ძველი აღთქმა

გამოსვლათა წიგნი

მოსეს მისვლა იოთორთან

იმ უცხო ქვეყანაში, სადაც მოსე გაიქცა, აბრაამის შთამომავალნიც ცხოვრობდნენ. აქაც მისი პირველი მოქმედება გახდა სუსტთა დახსნა.

მოსემ ნახა ერთი ჭა და მასთან დაისვენა. მალე იქ მირეკა ნახირი შვიდმა ახალგაზრდა ქალმა, რომლებიც მამის საქონელს მინდორში აძოვებდნენ. მათ უნდოდათ წყალი დაელევინებინათ საქონლისათვის, მაგრამ ამ დროს სხვა მწყემსებმა მორეკეს საქონელი, ქალებს იქით გადაურეკეს პირუტყვი და არ ანებებდნენ წყალს. საწყალმა ქალებმა არ იცოდნენ, რა ექნათ.

ამ დროს მოსე მივიდა, ამხილა მწყემსები, შეარცხვინა ისინი, გამოესარჩლა ქალებს და უშველა მათ საქონლის დარწყულებაში. ქალები მეტად მადლობელნი დარჩნენ და, როცა საღამოს ნახირი შინ მირეკეს, თავიანთ მამას, სახელად იოთორს, უთხრეს, თუ რა შემწეობა გაუწია მათ ერთმა ზრდილმა ეგვიპტელმა.

„სად არის ის კაცი, რატომ არ მოიწვიეთ ჩვენსას?“ - ჰკითხა მამამ და გაგზავნა შვილები, რომ მოსე სახლში მოეწვიათ.

მოსე მივიდა. მას მოეწონა იოთორი, როგორც კეთილმსახური კაცი, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი. მოეწონა ასევე მთელი მისი კეთილი სახლობა და ამიტომ დარჩა მათთან. შემდგომ მოსე ნათესავი შეიქნა ამ სახლობისა: შეირთო იოთორის ქალი, გახდა მისი სიძე და სიმამრის საქონლის მწყამსვა დაიწყო.

ბედი ძალიან ცუდად მოექცა მოსეს. მეფის სახლში გაზრდილი, ნაშვილები მეფის ქალისა, სწავლული კაცი, რომელიც ღირსი იყო პირველი ადგილისა სახელმწიფოში, შეიქნა მოჯამაგირე და გახდა უბრალო მწყემსი. ამ ყოფაში ჩააგდო მოსე თავისი ხალხის სიყვარულმა, მისმა ერთგულებამ. სხვა გაიტეხდა გულს, შექცევდა ზურგს თავის ხალხს, დაივიწყებდა მას და სხვა გზას დაადგებოდა. მაგრამ მოსე ასეთი სულმოკლე არსება არ იყო. მის გულში ისეთი ძლიერი ცეცხლი ენთო ერის სიყვარულისა, რომ მას უხაროდა კიდეც, რომ ისრაელთა გულისათვის ეწვალებოდა და იტანჯებოდა. ეხლაც მისი ფიქრი და დარდი იყო თავისი ერის გამოხსნა ეგვიპტელების ხელიდან. ხორცით იგი დასდევდა საქონელს, სულით კი ისრაელთან იყო. ის ნატრობდა იმ დროს, როცა ღმერთი აღადგენდა ისრაელთა შორის მძლავრ კაცს და იგი გამოიხსნიდა ერს ეგვიპტელთა მონობისაგან. მოსეს თავისი თავი არ მიაჩნდა ღირსად ასეთი პატივისათვის. როგორც ყველა გონიერი ადამიანი, იგი იყო თავმდაბალი. მას მხოლოდ სურდა, ყოფილიყო თანაშემწე გამომხსნელისა, მიეღო მონაწილეობა წმინდა საქმეში და დაედო თავი საკუთარი ხალხსი ბედნიერებისათვის.

/გამოსვლათა წიგნი 2, 15-21/