ძველი აღთქმა

დაბადება

სამოთხე

ადამისა და ევას საცხოვრებლად ღმერთმა მოამზადა ერთი უმშვენიერესი ბაღი, რომელსაც ერქვა სამოთხე. შეიყვანა შიგ ისინი და დაასახლა. მთელი სამოთხე სავსე იყო ათასნაირი მშვენიერი ყვავილითა და ხეხილით, საამური იყო მათი ცქერა, უფრო კიდევ სასიამოვნო იყო მათი მეტად გემრიელი ხილის ჭამა.

მაგრამ სხვაზე უფრო შესანიშნავი იყო აქ ორი ხე, რომლებიც იდგნენ შუა სამოთხეში. ერთს ერქვა ხე ცხოვრებისა, მეორეს – ხე ცნობისა კეთილისა და ბოროტისა. პირველი ხის ნაყოფს საკვირველი ძალა ჰქონდა: ვინც მის ნაყოფს შეჭამდა, თავის დღეში არც ავად გახდებოდა და არც მოკვდებოდა. მეორე ხეხილზე კი, აი, რა უბრძანა უფალმა ადამს: „ნება გაქვს, სჭამო სამოთხის ყველა ხის ნაყოფი, მაგრამ ამ ხილის ჭამა შენთვის ამიკრძალავს; თუ ჩემს მცნებას დაარღვევ და სჭამ აკრძალულ ხილსა, იმავ დღეს სიკვდილით მოკვდებიო“.

ნეტარი ცხოვრება ჰქონდათ ადამსა და ევას სამოთხეში. გარშემო ეხვიათ ყვავილების სუნით შეზავებული ჰაერი; საჭმელად ჰქონდათ ათასნაირი ხილი, ერთი-ერთმანეთზე უტკბილესი; დარდი იმათ არ იცოდნენ და მუდამ სიხარულში იყვნენ, გონება მათი გართული იყო ახლადშექმნილი მშვენიერი ქვეყნის შესწავლით, გული ჰქონდათ სავსე ღვთის, ერთმანეთისა და ყოველი ქმნილების სიყვარულით, ისინი იყვნენ უცოდველნი, უმანკონი და მათ წმინდა სინდისს არაფერი აწუხებდა. ღმერთს ადამი და ევა უყვარდა, როგორც თავისი შვილები, და ისინიც ისე შეჰხაროდნენ ღმერთს, როგორც თავიანთ კეთილ მამასა. უფალი მალ-მალ მიდიოდა მათთან სამოთხეში, ესაუბრებოდა და უხსნიდა ყველაფერს, რასაც ისინი თავიანთი გონებით ვერა სწვდებოდნენ. ადამსა და ევას სასიამოვნო საქმეც ჰქონდათ: ისინი ერთგულად უვლიდნენ თავიანთ მშვენიერ საცხოვრებელს – სამოთხეს.

მაგრამ, საუბედუროდ, ეს ნეტარება დიდხანს არ შერჩათ მათ და მალე სრულიად დაკარგეს.

/დაბადება 2,8-17/