წმიდა დიდმოწამე გიორგი ქრისტესთვის მრავალჯერ ეწამა, მაგრამ მისი რწმენა ვერაფერმა შეარყია. ყოველგვარი სატანჯველიდან საღსალამათი გამოდიოდა, რადგან უფალი ეწეოდა. ბოლოს იმპერატორმა დიოკლეტიანემ, რომელიც ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი იყო, გადაწყვიტა ტკბილი სიტყვით დაემორჩილებინა იგი, ამიტომ მრისხნება მოთოკა და წმიდა გიორგის მიმართა: „ხედავენ ჩემი ღმერთები, რომ ძალიან მენანება შენი სიჭაბუკე, გონიერება და ვაჟკაცობა, ვისურვებდი, ჩემთან ერთად გემართა ჩვენი ქვეყანა და ჩემს სამეფოში მეორე ადამიანი ყოფილიყავი, ოღონდ მოინდომე, დაემორჩილე ჩემს ღმერთებს და შენს ტანჯვა-წამებას დიდ მოწყალებად შევცვლი“. წმიდა გიორგიმ მიუგო: „თუ ნებას მომცემ, მეფეო, ერთად შევიდეთ ტაძარში და ვნახოთ ღმერთები, რომელსაც შენ თაყვანს სცემ“. დიოკლეტიანე სიხარულით დათანხმდა, ქურუმებისა და უამრავი ხალხის თანხლებით აპოლონის საკერპოში შევიდა. კერპებისათვის შესაწირი მსხვერპლი მოამზადა და წმიდა გიორგის წინ დაუდო. ყველას აინტერესებდა რა მოხდებოდა. წმიდა გიორგი აპოლონის კერპს მიუახლოვდა, ხელი შემართა და, როგორც ცოცხალს, ისე ჰკითხა: „ეს შენ გინდა, როგორც ღმერთმა, ჩემგან მსხვერპლი მიიღო?“ ამის თქმისთანავე ჯვარი გადაწერა მას. ამ კერპში მცხოვრებმა ეშმაკმა კი უპასუხა: „არა, მე ღმერთი არა ვარ, არც სხვანი არიან ღმერთები, რომლებიც მე მგვანან. ღმერთი მხოლოდ ერთია, ის, ვისაც შენ ქადაგებ - იესო ქრისტე“. მაშინ წმიდანმა მიუგო მათ: „როგორ ბედავთ, იყოთ იქ, სადაც მე, ჭეშმარიტი ღმერთის მსახური მოვედი“. ამ სიტყვების შემდეგ საშინელმა ხმაურმა შეძრა იქაურობა, კერპები ძირს დაენარცხა და დაიმსხვრა.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება
ბავშვებისათვის“
№19(35) 2004 წ. 19 ნოემბერი