ძველი აღთქმა

გამოსვლათა წიგნი

სჯულის მიცემა სინას მთასთან

სამი თვის შემდეგ ისრაელნი მიადგნენ უფლისაგან დანიშნულ მთას. ამ მთას ორი წვერი ჰქონდა. უფრო დაბალ წვერს, სადაც მოსეს ღმერთი გამოეცხადა, ერქვა ქორები, და უფრო მაღალს სინა ეწოდებოდა. ღვთის ნების თანახმად, ისრაელნი ჩამოხდნენ და სინას მთის ძირას დასცეს კარვები. მოსე მაშინვე ზემოთ, თავისთან იხმო უფალმა. აქ მას ციურმა ხმამ უბრძანა: „მოამზადე ხალხი, ვინაიდან მესამე დღეს სინას მთაზე ჩამოვა თვით უფალი ღმერთი. ხალხი გარს შემოარტყი მთას და ყველა გააფრთხილე, რომ მთაზე ფეხი არავინ შედგას და არც შეეხოს მას, ვინც მას შეეხება, უთუოდ სიკვდილით მოკვდება“.

მოსემ აღასრულა ღვთის ნება, მოამზადა ხალხი და ჩააცმევინა სადღესასწაულო ტანისამოსი.

მესამე დღე რომ დადგა, სინას მთა შეიმოსა შავი ღრუბლით, ატყდა ჭექა-ქუხილი, იწყო საშინელი ელვა და მოისმა საყვირის ხმა. მოსე ამ დროს ღვთის წინაშე იდგა მთაზე, მორთული ხალხი კი მთას გარს ერტყა და შიშით კანკალებდა. შემდეგ ყველაფერი დაიბინდა, დადგა სიმყუდროვე და ჩამოვარდა სიჩუმე. ამ დროს მთიდან მკაფიო და გარკვეული ხმით მოისმა: „მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე“. და უფალმა ამ სახით თავისი პირით წარმოთქვა ისრაელთა წინაშე ათი მცნება. მთელი ხალხი კრძალვით გაქვავებული ისმენდა ღვთის სიტყვას.

ჭექითა და ელვით უფლის გამოცხადებამ ძლიერ შეაშინა ხალხი. ამიტომ მათ მოსეს სთხოვეს, უფალს მარტო შენ ელაპარაკე, ჩვენ ნუღარ გველაპარაკება პირდაპირ, თორემ შიშით დავიხოცებით, და რასაც შენ უფალი გეტყვის, ჩვენ ყველას ავასრულებთო. მოსემ მათ უპასუხა: „არ დაიხოცებით. უფალი ახლა იმიტომ გამოგეცხადათ მრისხანე სახით, რომ გქონდეთ მისი შიში და არ გაბედოთ დარღვევა მისი ნებისა და ბრძამებისა“.

შემდგომ მოსე ავიდა სინას წვერზე, შიგ ღრუნელში. აქ უფალმა მის წინ გამოთქვა სხვადასხვა კანონი სჯულისა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უყვარდეთ ღმერთი ისრაელთ, როგორ უნდა სცემდნენ მას თაყვანს, რომელნი საქმენი არიან მისთვის საამონი, და რომელნი - საწყინონი, როგორ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, როგორი სასამართლოები უნდა დაწესდეს ისრაელთა შორის და სხვანი.

მთიდან რომ ჩამოვიდა, მოსემ ეს ყველაფერი გამოუცხადა ხალხს, გააგებინა, აუხსნა, ჩაწერა ცალკე წიგნში და ისრაელთ ფიცი ჩამოართვა, რომ ისინი იქნებოდნენ ერთგულნი აღმასრულებელნი ღვთისაგან მოცემული სჯულისა და კანონებისა.

/გამოსვლათა წიგნი 19, 1-21; 20, 21, 22,23/