ძველი აღთქმა

გამოსვლათა წიგნი

ისრაელთა მგზავრობა სინას მთამდე

ქანაანის გზა წითელი ზღვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიდიოდა. მაგრამ ისრაელთ ამ გზას გვერდი აუქციეს, მათ სურდათ, ელოცათ უფლის წინაშე და მისთვის მადლობა შეეწირათ იმ მთასთან, სადაც იგი გამოეცხადა მოსეს. ამიტომ მათ სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაუხვიეს. ისინი დაადგნენ დიდ, შიშველ უდაბნოს, სადაც არ იყო არც ნახნავ-ნათესი, არც სიმწვანე, არც მდინარეები, არც წყაროები, არც გზები და არც ადამიანისშვილის ჭაჭანება. ცხელი ქვიშის მეტი გარშემო არა მოჩნდა რა.

ზღვაში გასვლის შემდეგ სამი დღე მწყურვალენი იყვნენ. ბოლოს მიაგნეს ერთ წყაროს, მაგრამ წყალი შიგ მეტად მწარე იყო და დასალევად არ ვარგოდა. მაშინ ხალხმა დაიწყო დრტვინვა და ყვედრება. მოსემ უფალს შესთხოვა შველა და მან ერთი ხე უჩვენა წამლად. ეს ხე, ღვთის ბრძანებით, მოსემ წყაროში ჩააგდო, წყალი დატკბა, სასიამოვნო გემოსი შეიქმნა და ხალხმა მოიკლა წყურვილი.

ცოტა ხნის შემდეგ ისრაელთ გამოელიათ სამგზავრო პური, რომელიც ეგვიპტიდან ჰქონდათ წამოღებული. იმის მაგიერ, რომ უფლისათვის ეთხოვათ შველა და შეწევნა, ისინი მიადგნენ მოსეს და აარონს და დაუწყეს საყვედური: „თქვენ დასახოცად წამოგვიყვანეთ აქ, ის არა სჯობდა, ისევ ეგვიპტეში მოგვღებოდა ბოლო? იქ ჩვენ ქვაბებით გვედგა წინ ხორცი და პური კი თავზე საყრელი გვქონდა, ხოლო აქ ყველაფერს მოკლებულნი ვართ“.

მოსე მიიქცა ლოცვით უფლისადმი და მან მისცა საზრდო მშიერ ხალხს. მეორე დილას ისრაელთ გარშემო მიწა დაიფინა რაღაც პატარა, თეთრი და მრგვალი ნამცეცებით, რომლებიც მიწაზე წვრილი ხოშკაკალასავით ეყარა. „რა არის ეს?“ - ეკითხებოდნენ ერთმანეთს ისრაელნი. „ეგ არის პური, რომელიც თქვენ საზრდოდ მოგანიჭათ ღმერთმა“, - უპასუხა მოსემ. ზეციურ პურს დაერქვა „მანანა“. ეს მრგვალი მარცვლები იყო ისეთივე ტკბილი და ისეთივე ნოყიერი, როგორც საუკეთესო პური. ამის შემდეგ მანანა ისრაელთათვის ციდან ყოველდღე მოდიოდა, გარდა შაბათისა, სანამ ქანაანის ქვეყანაში არ შევიდნენ და არ დამკვიდრდნენ.

მალე წყალი ისევ შემოაკლდათ, ხელახლა ატყდა მათ შორის სამდურავი. მოსემ კვლავ შესთხოვა უფალს შემწეობა და მან უბრძანა, კლდისთვის დაეკრა კვერთხი. მოსემ დაჰკრა კლდეს კვერთხი და კლდემ წყალი შადრევანივით გადმოასხა. მწყურვალე ხალხი საჩქაროდ დაეწაფა წყალს და წყურვილი მოიკლა.

ამის შემდეგ ისრაელთ თავს დაესხა ერთი ავაზაკი ხალხი, რომელიც იმ უდაბნოში ცხოვრობდა. მოსემ საომრად თავისი თანაშემწე, ისუ ნავე გაგზავნა, თვითონ კი მაღლა, მთაზე ავიდა, აღაპყრო ხელებიდა უფალს ევედრებოდა. როცა მოსეს ხელები მაღლა ჰქონდა, ისრაელნი სძლევდნენ მტერს, როცა დაღლილობის გამო ხელებს დაბლა უშვებდა, მტერი სძლევდა მათ. ეს რომ აარონმა და ერთმა სხვა კაცმა შენიშნეს, რომლებიც მოსესთან იყვნენ, მოსეს ორივე მხრივ შეუდგნენ, დაუჭირეს მაღლა აპყრობილი ხელები და ძირს აღარ ჩამოუშვიათ, ვიდრე ისრაელთ სრულიად არ დაამარცხეს მომხდური.

/გამოსვლათა წიგნი 15, 22-25; 16, 1-31; 17, 1-13/