ძველი აღთქმა

გამოსვლათა წიგნი

ისრაელი ერის გასვლა მეწამულ ზღვაში

ისრაელის ერი როდესაც ეგვიპტიდან გავიდა, ფარაონმა მეორე დღესვე ინანა, რად გავუშვი ამდენი მუშაკი ჩემი საბრძანებლიდან, ვინღა დაადგება ახლა იმ საქმეებს, რომელთაც ისრაელნი მიკეთებდნენო? არა, მათი გაშვება არ შეიძლება, უთუოდ უკანვე უნდა დავაბრუნოო, - გადაწყვიტა ფარაონმა. საჩქაროდ შეკრიბა ჯარი, შეაბმევინა ეტლები, დაედევნა ისრაელთ და საღამო ჟამს წამოეწია.

ამ დროს ისრაელის ერი ისვენებდა წითელი ზღვის პირას. ფარაონის უთვალავი ჯარი რომ დაინახეს, ისრაელთ თავზარი დაეცათ, საით უნდა გაქცეულიყვნენ? წინ ედოთ განუზომელი ზღვა, უკანიდან კი ორივე მხრივ მიადგა მათ ფარაონის ლაშქარი. ისრაელნი მიადგნენ მოსეს და დაუწყეს ყვედრება: „ეს რა გვიყავი, რად გამოგვიყვანე გასაჟლეტად ამ უდაბნოში, განა ეგვიპტეში კი ვერ ვიშოვიდით დასამარხავ ადგილებს?“

მოსე გულს უმაგრებდა მათ: „ნუ გეშინიათ, უცქირეთ, როგორ გადაგარჩენთ უფალი. ამ ეგვიპტელებს თქვენ თვალით ვეღარ ნახავთ, თვით უფალი იომებს თქვენს მაგიერ“. შემდეგ მოსე მიიქცა უფლისადმი მხურვალე ლოცვით. უფლის შემწეობამაც არ დაიგვიანა. „რას მეხვეწები, - უთხრა უფალმა მოსეს, - უთხარი ისრაელთ, გასწიონ წინ. ხოლო შენ აიღე კვერთხი შენი, დაჰკარ ზღვას და გაყავი იგი!“

ღამითვე რომ არ დასცემოდნენ ეგვიპტელები ისრაელთ, ღმერთი თავისი ღრუბლის სვეტით მათ შუა ჩადგა, ისრაელთ უნათებდა და ეგვიპტელთ კი სიბნელეს ღამისას უხშირებდა.

მოსემ ღვთის ბრძანებით დაჰკრა ზღვას კვერთხი და მოახდინა გასაოცარი სასწაული - ზღვა ორად გაიყო, შუაში გამოჩნდა გამშრალი ფსკერი, რომელსაც აქეთ-იქიდან წყალი მაღალი, თვალუწვდენელი კედლებივით ედგა. ისრაელნი შევიდნენ ამ გასაოცარი ზღვის ორღობეში და იქითა ნაპირისაკენ გასწიეს.

ეგვიპტელებს თვალები აებათ, იფიქრეს, ისრაელნი ხმელეთის უბრალო გზაზე მიდიანო და იმავე გზით დაედევნენ უკან. რადგან ამ ადგილას ზღვა ვიწრო იყო, ისრაელთ ერთ ღამეში მოასწრეს გასვლა და მეორე დილას, ადრიან, იქითა ნაპირს მოექცნენ. ეგვიპტელები კი დილისათვის მარტო შუა ზღვაში იყვნენ მისულნი, რადგანაც გზაზე ეტლების თვლები მალ-მალ ემტვრეოდათ, ცხენები უგიჟდებოდათ და სხვა უცნაური დაბრკოლებანი უჩნდებოდათ. მხოლოდ დილის სინათლეზე დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ზღვაში მოქცეულიყვნენ, საშინელი შიშის ზარი დაეცათ, აირივნენ და იწყეს ყვირილი: „უკან, უკან დავბრუნდეთ, ვანებოთ თავი ამ შეჩვენებულ ისრაელთ, თორემ ღმერთი სრულიად ამოგვწყვეტს!“

მაგრამ გვიანღა იყო. ამ დროს მოსემ, იქითა ნაპირს მდგომმა, ღვთის ბრძანებით, ხელმეორედ დაჰკრა კვერთხი ზღვას, წყლის კედლები ერთმანეთთისაკენ გაექანენ, შეერთდნენ და ეგვიპტელები ზღვის ძირზე მოჰყვნენ. ფარაონი მთელი თავისი ჯარით ისე დაინთქა ზღვაში, რომ ერთი კაციც არ გადარჩენილა ცოცხალი ეგვიპტეში ამბის მისატანად.

ასე სასტიკად დასაჯა უფალმა ეგვიპტელები ისრაელი ერის ჩაგვრისათვის. უფალს მომაკვდინებელ ცოდვად მიაჩნია ჩაგვრა, მეტადრე მთელი ხალხისა, და თავის რისხვას, ადრე თუ გვიან, მჩაგვრელთ არ ააცილებს.

ეხლა კი ისრაელთ ცხადად დაინახეს ყოვლადძლიერება ღმრთისა, მათი გული აღივსო მადლიერებით, დამწკრივდნენ ერთად და ადიდეს იგი შემდეგი საგალობლით: „უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს, ცხენები და მხედრები შთასთხია ზღვასა. შემწე და მფარველ მეყო მე მხსნელად, ესე არს ღმერთი ჩემი, ვადიდო ესე, ღმერთი მამისა ჩემისაი, და აღვამაღლო ესე“.

მოსეს და, მარიამი, და სხვა ქალები მეორე ნაპირას იდგნენ და იმეორებდნენ ამავე საგალობელს. კარგ სანახაობას წარმოადგენდა ეს მთელი ერის გალობა ტრიალ მინდორზე, ზღვის პირას, ლაჟვარდი ცის ქვეშ. უთვალავ ადამიანს, კაცად და ქალად დაყოფილს, გაჰქონდა ქების გუგუნი, აღიარებდა თავის დიდ სიხარულს და ადიდებდა უფალს მაღალი ხმით და მათ ბანს აძლევდნენ ტალღები ზღვისანი და ფრინველნი ცისანი.

/გამოსვლათა წიგნი 14, 6-32; 15, 1-22/