იოსები კიდევ არ გაუტყდა ძმებს. იმიტომ, რომ უნდოდა, ჯერ გაეგო, ჰქონდათ თუ არა მათ შური უმცროსი ძმისა, რომელიც იოსების შემდეგ მამას მომეტებულად უყვარდა. მზად იყვნენ თუ არა, გამოსარჩლებოდნენ მას და ებრალებოდათ თუ არა მოხუცი მამა. ამ განზრახვით იოსებმა უბრძანა, ბენიამენის ტომარაში ჩუმად ჩაეტანებინათ თავისი ვერცხლის აზარფეშა.
როცა ძმები, რომელთაც ეს ამბავი ფიქრადაც არ მოუვიდოდათ, წავიდნენ თავიანთ გზაზე, იოსებმა გამოუყენა მათ უკან თავისი ეზოსმოძღვარი.
„სიკეთისათვის ბოროტი რად გვიყავით?“ - დაუყვირა მათ სახლის გამგებელმა, როდესაც დაეწია და გააჩერა გზაზე.
ძმები სახტად დარჩნენ, ერთმანეთს დაუწყეს ცქერა და არ იცოდნენ, თუ რაზე იყო ლაპარაკი.
„რად მოიპარეთ აზარფეშა ჩემი ბატონისა, ის აზარფეშა, რომლითაც იგი ღვინოსა სვამს?“
„რას ბრძანებ, ბატონო? - მიუგეს შეძრწუნებულმა და შეშინებულმა ძმებმა, - ჩვენ იმისთანა ხალხი როდი ვართ, რომ მაგისთანა საქმე ჩავიდინოთ? თუ ჩვენგანს ვისმეს ის აზარფეშა უპოვეთ, სიკვდილით დაისაჯოს და ჩვენც ყველანი გავხდეთ მონანი შენის ბატონისა“.
„კარგი, აგრე იყოს. ვისაც ვუპოვნი აზარფეშას, ის ჩემი მონა უნდა გახდეს“.
ეს რომ თქვა ეზოსმოძღვარმა, დაუწყო გახსნა ყველა ტომარას და გაუჩხრიკა ყველას, უფროსიდან დაწყებული უმცროსამდის. აზარფეშა აღმოჩნდა ბენიამენის ტომარაში.
საშინელი თავზარი დაეცათ ძმებს. სიმწარით ტანისამოსი გაიგლიჯეს და სახედრებს უკანვე აქნევინეს პირი. როცა იოსების წინაშე წარდგნენ, მან სასტიკი საყვედურით მიიღო ისინი.
მაშინ იუდა წინ წარდგა და მოახსენა: „რაღა გვეთქმის, ბატონო, და რითიღა გავიმართლებთ თავს? ღმერთი უწინდელი შეცდომებისათვის გვსჯის ჩვენ. აი, ახლა ჩვენ, სულ ყველანი, შენს მონებად ვრჩებით“.
„არა, - მიუგო იოსებმა, - მე მაგას არ ვიქმ. ჩემს მონად უნდა დარჩეს მარტო ის, ვის ტომარაშიც აზარფეშა იპოვეს. თქვენ კი ყველას, შეგიძლიათ მშვიდობით დაბრუნდეთ მამასთან“.
მაშინ იუდამ ხვეწნა და ვედრება დაუწყო, რომ არ ექნა ეს იოსებს მათთვის: „მოხუცებულ მამაჩვენს ერთი დღეც არ შეუძლია იცოცხლოს უბენიამენოდ. თუ იგი მას დაკარგავს, უსათუოდ ჯავრით მოკვდება. როგორღა უნდა ვეჩვენო მოხუცებულ მამას, რა უნდა ვუთხრა, როგორ ვუცქირო მის საცოდაობას? არა, დამტოვე ამ ყმაწვილის მაგივრად შენს მონად და მას კი ნება მიეცი, წავიდეს შინ თავის ძმებთან ერთად“.
მაშინ კი იოსებმა ვეღარ შეიმაგრა თავი და ვეღარ დამალა თავისი ვინაობა. დაითხოვა გარეთ ყველა მსახური და როცა ძმებთან მარტო დარჩა, მდუღარე ცრემლი წასკდა და დაიძახა: „მე იოსები ვარ! ცოცხალია კიდევ მამაჩემი?“
ძმებს გონება სრულიად დაეკარგათ საშინელი განცვიფრებისაგან. მათ ერთი სიტყვაც ვერ მიუგეს, ისე შეეშინდათ. სირცხვილმა და შიშმა მომიცვა ისინი და იდგნენ ძმის წინ თავზარდაცემულნი.
მაშინ იოსებმა თქვა: „ახლო მოდით ჩემთან“.
მივიდნენ, მაგრამ ხმას კიდევ ვერ იღებდნენ.
„მე იოსები ვარ, - გაუმეორა, - თქვენი ძმა, სწორედ ის, რომელიც ეგვიპტელებს მიჰყიდეთ. მაგრამ ნუ სწუხართ ჩემს გაყიდვაზე. თვით უფალმა მომიყვანა აქ თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად. გაეჩქარეთ მამაჩემთან და ახარეთ ჩემი დიდება ეგვიპტეში. უთხარით ყველაფერი, რაც აქ ნახეთ და ჩქარა მომგვრეთ აქ“.
მერე გაექანა, მოეხვია ყელზე ბენიამენს, ჰკოცნიდა და ორივე ტიროდა სიხარულით. მერე თვალცრემლიანმა ყველა ძმა დაჰკოცნა. ისინიც ტიროდნენ და ერთმანეთს ერწყმოდა მათი ცრემლები. მხოლოდ ეხლა აეხსნათ მათ ენა და დაუწყეს იოსებს ლაპარაკი.
ფარაონმა რომ შეიტყო თავისი საყვარელი იოსების სიხარული, თვითონაც გაიხარა და უბრძანა, რომ მის მაგივრადაც მოოეწვიათ იაკობი ეგვიპტეში. იოსებმა გაისტუმრა ძმები მრავალი საჩუქრით და მდიდრული ეტლები გაატანა მამის გადმოსაყვანად.
/დაბ. 44, 1-34; 45, 1-24/