ორი ეპიზოდი წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრებიდან

როგორც მწყემსმა უნდა იზრუნოს თითოეულ ცხვარზე, ასევე ეპისკოპოსმა უნდა იზრუნოს ყოველ ადამიანზე თავის ეპარქიაში. ასეთი მზრუნველი მღვდელმთავარი იყო წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი (1825-1896). ის ერთხელ შეადარეს დიდ ფოთლოვან ხეს, რომლის ჩრდილქვეშ 35 წელი ცხოვრობდა მისი მრევლი (ის 35 წელი იყო იმერეთის ეპისკოპოსი).

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი განსაკუთრებით ზრუნავდა ბავშვებზე და ეხმარებოდა მათ, რომ მიეღოთ სწავლა-განათლება. ის მრავალ მოსწავლეს საკუთარ სახლში ინახავდა და სწავლის ქირას უხდიდა.

ერთხელ, როცა ეპისკოპოსი თავის ეპარქიაში მოგზაურობდა, გზაზე ავაზაკი დაესხა თავს და გაძარცვა მოუნდომა. წმიდა გაბრიელმა ჯვარი გადასახა ჭაბუკს და უთხრა: შვილო, მე საწყალი ბერი ვარ, გაბრიელ ეპისკოპოსი, ფული სადა მაქვსო. ეს სახელი თურმე ავაზაკსაც ჰქონდა გაგონილი და შეკრთა. ეპისკოპოსმა განაგრძო: ასეთი საუცხოო ყმაწვილი, სიცოცხლით და მშვენიერებით სავსე, ავაზაკად როგორ გავარდი, რამ მიგიყვნა მაგ ზომამდე? წამოდი ჩემთან და თუ რამე გჭირდება, მე გიპატრონებო. ჭაბუკმა ჯერ უარი თქვა: „მე რაღა მეშველება აწი, ბატონო, ჩემი საქმე წასულია, ავაზაკობის მეტი აღარა დამრჩენიაო“, მაგრამ მღვდელმთავარი არ მოეშვა, თან წაიყვანა, გაზარდა და სკოლაში მასწავლებლად განაწესა. ეს ამბავი გამჟღავნდა წლების შემდეგ, როცა ამ კაცმა, უკვე მასწავლებელმა, შუა გაკვეთილზე მოულოდნელად გაიგო გაბრიელ ეპისკოპოსის სიკვდილი და ტირილი აუვარდა. მაშინ მან ყველას უამბო თავისი თავგადასავალი.

წმიდა ეპისკოპოსი ხშირად მალავდა ხოლმე, როცა სიკეთეს აკეთებდა. ერთხელ ქუთაისში ტუსაღებისათვის საცვლები შეაკერინა და თეთრ პურთან ერთად გაუგზავნა. თან ბრძანა, არავითარ შემთხვევაში მისი სახელი არ ეხსენებინათ.

მეორედ ცოტა სასაცილო რამ შეემთხვა. ქუთაისში ის არქიელის გორაზე ცხოვრობდა. ერთ ზამთარს მისმა მორჩილმა შენიშნა, რომ ღამ-ღამობით შეშა იკარგებოდა. ადგა და დაუდარაჯდა. შუაღამისას, მართლაც, გამოჩნდა კაცი, რომელმაც შეშა აიღო და გაპარვას აპირებდა. მოსამსახურემ ზურგში სდრუზა „ქურდს“. ნელა, შე ოჯახაშენებულო - წამოიყვირა კაცმა... გაოგნებულმა მორჩილმა იცნო გაბრიელ ეპისკოპოსის ხმა. აღმოჩნდა, რომ მღვდელმთავარი ერთ ღარიბ მრავალშვილიან ოჯახს შეშას უზიდავდა.

ერთგულებისათვის არ დაგსჯიო, სიცილით უთხრა მორჩილს გაბრიელმა.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№3(19). 2004წ. 5 თებერვალი