მიტევების შესახებ

მიტროპოლიტ ანტონის (სუროჟელი) მოგონებიდან

ჭაბუკობისას ერთ ამხანაგს ვეჩხუბე. მივედი ჩემს სულიერ მოძღვართან, მამა ათანასესთან და ვუთხარი:

- რა ვქნა, ვეჩხუბე კირილეს და არ შემიძლია ვაპატიო.

მამა ათანასემ მშვიდად შემომხედა და მითხრა:

- „მამაო ჩვენოს“ წაკითხვისას, იმ ადგილამდე რომ მიხვალ, სადაც წერია: „და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი“, ასე თქვი: „უფალო, ნუ მომიტევებ მე თანანადებსა ჩემსა, რადგან მე არ შემიძლია, მივუტევო კირილეს“.

- არ შემიძლია ამის თქმა, - მივუგე მე.

- ასე უნდა თქვა, სხვაგვარად არ შეიძლება, - მითხრა მოძღვარმა.

მაშინ შევეცადე, ასე მელოცა, მაგრამ იმ ადგილამდე რომ მივედი, ვერ შევძელი ისეთი სასტიკი სიტყვების წარმოთქმა, მოძღვარმა რომ მითხრა. ისევ დავბრუნდი მამა ათანასესთან. მან ასე დამარიგა: „რადგან არ შეგიძლია ამ სიტყვების წარმოთქმა, გამოტოვე“.

ამასაც შევეცადე, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან სწორედ მიტევებაა ის ზღვარი, რაც ჩემს გადარჩენასა (ცხონებასა) და დაღუპვას შორის ძევს. ისევ დავბრუნდი მამა ათანასესთან. ამჯერად მან ასე მირჩია:

- რაო, გეშინია, რომ დაიღუპები? მაშინ, ასე თქვი: „უფალო, მე ძალიან მინდოდა, მეპატიებინა კირილესთვის, მაგრამ ვერ შევძელი. შენ ხომ შეგიძლია შემინდო, რადგან მე ეს მსურდა“.

ეს რომ ვცადე, გამომივიდა და ვიგრძენი, როგორი უაზრობა იყო ჩემი სიბრაზე. მაშინ წამოვიძახე: „შემიძლია კირილეს პატიება. იგი არც ისე დამნაშავეა ჩემს წინაშე. ჩვენ ორივენი დამნაშავენი ვართ“.

ამის შემდეგ მე და კირილე შევრიგდით და ლოცვაც აღარ გამჭირვებია.