
ერთხელ ამბა აგათონი ქალაქში მიდიოდა, რათა პატარა დოქები და სურები გაეყიდა. გზად კეთროვანს გადაეყარა.
- საით გაგიწევია? - ჰკითხა კეთროვანმა.
- ქალაქს მივდივარ, დოქები და სურები უნდა გავყიდო. - უპასუხა ამბა აგათონმა.
კეთროვანმა სთხოვა:
- ჰქენი სიკეთე, მეც გამიყოლე.
ბერმა მხარზე მოკიდებული ჩაიყვანა იგი ქალაქში.
- მეც იქ დამაწვინე, სადაც შენი საქონლის გაყიდვას აპირებ, - უთხრა ავადმყოფმა.
ბერიც ასე მოიქცა. როდესაც ერთი დოქი გაყიდა, კეთროვანი დაეკითხა:
- რამდენად გაყიდე?
მამა აგათონმა უთხრა, რამდენადაც გაყიდა.
- მაშ, ღვეზელი მიყიდე, - ახლა ეს მოთხოვა კეთროვანმა.
ბერმა უყიდა. როდესაც მეორე დოქი გაყიდა, ისევ ჰკითხა ავადმყოფმა:
- ეგ რამდენადღა გაყიდე?
ბერმა მიუგო, რამდენადაც გაყიდა.
- კიდევ მიყიდე ისეთივე ღვეზელი, აგათონ!
ამბა აგათონმა უყიდა.
ბოლოს, როცა ბერმა ყველაფერი გაყიდა და უკან გამობრუნებას აპირებდა, კეთროვანი შეეკითხა:
რას შვრები, მიდიხარ?
- დიახ! - უპასუხა ბერმა.
- მაშინ, ჰქენი კიდევ სიკეთე, ისევ იქ მიმიყვანე, საიდანაც წამომიყოლე!
ბერმა აიყვანა იგი და ისევ ძველ ადგილას დააბრუნა. და ეუბნება მას კეთროვანი:
- კურთხეულ ხარ შენ, აგათონ, ღვთისაგან ზეცასა და დედამიწაზე!
გაიხედა აგათონმა მისკენ, მაგრამ ვეღარავინ დაინახა, რადგან ეს უფლის ანგელოზი იყო, მის გამოსაცდელად მოვლენილი.
გამოყენებული ლიტერატურა:
ჟურნალი „ღირსსახსოვარი გადმოცემანი
წმიდა და ნეტარი მამების ცხოვრებიდან“
თბილისი, 2001