ძველი აღთქმა

გამოსვლათა წიგნი

მოსეს მოწოდება

ერთელ მოსე საქონელს აძოვებდა ქორიბის მთის ახლოს. იგი ღრმად იყო ჩაფიქრებული თავისი ერის უბედურ მდგომარეობაზე. ამ დროს უცებ მთაზე დაინახა გასაოცარი მოვლენა: ერთ ჩირგვს ძლიერი ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა კი. გაკვირვებულმა მოსემ თქვა: „წავალ და ვნახავ, რატომ არ იწვის ჩირგვი“. მიუახლოვდა თუ არა მაყვლის ბუჩქს, მოესმა ძახილი: „მოსე, მოსე!“

„რაო, უფალო?“ - მიუგო მან.

„ნუ მოახლოვდები აქ, გაიხადე ფეხსაცმელი შენი, ეს ადგილი წმინდაა, - და მერე დაუმატა, - მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა“.

მაშინ მოსე აივსო მოკრძალებითა და შიშით, მოიდრიკა თავი, დაიფარა პირისახე და კრძალვით დაუწყო სმენა.

უფალმა უთხრა: „მე ვხედავ ტანჯვას ჩემი ხალხისას ეგვიპტეში. მსურს, გამოვიხსნა იგი ეგვიპტელების ხელიდან და გავიყვანო აღთქმულ ქვეყანაში. შენ ეხლავე უნდა წახვიდე იქ და გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ერი“.

მოსე უარზე იდგა, იგი ფიქრობდა, ამისთანა მძიმე და დიდი საქმის აღსრულება მე როგორ შემიძლიაო, და უფალს უპასუხა: „განა მე ვინა ვარ, რომ წავიდე ფარაონთან და გამოვიყვანო ეგვიპტიდან შენი ხალხი?“

უფალმა აღუთქვა თავისი შემწეობა და, უფრო რომ დაერწმუნებინა მოსე ამაში, უთხრა: „აი, ამ მთაზე გადაიხდის სამადლობელ წირვას ისრაელის ხალხი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ“.

მოსემ ჰკითხა: „რომ მკითხავენ, რომელმა ღმერთმა გამოგგზავნაო, რა ვუპასუხო?“ (ეს კითხვა მოსალოდნელი იყო ეგვიპტელებისაგან, რომელნიც მრავალ ღმერთს სცემდნენ თაყვანს)

„მე ვარ არსი. ასეც უთხარი: მე გამომგზავნა არსმა (ე.ი. იმან, ვინც ყოველთვის იყო, არის და მუდამ იქნება), ეს არის ჩემი სახელი“.

„რომ არ დამიჯერონ და მითხრან, იქნება შენ ღმერთის გამოგზავნილი სრულიადაც არ იყოო, რა ვუთხრა მაშინ?“ - ჰკითხა უფალს მოსემ.

უფალმა აღუთქვა მოსეს, რომ იგი მიანიჭებდა მას თავის ძალას და ამ ძალით იგი ისეთ საქმეებს მოახდენდა, რომელთა მოხდენა არცერთ ადამიანს არ შეუძლია. „მაშინ, - უთხრა უფალმა, - ყველა დარწმუნდება, რომ შენ ჩემგან ხარ გაგზავნილი და ჩემი ძალით ახდენ სასწაულებს“.

მოსე მაინც კიდევ უარზე იდგა. „უფალო, - უთხრა მან, - მჭევრმეტყველი ჩემს დღეში არა ვყოფილვარ და, ამასთან, ენასაც ვუკიდებ“.

უფალმა მიუგო: „ვინ მიანიჭა ადამიანს ბაგენი, ვინ ხდის ადამიანს მუნჯად, ყრუდ, მხედველად და უსინათლოდ, მე არა განა?! მაშ, წადი, მე აგიხსნი ბაგეთა შენთა და ჩაგაგონებ, რაც უნდა თქვა. შენს ძმას, აარონსაც, წინ დაგახვედრებ და იგი ეტყვის ხალხს, რასაც შენ გადასცემ მას“.

ამის შემდეგ მოსე დაემორჩილა ღვთის ბრძანებას, გამოესალმა თავის სახლობას და ეგვიპტისაკენ გასწია.

გზაზე მას შეხვდა უფროსი ძმა აარონი და ისინი ერთად მივიდნენ ისრაელის ხალხში. აქ მათ შეყარეს უფროსნი კაცნი და გამოუცხადეს მათ ღვთის ნება და განკარგულება. ისრაელთ დაიჯერეს მოსეს ნათქვამი და სიხარულით მადლობდნენ მოწყალე უფალს. შემდეგ მოსე და აარონი წავიდნენ ფარაონთან.

/გამოსვლათა წიგნი 3, 1-15; 4, 1-31/