ღმერთმა მიბრძანა, ყოველთვის შენთან ვიყო

ერთხელ, წმინდა გრიგოლი თავის სენაკში იჯდა და წიგნს კითხულობდა. მასთან ერთი ღარიბი კაცი მივიდა და საწყალობლად უთხრა: „შემიწყალე, შეეწიე ჩემს უმწეობას! მე ერთი გემის მეპატრონე ვიყავი, მაგრამ, ეტყობა, ღმერთმა ჩემი ცოდვების გამო დაუშვა, რომ მთელი ჩემი ქონება ზღვას დაენთქა. გავკოტრდი. გარდა ამისა, უამრავი ვალიც დამედო“. წმინდა გრიგომა კაცის გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და მორჩილს უბრძანა, ამ უბედური კაცისათვის ექვსი ოქროს მონეტა მიეცა. გლახამ თაყვანის სცა წმინდა ბერს და წავიდა, მაგრამ ერთი საათის შემდეგ მობრუნდა და უთხრა: „შემიწყალე მე, ღვთის მონავ! შენ მე ძალზე ცოტა მომეცი, მე კი ძალზე ბევრი დავკარგე“. წმინდა გრიგოლმა კვლავ ექვსი ოქროს მონეტა მისცა. საღამო ხანს გლახა ისევ გამოჩნდა და წმინდა გრიგოლს აცრემლებულმა უთხრა: „ღვთის კაცო, თავხედობად ნუ ჩამითვლი, რომ ისევ შენთან მოვედი, მაგრამ მე ძალზე ბევრი ადამიანის ქონება დავღუპე და პატრონები სატუსაღოში ჩაგდებით მემუქრებიან, შემიწყალე მე უბედური!“

წმინდა გრიგოლმა მოიხმო მორჩილი და უბრძანა, გლახაკისათვის კვლავ ექვსი ოქროს მონეტა მიეცა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ აღარაფერი დარჩენოდათ. „მაშინ რაღაც სხვა მიეცი, - შეწუხდა წმინდანი, - ან ტანსაცმელი, ან რაიმე ჭურჭელი!“ მორჩილმა მიუგო: „ვწუხვარ, რომ გარდა ერთი ვერცხლის თასისა, რომლითაც დედათქვენმა კოლიო გამოგვიგზავნა, არაფერი დაგვრჩა“. „მაშინ ეგ მიეცი! საწყალი კაცი ჩვენგან უსასოდ არ წავიდეს“.

უცნობმა თასი აიღო და გახარებულმა გასწია. ამის შემდეგ აღარც გამოჩენილა. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც წმინდა გრიგოლი რომის ეკლესიის მწყემსმთავარი გახდა, ეს გლახა კვლავ გამოეცხადა მას, ოღონდ სხვა სახით. აი, როგორ მოხდა ეს:

წმინდა გრიგოლი, ჩვეულებისამებრ, ღატაკი მოგზაურებისათვის ტრაპეზს ამზადებდა. მან ხაზინადარს უბრძანა, სუფრა თორმეტი კაცისათვის გაეწყო. როდესაც მოგზაურები მაგიდას მიუსხდნენ, წმინდა გრიგოლმა თორმეტი სტუმრის ნაცვლად ცამეტი დაინახა. მან ხაზინადარი მოიხმო და უთხრა: „ჩემი ბრძანებისაებრ რატომ თორმეტი კაცი არ ზის სუფრასთან? აქ ზედმეტი ადამიანია. ღვთის წინაშე, მე გულითადად გავუმასპინძლდები ორჯერ მეტსაც, მაგრამ შენთვის ცოდვაა უფროსის ნების დარღვევა“. გაკვირვებული ხაზინადარი იფიცებოდა, რომ სუფრასთან მხოლოდ თორმეტი გლახა იჯდა.

წმინდა გრიგოლი თვალს არ აშორებდა სუფრასთან მსხდომთ, განსაკუთრებით მეცამეტეს, რომელიც განაპირას იჯდა. მან შენიშნა, რომ გლახას სახე გამუდმებით იცვლებოდა - ხან მოხუცისა იყო, ხან - ახალგაზრდის. როდესაც სადილი დასრულდა, წმინდა გრიგოლმა ყველა დაითხოვა. მხოლოდ მეცამეტე სტუმარი დაიტოვა თავისთან, ხელი ჩაავლო და თავისი მოსასვენებელი ოთახისაკენ წაიყვანა. აქ იგი მას დაჟინებით ჩააცქედა სახეში და უთხრა: „ყოვლისგამგებელი ღმერთის სახელით გიბრძანებ, მითხარი, ვინ ხარ!“ „მე ის ღარიბი ზღვაოსანი ვარ, - უპასუხა უცნობმა, - რომელმაც შენგან თორმეტი ოქროს მონეტა და ვერცხლის თასი მიიღო. იცოდე, სწორედ იმ დღეს ინება ღმერთმა შენი მღვდელმთავრობა. მე ღვთის ანგელოზი ვარ, შენთან მოვლენილი, რათა შენი განწყობა შემეტყო - პატივმოყვარეობისა და სახელისათვის ხომ არ იძლეოდი მოწყალებას?“

წმინდა გრიგოლს ძლიერ შეეშინდა, მიწაზე დაემხო და შეჰღაღადა: „მაპატიე, იესოს მსახურო, რომ მე, ცოდვილი, ისე გელაპარაკებოდი, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს“. „ნუ გეშინია! - უთხრა ანგელოზმა, - ღმერთმა მიბრძანა, ყოველთვის შენთან ვიყო და შენი ლოცვები მას მივუტანო. ყველაფერს, რასაც გულით ითხოვ, მიიღებ!“ - თქვა და გაუჩინარდა. წმინდა გრიგოლმა კი ღმერთს მადლობა შესწირა.

წიგნიდან
„კეთილმსახურების სასწავლებელი“