მოწყალების საიდუმლო

ერთ მონასტერში ცხოვრობდა ახალგაზრდა ბერი, სახელად მარტირი, რომელიც ღვთისმოსაობითა და გლახაკებისადმი მოწყალებით გამოირჩეოდა. იგი ზიარებისა და აღსარებისათვის ხშირად დადიოდა თავის მოძღვართან სხვა მონასტერში. და აი, ერთხელაც, მოძღვართან მიმავალმა ამ ახალგაზრდა ბერმა გზაზე მწოლიარე წყლულებიანი გლახაკი დაინახა, რომელიც ადგომასა და იმავე მონასტრისაკენ წასვლას ცდილობდა, მაგრამ ძალა არ ჰქოფნიდა. მარტირიმ ძირს დააფინა თავისი მანტია, ზედ დააწვინა დავრდომილი, მერე იგი ზურგზე მოიკიდა და ასე გაეშურა მონასტრისაკენ.

ნათელმხილველის ნიჭით დაჯილდოვებულმა მისმა სულიერმა მოძღვარმა ბერები მსწრაფლ დააყენა ფეხზე ამ სიტყვებით:

- იჩქარეთ, ახლავე გახსენით მონასტრის ჭიშკარი, მოდის მარტირი და თავისი მხრებით მაცხოვარს მოაბრძანებსო.

მარტირიმ ალაყაფის კარს რომ მიაღწია, დავრდომილი მიწაზე დააწვინა, რათა კარები გაეღო; და როცა გლახაკის ასაყენებლად მიბრუნდა, მანტიაზე აღარავინ დახვდა. მან დაინახა ცად ამაღლებული იესო ქრისტე და გაიგონა სიტყვები: „მარტირი, შენ არ უგულვებელმყავი მე მიწაზე და არც მე უგულვებელგყოფ შენ ზეცაში; შენ აქ შემიწყნარე, მე კი შენ საუკუნოდ შეგიწყნარებ“.

მონასტერში შესულ მარტირის ძმები მიეგებნენ. მოძღვარმა ჰკითხა:

- ძმაო, სად არის ის, ვინც შენ მხრებით მოგყავდა?

მარტირიმ ცრემლით უპასუხა:

- მამაო, რომ მცოდნოდა, ვინ იყო, მის ფეხებთან დავემხობოდიო.

ხათუნა რაქვიაშვილი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№16(32). 2004წ. 8 ოქტომბერი