ცად აღვლენილი ყრმა

ქრისტეს დაბადებიდან ოთხასი წლის შემდეგ კონსტანტინეპოლში დიდი მიწისძვრა მოხდა, რომელიც სახლებსა და ნაგებობებს არყევდა და ანადგურებდა. ამ მოვლენით შეშფოთებული მეფე თეოდოსი II და ქალაქის მცხოვრებნი თვალებს ცისკენ აღაპყრობდნენ და ღმერთს შველას ევედრებოდნენ.

საერთო ლოცვის დროს ერთი ღვთისმოსავი ყრმა ყველას თვალწინ უხილავმა ძალამ ცად აიტაცა და შემდეგ უვნებლად დაუშვა დედამიწაზე.

დაბრუნებულმა მოუთხრო გარშემომყოფთ, თუ რა იხილა ცად აღვლენილმა და თუ რა სიტყვებით უგალობდნენ უფალს ანგელოზები: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო“.

ნანახით შეძრულმა და გულაჩუყებულმა ხალხმა მაშინვე გაიმეორა ეს ლოცვა და თავის მხრივ დაუმატა: „შეგვიწყალენ ჩვენ!“ მიწისძვრა მაშინვე დაცხრა.

მას შემდეგ ეს ლოცვა „ანგელოზთა საგალობლის“ სახელით არის ცნობილი და იგი იკითხება სამგზის - სამების სამპიროვნების სადიდებლად.

ღმერთში იგულისხმება წმიდა სამების პირველი პირი - მამა ღმერთი, ძლიერში - ძე ღმერთი, რადგანაც იგიც ისეთივე ყოვლადძლიერია, როგორც მამა ღმერთი, თუმც კი ადამიანური ბუნებით ევნო და იტანჯა კაცთათვის.

უკვდავში - სულიწმიდა, იმიტომ, რომ იგი არა მხოლოდ მარადიულია, ისევე, როგორც მამა და ძე, არამედ ყოველ სულიერს შთაბერავს სიცოცხლესა და უკვდავ სულს.

რადგან ამ ლოცვაში სიტყვა „წმიდა“ სამგზის მეორდება, მას სამწმიდაობითი ლოცვა ეწოდება.

ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა
„ქრისტიანული ცხოვრების მოვლენები  წარსულის სინამდვილიდან“,
თბილისი, 2000წ.