ერთხელ, ქუჩაში მიმავალ იოანე მოწყალეს ერთი პატივსაცემი და კეთილშობილი მამაკაცი მიუახლოვდა. მისთვის ქურდებს მთელი ქონება წაერთმიათ, რის გამოც გაღატაკებულიყო. წმინდა იოანეს შეებრალა იგი და მსახურს ჩუმად დაავალა, ეკლესიის ეკონომებისათვის ეთქვა, ამ კაცისათვის თხუთმეტი ფუტი ოქრო მიეცათ. ვინაიდან ეკლესიის ხაზინაში ოქრო ცოტა დაჩენილიყო, ეკონომები არ დაემორჩილნენ პატრიარქის განკარგულებას და იმ კაცს მხოლოდ ხუთი ფუტი ოქრო მისცეს. როცა წმინდა იოანე სახლში ბრუნდებოდა, ერთი მდიდარი ქალბატონი მიუახლოვდა და ქარტია გადასცა, რომელშიც ეწერა, რომ იგი ეკლესიას ხუთას ფუტ ოქროს სწირავდა. წორდესაც წმინდა იოანემ ქარტია წაიკითხა, სულიწმიდის მადლით განჭვრიტა, რომ ქალბატონს ბოლომდე არ გაეღო ის ოქრო, რის გაცემასაც სინამდვილეში აპირებდა. უფალმა ასე ეკონომების სამხილებლად ინება. წმინდა იოანემ მათ მოუხმო და დაეკითხა, რამდენი ფუტი ოქრო მისცეს გაღატაკებულს. „როგორც შენ გვიბრძანე, თხუთმეტი ფუტი“, - იცრუეს ეკონომებმა. პატრიარქმა ამხილა მათი სიცრუე, სიხარბე და ურჩობა: „ერთი კეთილშობილი ქალბატონი ათასხუთასი ფუტი ოქროს მოცემას აპირებდა, მაგრამ რადგანაც თქვენ ათი ფუტი ოქრო დაიკავებთ, ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ამ ქალბატონმა ათასი ფუტი ოქრო მოაკლო და მხოლოდ ხუთასი შემოგვწირა. ამაში თავად დარწმუნდებით“.
წმინდანმა ქალბატონი მოიხმო და ეკონომების თანდასწრებით ჰკითხა: „რამდენი ფუტი ოქროს შეწირვას აპირებდი ეკლესიითვის?“ მან მიუგო: „ცოტა ხნის წინ, მეუფევ, მართლაც გადავწყვიტე, შენი უწმიდესობისთვის ათასხუთასი ფუტი ოქრო გადმომეცა, რისი წერილობითი მოწმობაც შევადგინე, მაგრამ დღეს, როდესაც გავხსენი და ვნახე, არ ვიცი რაგვარად, სიტყვა „ათასი“ ამოშლილიყო და მხოლოდ ხუთასი ეწერა. ჩავთვალე, რომ უფალი არ აკურთხებდა ჩემს გადაწყვეტილებას და როგორც ეწერა, ისე მოვიქეცი“. ამის გამგონე ეკონომები ძლიერ შეშინდნენ, შერცხვათ წმინდანის ფეხებთან დაემხვნენ და პატიება ითხოვეს.
წიგნიდან
„კეთილმსახურების სასწავლებელი“