ძველი აღთქმა

გამოსვლათა წიგნი

მოსე ფარაონის წინაშე

მოსე და მისი ძმა აარონი წარდგნენ ფარაონის წინაშე და მოახსენეს: „ასე ბრძანებს უფალი ღმერთი ჩვენი: გაუშვი ერი ჩემი, რათა მან უდაბნოში გადაიხადოს წირვა და შემომწიროს მსხვერპლი“.

ფარაონმა ამაყად მიუგო: „ვინ არის ეგ თქვენი ღმერთი? მე იმას არ ვიცნობ, არც არას გავუგონებ და არც ისრაელის ერს გავუშვებ აქედან“.

მარტო ამას არ დასჯერდა ფარაონი. „ეტყობა ისრაელის ერს საქმე ცოტა აქვს, მაგისთანა რამეებზე რომ ფიქრობს, - თქვა ფარაონმა, - მოუმატეთ მას სამუშაო! ამის შემდეგ აღარ მისცეთ ბზე აგურის საკეთებლად, თვითონ აგროვონ ბზეცა და ალიზიც და იმდენი აკეთონ, რამდენსაც აქამდე აკეთებდნენ“.

ხელმწიფის ბრძანების თანახმად, ზედამხედველები ხალხს აღარ აძლევდნენ ბზეს, ალიზს კი იმდენსვე ითხოვდნენ, რამდენსაც წინათ. რადგანაც ისრაელნი ვერ ასწრებდნენ ალიზის დაწესებული რიცხვის გაკეთებას, ზედამხედველები მათ უდიერად სცემდნენ.

აუტანელ ტანჯვაში ჩაცვივდნენ ისრაელნი და დაუწყეს ყვედრება მოსესა და აარონს: „ღმერთმა მოგკითხოთ თქვენ, რომ გახდით მიზეზი ჩვენი წვალებისაო“.

მაშინ მოსე მიიქცა უფლისადმი ლოცვით: „უფალო, ტყუილად რად გამომგზავნე ფარაონთან? მე მას გადავეცი, რაც შენ ბრძანე და მან უფრო უარესი გვიყო“.

უფალმა მოსეს უბრძანა, რომ აარონთან ერთად კვლავ წასულიყო ფარაონის წინაშე და მეორედ მოეთხოვა ისრაელი ერის გაშვება. „თუ ფარაონმა გითხრას, აბა, დამიმტკიცე რაიმეთი, რომ შენ სწორედ ფარაონმა გამოგგზავნაო, უბრძანე აარონს, ფარაონის წინაშე დააგდოს თავისი კვერთხი და იგი გველად გადაიქცევა“.

მოსე სწორედ ისე მოიქცა, როგორც უფალმა უბრძანა, მაგრამ ფარაონმა მაინც არაფერი გაუგონა იმიტომ, რომ სწავლულმა ეგვიპტელებმა თვალთმაქცობით რაღაც ამისივე მსგავსი სასწაული მოახერხეს. ამის გამო ფარაონმა არ დაიჯერა, თუ მოსე და აარონი ღვთისაგან იყვნენ გაგზავნილნი და მისი ძალით მოახდინეს სასწაული.

ამის შემდეგ განრისხებულმა უფალმა ეგვიპტეს მრავალი სასჯელი გამოუგზავნა ერთმანეთის მიყოლებით. ეს სასჯელნი იყვნენ შემდეგნი: წყალი მდინარეებში, ტბებში, წყაროებში, ჭებში, ყველგან სისხლად იქცა და ეგვიპტელები უწყლოდ იხოცებოდნენ; მერე გაჩნდა უთვალავი საძაგელი მიწის ბაყაყო, რომელთაც აავსეს მთელი ქვეყანა, სახლები, სადგომები და ეგვიპტელებს მოსვენება დაუკარგეს; დაეცა მთელს ეგვიპტეს უთვალავი კოღო, რომლებიც აღარავის აძლევდნენ მოსვენებას. გაჩნდა აუარებელი შხამიანი ბუზი და მოეფინა მთელს ქვეყანას; ამის შემდეგ საქონელი გახდა ავად ჭირით და მთლიანად გაწყდა; ადამიანებს გამოუვიდათ რაღაც მუწუკები და იხოცებოდნენ; მოვიდა საშინელი სეტყვა და გაანადგურა მთელი ეგვიპტე; სეტყვას მოჰყვა კალია, რომელმაც მოსპო ყველაფერი, რაც კი გადარჩენილი იყო; სამი დღე იდგა საშინელი სიბნელე ეგვიპტეში და იყო ღამე.

ყველა სასჯელი დაიწყებოდა ხოლმე მოსეს სიტყვით და მისივე სიტყვით მთავრდებოდა. გარდა ამისა, არცერთი სასჯელი არ შეხებია ეგვიპტის იმ კუთხეს, სადაც ისრაელნი ცხოვრობდნენ. ამიტომ ფარაონი და სხვა ეგვიპტელები ცხადად გრძნობდნენ, რომ ამ სასჯელით მათ უფალი იმ ტანჯვისათვის სჯიდა, რომელიც მათ მიაყენეს მის ერს. როცა სასჯელი ძალიან შეაწუხებდა ხოლმე ეგვიპტელებს, ფარაონი იბარებდა მოსეს და ეუბნებოდა, მოგვაშორე თავიდან ეს უბედურება და გავუშვებ ისრაელთო. მაგრამ რაწამს უბედურება მოშორდებოდათ, ფარაონი აღთქმას აღარ ასრულებდა, ჯიუტობდა, არ უშვებდა ისრაელთ და სხვადასხვა მიზეზით იმართლებდა თავს. ბოლოს მრისხანედ უთხრა მოსეს: „თვალით აღარ დამენახო, თუ კიდევ მოხვალ ჩემთან, იცოდე, სიკვდილს ვერ გადაურჩები!“

მოსემ მიუგო: „როგორც ბრძანე, ისე იქნება - შენ მე ვეღარ მნახავ, თვითონ ეგვიპტელები მოვლენ ჩემთან და შემომევედრებიან, რომ გავიდე ეგვიპტიდან და გავიყვანო მთელი ისრაელი ხალხი. ვინაიდან თქვენი ჯიუტობით განრისხებული ღმერთი ისეთ საშინელ სასჯელს მოგაყენებთ, რომ მთელს ეგვიპტეში კვნესა და ტირილი ატყდება“.

/გამოსვლათა წიგნი 5, 1-23; 6, 11-13; 7, 9-21; 8, 2-24; 9, 1-18; 10, 4-29; 11, 8/