1121 წლის აგვისტო იდგა. ქვიშასავით მოადგა ურიცხვი მტერი თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს, „თჳთ ფერჴთა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა“. წმიდა მეფე დავით აღმაშენებელმა წყნარად, უშფოთველად და ბრძნულად განაწყო სპა ისე, რომ არა მარტო გამარჯვებაზე იზრუნა, არამედ თავის მცირერიცხოვან მხედრობასაც გაუფრთხილდა.
ბრძოლის დაწყების წინ მეფემ სიტყვით მიმართა ლაშქარს: „ეჰა, მეომარნო ქრისტესნო“, თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით, მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტიოთ“...
უკან დახევაზე არც უფიქრია ვინმეს. მეფის გასაოცარმა საბრძოლო ტაქტიკამ მტერი შიშით გათანგა. მაგრამ რაც უფრო მნიშნვნელოვანია, „ჴელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თჳსითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისა“.
დიდგორის ომმა დიდი ხნით და საფუძვლიანად გადაუტეხა ხერხემალი ქართველთა მტრებს.
წმიდა გიორგი იბრძოდა ხილულად ქართველთა ლაშქარში შაჰ-აბასის წინააღმდეგაც, XVII
საუკუნეში. მემატიანე მოგვითხრობს, რომ „ცხადად იხილვებოდა მთავარმოწამე გიორგი
ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომსრბოლი წინამავალად მათდა“.
წმინდათა ცხოვრება, თბილისი, 2001 წ.
წმიდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესთაგანია შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესია. მის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, ურჯულო მტრის შემოსევისას, ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი დაბანაკებულა იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმიდა გიორგის ეკლესია იყო აგებული და გულმხურვალედ ევედრებოდა წმიდა მოწამეს შეწევნას მოსალოდნელ ბრძოლაში. გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სახილველი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმიდა გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესიას.
წმიდა გიორგის წამება და საკვირველებანი, თბილისი, 2003
მოგეხსენებათ, ჩვენში ერთ დროს ძალიან იყო გავრცელებული ყმაწვილების მოტაცება და გაყიდვა უსჯულოებზე. ასე მიჰყიდეს ერთი ბიჭი ფაშას, რომელმაც იგი დაიყენა თავისთან. ყოველ ღამით ბიჭს მასთან შემოჰქონდა თასით წყალი და ფეხს ბანდა. ბიჭი მორწმუნე ოჯახში იყო გაზრდილი და ისე არ დაწვებოდა, რომ არ ელოცა. ერთხელაც წააწყდა წმიდა გიორგის ხატს და ძალიან გაიხარა. წმიდა გიორგის მთელი მისი ოჯახი სცემდა თაყვანს და ოჯახის მფარველადაც მიაჩნდათ. ბიჭს მისდამი ცოცხალი რწმენა ჰქონდა. იგი მთელი გულითა და არსებით შეევერდა ხატს დახმარებოდა და ოჯახში დაებრუნებინა. და მოხდა საოცრება: საღამოს, როცა წესისაებრ იგი ფაშას ოთახისაკენ თასით ხელში გაეშურა, უეცრად საკუთარ სახლში, მამამისის ფეხებთან აღმოჩნდა. ასე აუსრულა წმიდა გიორგიმ გულისწადილი ბიჭს.