ნოეს შვილები
ნოეს სამი შვილისაგან წარმოსდგა ყველა ხალხი. ნოეს უფროს შვილს ერქვა სემი, შუათანას – ქამი, და უმცროსს – იაფეთი. მათშიაც ერთი ცუდი კაცი გამოდგა.
წარღვნის შემდეგ ნოემ ისწავლა ვაზის დარგვა, გააშენა ვენახი და, როცა ყურძენი დამწიფდა, მისი წვენიდან სასმელი გააკეთა. ნოემ არ იცოდა, რომ ეს სასმელი მათრობელა იყო და ერთხელ ჭარბად დალია. ხამად ღვინომ ძალიან მოკიდება იცის, ამიტომ ნოე დათვრა და კარავში დაეძინა. ძილის დროს მას ტანისამოსი გადაეხადა.
ამ ყოფაში ნახა იგი მისმა შვილმა ქამმა. ყველა კეთილ შვილს ეწყინებოდა მამის ამგვარი მდგომარეობა, აიღებდა ტანისამოსს, მამას მოკრძალებით დაახურავდა და არ გაამჟღავნებდა ამ შემთხვევას. ქამს კი გაუხარდა, გაიქცა და ბოროტი დაცინვით უამბო ძმებს ეს ამბავი.
მაგრამ სემმა და იაფეთმა ამ დაცინვაში მონაწილეობა არ მიიღეს, მაშინვე წყნარად შევიდნენ კარავში და ისე დაახურეს მამას ტანისამოსი, რომ მისი სიტიტვლე არ დაუნახავთ.
როცა ნოემ გაიღვიძა და შეიტყო ნოეს უმსგავსობა და დანარჩენი ორი შვილის მშვენიერი მოქცევა, შეაჩვენა პირველი და უთხრა, რომ მისი შთამომავლობა იქნებოდა უკანასკნელი; ხოლო სემი და იაფეთი კი აკურთხა და იწინასწარმეტყველა, რომ იაფეთის შთამომავალი იქნებოდა უმრავლესი, ხოლო სემის შთამომავლობიდან მაცხოვარი დაიბადებოდა.
/დაბადება 9, 17-27/