იმ დროს, როდესაც ფარაონის ბრძანებით ებრაელთ უხოცავდნენ ახალდაბადებულ ვაჟიშვილთ, ერთ ისრაელის დედაკაცს ეყოლა ვაჟი, რომელსაც სამი თვის განმავლობაში მალავდა. ბოლოს ცხადად დაინახა, რომ მეტი დამალვა ყმაწვილისა აღარ შეიძლებოდა - დღეს თუ ხვალ ეგვიპტელები შეიტყობდნენ, წაათრევდნენ და წყალში გადააგდებდნენ დასახრჩობად. ამიტომ დაწნა ოთხკუთხიანი ჩალის კალთა, კარგად გაფისა გარშემო, რომ წყალი არ შესულიყო, ჩასვა შიგ ბავშვი ძილის დროს; ღამით ჩაიტანა მდინარის პირას და წყალში, ნაპირთან ახლოს, ჩადგა. ამასთან, თავის ქალს, მარიამს, უთხრა, რომ იქვე ახლოს დამალულიყო და ჩუმად თვალი ედევნებინა, რა მოუვიდოდა ყმაწვილს.
დილით მდინარეზე საბანაოდ თვით ფარაონის ქალიშვილი ჩამოვიდა მოახლეებით. ლერწმებში მან თვალი მოჰკრა კალათას და ერთ სეფექალს უბრძანა გამოეტანა. როცა მოახლემ კალათა მოუტანა და ახადა, შიგ ხელმწიფის ქალმა ნახა მშვენიერი ყმაწვილი, რომელსაც ის იყო გამოღვიძებოდა და ტიროდა.
„ოჰ, ეს უთუოდ ისრაელთა ბავშვია“, - თქვა ფარაონის ქალმა შებრალებით.
მაშინ ამ ბავშვის დამ, რომელიც მოფარებით იქვე ახლოს იდგა და უთვალთვალებდა, მოირბინა, ვითომც უცხო ვინმემ და ხელმწიფის ქალს მოახსენა: „ხომ არ გნებავთ, რომ მოგგვაროთ ძიძა მაგ ბავშვისათვის ისრაელთა ქალებიდან?“
„კარგი, მოიყვანე“, - უთხრა ფარაონის ასულმა.
მარიამი გაიქცა და საჩქაროდ მოიყვანა დედა, რომელსაც ხელმწიფის ქალმა გასაზრდელად ჩააბარა ნაპოვნი ყმაწვილი. ასე ღვიძლი დედა ამ ბავშვისა გახდა მისივე ძიძა.
როცა ბავშვი მოიზარდა, ფარაონის ქალმა იშვილა იგი, დაარქვა მას მოსე, რაც ნიშნავს წყლიდან ამოღებულს და წაიყვანა მეფის სახლში გასაზრდელად. აქ მოსეს ინახავდნენ და ზრდიდნენ, როგორც ნამდვილ მეფის შვილს და ასწავლეს მთელი სიბრძნე ეგვიპტელებისა, რომელნიც მაშინდელ დროში განათლებით ყველაზე წინ იდგნენ.
/გამოსვლათა წიგნი 2, 1-10/