დავით მეფის სინანული

ეჭვი და უჯერო ფიქრი ზოგჯერ წმინდა ადამიანებსაც სწვევია, მაგრამ უმალვე საღვთო განგებულებას გაუფანტავს მათი ყოველგვარი დაეჭვება.

რა დიდი იყო მეფეთა შორის დავით აღმაშენებელი, ფრიად მორწმუნე და მსასოებელი ღვთისა, მაგრამ სვეტიცხოვლის მიმართ ერთხელ ცოტაოდენად დაეჭვდა და გულში ასე ამბობდა: „ვიცი კი, რა დევს ამ სვეტის ქვეშ და რასა ვცემ თაყვანს?“ და ამას იქმოდა ბოროტი სულის ჩაგონებით, რომელიც მტერია კაცთა მოდგმისა და, განსაკუთრებით, წმინდა და ღვთისმოსავი ადამიანებისა.

ერთხელაც, როცა მეფე დავითი ქვემო ქართლის მხრიდან მოემართებოდა, ეკლესიაში შევიდა და ცხოველ სვეტს მიეახლა მოსალოცად, თუმც კი დაბრკოლებული ეჭვებით. მოლოცვის შემდეგ თავისთან წავიდა და იმ ღამით ასეთი ჩვენება იხილა: ცხოველ სვეტს მოხუცი ვინმე დასდგომოდა და იმგვარი ნათლით იყო გაბრწყინებული, რომ ადამიანი თვალს ვერ გაუსწორებდა. ამ საკვირველი სახილველით შეძრწუნებულ მეფეს მოხუცმა საშინელი ხმით მიმართა ზემოდან და უთხრა:

- დავით, დავით! განა არ იცი, ვინა ვარ, რომელსაც აქ მხედავ?! იცოდეთ შენც და ყველამ, რომ ვისაც ჩემდამი მტკიცე სასოება აქვს, არასოდეს იქნება სირცხვილეული! მაშ, ნუ იქნები ურწმუნო ჩემს მომართ ნურაფერში, რამეთუ ყოველი ურწმუნო დიდ სასჯელს მიიღებს!

დავითი ძალზე შეშინდა, ძილი გაუკრთა, უმალ წამოიჭრა საწოლიდან, ამხედრდა და ღამიანად წავიდა ეკლესიაში. როცა პატრიარქმა და მცხეთას მყოფებმა მეფე დაინახეს, ასე უდროოდ და მოულოდნელად მოსული, დიდად განკვირდნენ და შეშინდნენ. მეფე კი მაშინვე ცხოველ სვეტს მიეახლა, დაემხო მის წინაშე, ცრემლით ალტობდა იატაკს და მხურვალედ ევედრებოდა უფალს შენდობას თავისი უწინდელი ცდუნებისა და ეჭვისათვის.

პატრიარქმა ჰკითხა მეფეს, რა შეგემთხვაო და მანაც დაწვრილებით მოუთხრო ყოველივე, რაც კი იმ ღამეს ჩვენებით იხილა. პატრიაქტმა და ყველა იქ მყოფმა ერთხმად განადიდეს უფალი და სვეტიცხოველი.

გამოყენებული ლიტერატურა:
„ქრისტიანული მოთხრობები საქართველოს ისტორიული წარსულიდან“
თბილისი, 2002