აბრაამი და მისი ცოლი სარრა გახდნენ ღირსი მეტად დიდი და გაუგონარი პატივისა: როდესაც მათ ჰქონდათ კარვები დაცემული მამბრეს დიდ მუხასთან, მათ თავიანთ სადგომში სტუმრად მიიღეს უფალი ღმერთი. იგი გამოეცხადა მათ შემდეგი უბრალო სახით:
შუადღე იყო და აბრაამი იჯდა კარვის კარებთან. აიხედა მაღლა და მახლობელად დაინახა სამი მოგზაური. წამოდგა მაშინვე, მიეგება მათ წინ, დაუკრა თავი და თხოვნით მიმართა იმას, რომელიც უფროსსა ჰგავდა: „უფალო, თუ მე ღირსი ვარ შენი მოწყალებისა, ნუ ამიქცევ გზას, მიკადრეთ, მობრძანდით, დაისვენეთ ამ ხის ძირში და ცოტაოდენი დანაყრდით“.
მოგზაურები დათანხმდნენ და მივიდნენ ჩრდილქვეშ. აბრაამი გაეშურა კარავში და უთხრა სარრას: „ჩქარა მოზილე და გამოაცხვე ხმიადები“. მერე გაიქცა საქონლის ფარაში, თავისი ხელით ამოარჩია უკეთესი ხბო და უბრძანა, საჩქაროდ მოემზადებინათ.
როცა ყველაფერი დამზადდა, აბრაამმა მიართვა სტუმრებს პური, რძე, კარაქი და ხბოს ხორცი. თვითონაც თავს დაადგა, სთავაზობდა საჭმელს და ემსახურებოდა სტუმრებს. მაშინ ერთმა სტუმართაგანმა უთხრა აბრაამს: „მერმის სწორედ ამავე დროს გეწვევი შენ და შენს ცოლს მაშინ შვილი ეყოლება“.
სარრა ამ დროს კარებში იდგა და, რომ გაიგონა ეს სიტყვები, გულში ჩაიცინა. მაშინ სტუმარმა თქვა: „რად გაიცინა სარრამ და რად გაიფიქრა გულში, სიბერის დროს შვილი როგორღა უნდა მეყოლოსო? განა ღვთისათვის არის რაიმე ძნელი, რისი აღსრულებაც მას არ შეეძლოს?“
სარრამ და აბრაამმა ცხადად დაინახეს, რომ სტუმარმა ისიც იცოდა, რასაც კაცი გულში იფიქრებდა, და უწყოდა მომავალი. მაშინ იმათ ცნეს (გაიგეს), ვინ იყვნენ მათი სტუმრები. ერთი მათგანი იყო თვით უფალი, ორნი - ანგელოზები.
სადილის შემდეგ უცნაური სტუმრები ადგნენ და წავიდნენ სოდომისაკენ. გახარებული აბრაამი გასაცილებლად თან გაჰყვა მგზავრებს. ორნი ჩქარა დაწინაურდნენ, უფროსი კი აბრაამთან დარჩა. მაშინ უფალმა გამოუცხადა აბრაამს, სოდომელების ცოდვები ზეცას შემოჰღაღადებენ და მე გადავწყვიტე, მათი სახსენებელი ამოვაგდო ქვეყანაზეო.
აბრაამს შეეშინდა, ჩემი ძმისწულიც სხვებთან ერთად არ დაიღუპოსო და დაუწყო ვედრება უფალს, დაეფარა უსჯულო ქალაქი, თუ იქ რამდენიმე მართალი კაცი მაინც იქნებოდა: „უფალო, შენ ხარ მართლმსაჯული და ნუთუ მართლებსაც ბიწიერებთან ერთად დაღუპავ? თუ იქ ორმოცდაათი მართალი კაცი იქნება, ნუთუ მათთვის არ დაიფარავ მთელ ქალაქს?“
უფალმა უპასუხა, რომ იგი ყველას აპატიებდა, თუ ამდენი მართალი კაცი მათ შორის აღმოჩნდებოდა.
აბრაამმა კიდევ გაბედა და ჰკითხა: „იქნებ ორმოცდახუთი იყოს? ნუთუ მთელ ქალაქს დაღუპავ ხუთი მართლის დაკლებისათვის?“
უფალმა მიუგო, რომ არც მაშინ დასჯიდა ქალაქს.
მოწყალე პასუხით წაქეზებულმა აბრაამმა თანდათან დააკლო მართალთა რიცხვს: თუ ორმოცი იქნება? თუ ოცდაათი? თუ ოცი? თუნდ ათიც რომ იყოს?
უფალმა ბოლოს უპასუხა: „არ დავღუპავ ქალაქს ათი მართალი კაციც რომ იყოსო“.
/დაბ. 18, 1-32/