ბედნიერ მდგომარეობაში ჩავარდა ყმაწვილი მოსე ფარაონის სასახლეში. რასაც კი გული ინატრებდა, იმის ხელთ იყო, რადგანაც ისე ჰყავდა ყველას მიჩნეული, როგორც ნამდვილი შვილი მეფისა. ამისთანა მდგომარეობაში სხვა მიეცემოდა განცხრომით ცხოვრებას, გახდებოდა გულგრილი და ზურგს შეაქცევდა თავის ხალხს. მაგრამ მოსე სულაც არ მოქცეულა ასე. მას დედის ძუძუსთანავე ჰქონდა ჩანერგილი გულში სიყვარული თავისი ხალხისა, მისი ტანჯვა თავის ტანჯვად მიაჩნდა, მისი გული კვდებოდა, როცა ისრაელთა ჩაგვრას ხედავდა, ან ესმოდა მათი წვალება. თავისი ხალხის გამოხსნა და გათავისუფლება იყო უმთავრესი საგანი მოსეს ფიქრისა. მან კარგად იცოდა, რომ უსწავლელი კაცი ბევრს ვერაფერს არგებდა ხალხს, თუნდაც ძალიან გულითაც ნდომოდა მისი ბედნიერება. ამიტომ მოსე ძალიან ბეჯითი იყო სწავლაში. რაც კი მაშინდელმა ეგვიპტელებმა იცოდნენ მეცნიერებიდან, ყველაფერი ზედმიწევნით ისწავლა და მტკიცედ შეითვისა. იგი საფუძვლიანად ემზადებოდა მომავალი მოქმედებისათვის.
როდესაც მოსე დავაჟკაცდა, არჩევანის წინაშე დადგა. მის წინ ორი გზა იდო: თუ იგი ეგვიპტელებს მიემხრობოდა და უღალატებდა თანამემამულეებს, მას მოელოდა პატივი, დიდი თანამდებობა, სიმდიდრე, განცხრომით ცხოვრება, ერთი სიტყვით, ბედნიერება. ხოლო თუ იგი იქნებოდა თანამორწმუნე ხალხის ერთგული, მფარველი და მოსარჩლე, მაშინ მას არ ასცდებოდა წვალება, ტანჯვა, სიღარიბე და შესაძლოა სიკვდილიც კი ეგვიპტელთა ხელიდან.
მოსემ ეს კარგად იცოდა, მაგრამ მას თავის ხალხთან ტანჯვა ათასჯერ ერჩია, ვიდრე ეგვიპტელებთან სიამოვნება. თავისი ხალხის გულისათვის სიკვდილს იგი ათასჯერ ამჯობინებდა ბედნიერ სიცოცხლეს ეგვიპტელების სამსახურში. მოსე თავისი ხალხის ერთგული მოსარჩლე შეიქნა, მათ ხომ მეტად ჩაგრავდნენ ეგვიპტელები. იგი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ შვება მიეცა ისრაელთათვის. დროდადრო ტოვებდა სასახლეს, დადიოდა ისრაელთა ქოხებში, ნუგეშს სცემდა დაჩაგრულებს, ზოგს ფულით ეხმარებოდა, ზოგს - რჩევით, ყველას ამხნევებდა, უქადაგებდა, რომ ერთი პირი ჰქონოდათ, ერთმანეთისათვის ეშველათ, ჰყვარებოდათ ჭეშმარიტი ღმერთი, სძულებოდათ კერპები და ამ გზით მოემზადებინათ თავი გამოხსნისათვის. ამ დროს ბევრჯერ თავისი თვალით ხედავდა, როგორ უსჯულოთ ექცეოდნენ ეგვიპტელები ისრაელთ, როგორ უწყალოდ სცემდნენ მათ უმიზეზოდ და მიწასთან ასწორებდნენ. გული ვერ მოუთმენდა ხოლმე, მივარდებოდა ეგვიპტელებს და სამაგიეროს უხდიდა.
ბოლოდ ფარაონმა შეიტყო, რომ მოსეს ძალიან უყვარდა ისრაელნი, (რომელთა ამოწყეტასაც ფარაონი ცდილობდა) ესარჩლებოდა მათ, ხელს უმართავდა, სძულდა ეგვიპტელები, როგორც მჩაგვრელნი და ყოველთვის ისრაელთა მხარე ეჭირა ეგვიპტელების წინააღმდეგ. შეიტყო ეს და მოინდომა მოსეს დასჯა სიკვდილით.
მოსემ ეს რომ გაიგო, ადგა და გაიქცა ეგვიპტიდან უცხო ქვეყანაში. ამ დროს იგი იყო ორმოცი წლისა.
/გამოსვლათა წიგნი 2, 11-15/