ნოე
მთელ მაშინდელ კაცობრიობაში მხოლოდ ერთი კაციღა ერია კეთილმსახური და ღვთისმოყვარე. ეს იყო ნოე, სეითის შთამომავალთაგანი, შვილიშვილის შვილი ენუქისა.
როცა ღმერთმა ნახა, რომ მთელი კაცობრიობა გაირყვნა, გადაწყვიტა მისი დაღუპვა წარღვნით, ნოეს გარდა. მაგრამ თავისი ქმნილების ასე სასტიკი დასჯა ეძნელებოდა და ამიტომ უნდოდა, ნოეს შუამავლობით მოექცია ისინი კეთილ გზაზე. გამოუცხდა, რომ ასოცი წელიწადი კიდევ ვუცდი თქვენს მოქცევას და, თუ ამ ვადის გასვლამდის არ შეინანეთ თქვენი ცოდვანი და არ დაადექით კეთილ გზას, უთუოდ წარღვნით გავწყვეტ თქვენს სახსენებელს დედამიწის ზურგზედაო.
მაგრამ ღვთის მუქარას ყურიც არ ათხოვეს, უფრო უარესს ჩადიოდნენ და, იქნება, ნოეს კიდეც დასცინოდნენ.
მაშინ ნოეს უბრძანა უფალმა: „გააკეთე შენთვის დიდი კიდობანი ფისიანი ხისა, სიგრძით სამასი წყრთა, სიგანით – ორმოცდაათი წყრთა და სიმაღლით ოცდაათი წყრთა. შედი შიგ მთელი შენი სახლობით, შეიყვანე თითო წყვილი უწმინდური ცხოველებისა და შვიდ-შვიდი წყვილი – წმინდა, საჭმელად სახმარი ცხოველებისა, რამეთუ მე მოვავლენ წარღვნასა და მოვწმენდ პირსა ქვეყანისა ადამიანთა გარყვნილი ტომისაგან“.
ნოემ აასრულა ღვთის ნება, გააკეთა კიდობანი, შევიდა თვითონ შიგ, შეიყვანა ცოლი, სამი შვილი მათი ცოლებით და შეასხა ცხოველები. ამ დროს ნოე იყო ექვსასი წლისა.
/დაბადება 6, 3, 7-8; 23-27; 7, 1-9/