს დაავალა, მათთვის ის ათი დრაჰკანი ეჩუქებინა, რომელიც მოწყალებისათვის ჰქონდა გადადებული. მოწაფემ მხოლოდ ცხრა დრაჰკანი მისცა, მეათე კი დაიტოვა.

მცირე ხნის შემდეგ მოვიდა მშვენივრად სახილველი ჭაბუკი და ღირს მამას ოთხმოცდაათი ოქრო შესწირა. ბერი მიხვდა, რაც მოხდა, თავის მოწაფეს დაუძახა და უთხრა:

- აი, საყვარელო შვილო, იხილე ღვთის კაცთმოყვარება და სიტკბოება, ერწმუნე მოწყალების მადლს; შენ რომ ათივე დრაჰკანი მიგეცა, უფალი ასს გვიბოძებდა, მაგრამ რადგან შენ მხოლოდ ცხრა მიეცი, უფალმაც ოთხმოცდაათი მოგვცაო.

ხათუნა რაქვიაშვილი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№17(33). 2004წ. 22 ოქტომბერი